(ფოტოზე - სულთმოფენობა, ვარძიის მონასტრის ფრესკა)
პირველი ნეტარება: ,,ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.”
ვის უწოდებს მაცხოვარი ნეტარს? გავიხსენოთ, ვინ არიან გლახაკები. ასეთად ისეთ კაცს მივიჩნევთ, რომელსაც საკუთარი არაფერი გააჩნია, არც სახლი, არც ტანსაცმელი, არც საკვები, დადის და ყველგან მოწყალებას ითხოვს. სულით გლახაკი კი ისაა, ვინც მთელი არსებით განიცდის, რომ საკუთრივ მისი არაა არც ღირსება, არც სათნოება, არც მისგან ღვთის წინაშე გაწეული სამსახური... კარგად ესმის, რომ ეს ყველაფერი ღვთისგან გამოთხოვილია მისთვის და ამით საზრდოობს სულიერად. სულით გლახაკი ისაა, ვისაც თავი არაფრად მიაჩნია. იგი რაოდენ ბევრ სიკეთესაც არ უნდა აკეთებდეს, საკუთარ გულში მაინც სიმდაბლეს ინარჩუნებს. ხორციელად გლახაკი კაცი მუდამ მწუხარეა თავისი სიღარიბის გამო, ასევეა სულიერად გლახაკიც, ოღონდ მისი დაღონება საკუთარ უღირსებასა და ცოდვას უკავშირდება. პირველი მათგანი იმედს მხოლოდ კეთილ ადამიანთა მოწყალებაზე ამყარებს, მეორე კი ოდენ ღმრთის სასოებასაა მინდობილი. სწორედ ასეთ ადამიანს აღუთქვამს უფალი ცათა სასუფეველში დამკვიდრებას.
რისთვის აჯილდოვებს ასე მათ უფალი? მდაბალი ადამიანი კარგად ხედავს თავის უღირსებას და ამის გამო მწუხარეა, იგი ყოველთვის ერიდება ცოდვას და მისგან დაცვას ევედრება უფალს. ჩვენ ყველა ღარიბები ვართ, სულიერ მადლს და სათნოებებს მოკლებულნი, ცოდვებით აღსავსე. თუ ღმერთი არ შეგვეწია თავისი უსაზღვრო მადლით, ჩვენ ვერ გავმართლდებით მის წინაშე. მადლი ღვთისა მხოლოდ თავმდაბალ, ანუ სულით გლახაკს მიეცემა. აქედან ჩანს, თუ რამხელა ცოდავაა ამპარტავნება. როცა კაცს საკუთარი თავი დიდ ადამიანად მიაჩნია, ფიქრობს, ვითომც იგი მართალი და წმინდა იყოს ღვთის წინაშე. ეს მომაკვდინებელია სულისა. ამ თვისების მატარებელ ადამიანს ღვთის მადლი ვერ შეეხება. ღვთის მადლის გარეშე კი სულიერად მკვდარია.
ამ მდგომარეობისგან განსხვავებით, სულით გლახაკი საკუთარ თავს ყველა ცოდვილზე უარესად თვლის, იგი თავის თავში ვერაფერს ხედავს ცოდვისა და საკუთარი უმწეობის გარდა, გრძნობს დაუცველობას, ამიტომაც მარად მიისწრაფის უფლისკენ და მადლიერი მუდმივად შეწევნას ითხოვს ღვთისგან, ისე, როგორც ღატაკი მდიდრისაგან. სულით ღატაკი შეიძლება იყოს როგორც ღარიბი, ისე მდიდარიც. მდიდარი იყო აბრაამი, მაგრამ თავის თავზე ამბობდა: ,,მე მტვერი ვარ და ნაცარი”. მეფე იყო დავით მეფსალმუნე, მაგრამ ამბობდა: ,,მე მატლ ვარ და არა კაც”. მდაბალი გულითა, ანუ ის, ვინც მოიპოვა სიმდაბლის სათნოება, ჭეშმარიტად ნეტარია. წმინდა მამათა სწავლებით, მარტო სიმდაბლეს შეუძლია გადაარჩინოს კაცი, მის გარეშე ხსნა არ არის, რადგან არცერთი კეთილი საქმე სიმდაბლის გარეშე ღვთისათვის არ არის სათნო. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, როცა სიმდაბლე არ უდევს საფუძვლად ადამიანს, გამორჩეულიც რომ იყოს მარხვით, ლოცვით, მოწყალებით, სიბრძნით, სიმდაბლის გარეშე ეს ყოველივე დაირღვევა და დაიღუპება”.
იოანე კიბისაღმწერელი მიანიშნებს სამ უმთავრეს ნიშანზე ჭეშმარიტი სიმდაბლისა: ,,პირველია, როცა სული სიხარულით ღებულობს ყოველგვარ დამცირებას, როგორც სამკურნალო საშუალებას, რამაც ცოდვისგან უნდა განკურნოს; მეორე – როცა არვიზე და არაფერზე მრისხანებ და მესამე - როცა საერთოდ არ გჯერა შენი სიკეთეებისა და მუდამ ცდილობ შეიძინო ისინი”.
უდიდესი სიმდაბლე ჰქონდა ღვთისმშობელს, როცა თქვა: ,,მოჰხედა უფალმა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა”. თუ ღვთისგან გამორჩეული მარადის ქალწული ასე მდაბლად სჯიდა საკუთარ თავს, მაშინ ჩვენ ვინ ვართ, რომ საკუთარ თავზე გვქონდეს დიდი წარმოდგენა? ვინც შეიცნო თავისი სულიერი სიღატაკე, ის მოუკლებლად ხედავს თავის ცოდვებს, ხედავს და ტირის მათზე. ჩვენც ვიაროთ სიმდაბლით ღვთისკენ, რათა მოვიგოთ ნეტარყოფითი სასუფეველი, ამინ!
წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელის(ქიქოძე) ქადაგებათა მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა.
ნანახია: (396)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას