როგორ ავირიდოთ თავიდან კორონავირუსი?
(კითხვები და პასუხები)
კორონავირუსის გავრცელების თანადროულად თანდათან უფრო გულახდილი ხდება რუსული პრესა და, მართალია, ქარაგმულად, მაგრამ მაინც ამხელს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
იგავსიტყვიერება კი იმაში მდგომარეობს, რომ მაგალითად, შეკითხვაზე - რატომ იღუპება იტალიაში მეტი ადამიანი, ვიდრე გერმანიაში, აქვთ პასუხი: - იმიტომ, რომ იქ, სადაც მოეპოვებათ მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემები და გამართულად მუშაობს მედიცინა - ლეტალობა ნაკლებია. ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის მოსახლეობას იმაზე მიანიშნებს, რომ თუ იტალია სცოდავს მედიცინის ხარისხით, რუსეთის საქმე სულ დაღუპული ყოფილა მაშინ!
რაც შეეხება სოციუმს, ამ თვალსაზრისითაც კეთდება ქარაგმული მინიშნება - სადაც არის მაღალი საჯაროობა, იქ გამხელილი დაავადებების რიცხვი მეტია და აქედან განსხვავება: სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის მაჩვენებლებს შორის. ვისაც ყური აქვს სმენად, უნდა მიხვდეს, რომ ჩრდილოეთ კორეაში რუსეთიც იგულისხმება!
ხოლო, რაკი ასეთი შემაშფოთებელია პროფესიული დახმარების მოლოდინი, ვიდრე რუსეთი გაერკვევა პოლიტიკაზე მედიცინის დამოკიდებულებაში, საეკლესიო საიტი https://www.pravmir.ru/ იწვევს სპეციალისტებს, რომლებიც იძლევიან პასუხებს უმნიშვნელოვანეს კითხვებზე, კორონავირუსის წინააღმდეგ საკუთარი თავისთვის პრევენციული დახმარების თაობაზე. ვფიქრობთ, ეს მარტივი რჩევები ზედმეტი არ იქნება ჩვენი მკითხველისთვისაც.
კითხვებზე პასუხობს მოლეკულური ბიოლოგი ირინა იაკუტენკო:
1.არის თუ არა კორონავირუსი ყველაზე სახიფათო ვირუსი მსოფლიოში?
არა - დღეისათვის არსებული მსგავსი წარმომავლობის დაავადებებიდან გაცილებით უფრო სახიფათონი არიან: „ც“ ჰეპატიტი, წითელა, ენცეფალიტი და სხვ. თავიანთი მიმდინარეობით და გართულებებით.
2. რამდენად შეუძლია ნიღაბს ადამიანის დაცვა?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ნიღბის რეკომენდაციას აძლევს ადამიანთა სამ ჯგუფს:
პირველი ჯგუფი - ავადმყოფები. როდესაც გრძნობთ, რომ ავადმყოფობა შეგეყარათ - სულერთია, კორონავირუსი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი გაციება და, ამასთანავე, იძულებული ხართ გახვიდეთ სახლიდან, უნდა გაიკეთოთ ნიღაბი, რათა სხვა ადამიანი არ დაასნებოვნოთ, მით უფრო, თუ გაქვთ ხველა, აცემინებთ და სისველე გაქვთ ცხვირში (თუმცა, სურდო არ არის კორონავირუსისთვის დამახასიათებელი).
მეორე ჯგუფი - მედიცინის მუშაკები. ისინი ნიღბებს ატარებენ პროფესიონალურად: ხშირად იცვლიან მათ; არ ეხებიან ხელით; თუ მოიხსნეს, აუცილებლად აგდებენ და ახალს იკეთებენ. ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი კი - მოიხსნის ნიღაბს, დაილაპარაკებს ტელეფონზე, დალევს ყავას, მოწევს სიგარეტს და ისევ გაიკეთებს - და ყველაფერ ამას სჩადის დაუბანელი ხელებით. ასეთი ნიღაბი, ცხადია, არ გამოდგება დამცველად.
მესამე ჯგუფი - ისინი ვინც უვლიან ავადმყოფს, ანუ ნათესავ-ახლობლებს. როდესაც თქვენ იმყოფებით დაავადებულ ნათესავთან, უნდა გეკეთოთ ნიღაბი მოუხსნელად. სასურველია სპეციალური სათვალის ტარებაც, რადგან, თუ თვალები არ გაქვთ დაცული და ავადმყოფმა თქვენი მიმართულებით დააცემინა ისე, რომ წვეთები მოგხვდათ ლორწოვან გარსზე, დიდი ალბათობით დაგაავადებთ,
რაც არ უნდა სრულყოფილი ნიღაბი შეიძინოთ, ის არ მოგიტანთ სრულყოფილ დაცვას. უფრო სავარაუდოა, დასნებოვნდეთ პირში დაუბანელი თითის ჩადებით. ამიტომ, მთავარი დაცვაა - ხელის ბანა და ხალხმრავალი ადგილებისათვის თავის არიდება.
3. შეიძლება თუ არა დასნებოვნების წყარო გახდეს ფული?
ეპიდემიოლოგიაში არსებობს ტერმინი „ფომიტი“. ეს არის ნებისმიერი საგანი, ნივთი - დასნებოვნებული პათოგენური ნაწილაკებით. ფული, ისევე, როგორც კარის სახელურები, ლიფტის ღილაკები, საზოგადოებრივი საპირფარეშოების ონკანები და მისთ. შეიძლება იყოს „ფომიტი“, თუკი თქვენამდე ვინმე სარგებლობდა მათით - ზედ დააცხიკვა ან ცხვირზე მოისვა ხელი და ისე შეეხო ამ ნივთს თუ საგანს.
ამდენად, საშველი ისევ ის არის - ხშირი ხელის ბანა და, მით უფრო, მას შემდეგ, რაც ხელი მოგიხვდათ ამ ნივთებზე. გამოკვლევების მიხედვით, კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირებზე ნარჩუნდება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე.
4. გადააქვთ თუ არა შინაურ ცხოველებს კორონავირუსის ინფექცია?
ძაღლებს და კატებს თავისი კორონავირუსი აქვთ. ჩვენ ვერ ავიკიდებთ მათ კორონავირუსს და ისინი ვერ აიკიდებენ ჩვენსას.
5. მართალია თუ არა, რომ მწევლები არ ავადდებიან კორონავირუსით, ან ავადდებიან გაცილებით იშვიათად, ვიდრე არამწევლები?
ეპიდემიის ადრეულ სტადიებზე ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მწეველთა შორის ნაკლები იყო ინფიცირებული, მაგრამ, მეორეს მხრივ, მწეველებს ფილტვების მდგომარეობა გაცილებით უარესად აქვთ - მათ ხშირად უვითარდებათ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფილტვის კიბო - ხოლო ფილტვების პრობლემა კორონავირუსის ინფექციის რისკის ჯგუფს წარმოადეგნს. ამდენად, პირიქით - თამბაქო დაცვის სტრატეგია კი არა - ავადმყოფობის მძიმე გამოსავლის ერთ-ერთი წინაპირობაა.
6. რამდენად იცავს ადამიანს დაავადებისგან: სპირტი, ნიორი, ბავშვის შარდი, პნევმონიის ვაქცინა, ანტიბიოტიკები?
ადამიანებს ოდითგან ერთი ხელის მოსმით სურთ პრობლემის გადაჭრა - შეჭამე ნიორი, დააყოლე სასმელი - თან გესიამოვნება და თან - ავადმყოფობისგანაც დაგიცავს.
მაგრამ ცხოვრებაში ასე მარტივად არ ხდება.
თუ პრევენცია გნებავთ, იმუნური სისტემის გაუმჯობესების უფრო ქმედითი საშუალებაა: სწორი კვება, არანაკლებ 8 საათის ძილი, სტრესების და ფიზიკური გადატვირთვის თავიდან არიდება!
კითხვებზე პასუხობს მოლეკულური ექიმი ევგენი კომაროვსკი
1.რა უნდა იღონონ სავაჭრო ქსელში მომუშავე ადამიანებმა - სახე მიაბრუნონ, როცა მყიდველი ახველებს ან აცემინებს?
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ - გაზარდეთ მანძილი თქვენსა და მომხმარებელს შორის ისე, რომ დისტანცია 2 მეტრი მაინც იყოს;
მეორე - სცადეთ ბარიერის შექმნა - თუ საშუალება გაქვთ, დადგით შუშის კედელი, თუ არადა, აღმართეთ ორი სადგარი და გადაჭიმეთ მათზე პოლიეთილენი, რომელსაც სკოტჩით დაამაგრებთ. დიდად ლამაზი ეს არ იქნება, მაგრამ დამცავად გამოდგება.
თუ რიგი დაგიდგებათ, გაახერხეთ, რომ რიგი ქუჩაში დააყენოთ და თქვენთან სათითაოდ შემოდიოდნენ.
რადგან თქვენ ფულთან გაქვთ გამუდმებით საქმე, გნებავთ საბანკო ბარათებთან - იქონიეთ სადეზინფექციო ხელსახოცები და თანამშრომლებმა მუდმივად ცვალეთ ერთმანეთი, რათა მომეტებულად ხშირად იბანოთ ხელები.
2. შეიძლება თუ არა ნიღბის ორთქლში გატარებით ან დაუთოებით მისი ხელმეორედ გამოყენება?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაუშვებლად მიიჩნევს ნიღბის ხელმეორედ გამოყენებას.
3. საკვები პროდუქტებიდან რა უნდა მოვიმარაგოთ?
თუ ასაკოვანნი ხართ, ეცადეთ ნაკლებად იაროთ მაღაზიებსა და აფთიაქებში - გააგზავნეთ ახალგაზრდები!
პროდუქტების მოსამარაგებლად კი იხელმძღვანელეთ საღი აზრით. ცხადია, პირველ ყოვლისა, შეიძინეთ ორი კვირის სამყოფი ის პროდუქტები, რომლებიც ნაკლებად ფუჭდება - ხახვი, ნიორი, კარტოფილი, მაკარონი, ფქვილი და, რა თქმა უნდა, დასაბანად -საპონი! საპონი ყველა ხორბალზე და წიწიბურაზე ძვირფასია!
4. და თუ მაინც ვინმე დაგვიავადდა, როგორ მოვიქცეთ ბინაში?
შემიძლია შემოგთავაზოთ იაფი სადეზინფექციო საშუალება - „ბელიზნა“ და ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ არა სარეცხ, არამედ - სადეზინფექციო საშუალებად. 60-100 მილილიტრი „ბელიზნა“ ერთ ლიტრ წყალზე და - შეგვიძლია გავადეზინფიციროთ პრაქტიკულად ყველაფერი. რაც შეხება კარგად გარეცხილ სარეცხს - მაღალ ტემპერატურაზე კვდება ყველაფერი, რაც მოძრაობს!
5. ხდება თუ არა ვირუსის გადაცემა წყლიდან, სახელდობრ აუზიდან?
ვირუსის წყლიდან გადაცემა არ არის დადასტურებული.
6. რას გვეტყვით ტრენაჟორებიან სავარჯიშო დარბაზზე?
ეს ძალიან მტკივნეული თემაა. იქ არის ბევრი სახელური, რომლებსაც ეხებიან მოვარჯიშეები, თან - დროის მცირე შუალედში - ეს ერთი;
მეორე - სპორტდარბაზში ადამიანები მუდმივად ოფლიანდებიან, ხოლო მერე ხელით იწმენდენ ოფლს, რაც წინაპირობას ქმნის ვირუსის გავრცელებისათვის!
7. როგორ ავარიდოთ თავი საზოგადოებრივ ტრანსპორტს?
პირველი - თუ ახლოს ხართ სამსახურთან, იარეთ ფეხით; თუ მორგებული ხართ ველოსიპედზე, გამოიყენეთ ეს საშუალება; თუ არადა, ადექით ადრე და პიკის საათამდე იმგზავრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
8. შეიძლება თუ არა ვირუსი შეიჭრას ორგანიზმში კანის მეშვეობით?
დაუზიანებელი კანის ზედაპირიდან ვირუსი ვერ შეიჭრება - ამისთვის საჭიროა ლორწოვანი ქსოვილი.
9. რა ბუნებრივი კომპონენტები ეხმარება ადამიანს ვირუსის დასაძლევად?
ვირუსისგან გვიცავს ჩვენი გარემომცველი ბუნება - ისეთი პირობები უნდა შევიქმნათ, რომ ორგანიზმი კარგად ეგუებოდეს გარემოს: ეს არის თბილი ტანსაცმელი, სუფთა ჰაერი და ანკარა წყალი.
თუ ორგანიზმი არ განიცდის წყლის ნაკლებობას - ეს არის საუკეთესო საშუალება!
ნანახია: (1580)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას