logo.png

„ერთმორწმუნე“ იმპერიის მიერ წამებით მოკლული  მღვდელმთავარი

                    (წმიდა დოსითეოზ ქუთათელის ხსენების დღე)

 

19 მარტი  წამებული ეპისკოპოსის - დისითეოზ ქუთათელის ხსენების დღეა.

ღვთივსათნოებითა და სიბრძნით გამორჩეული წმიდა დოსითეო 1781 წელს იქნა დადგენილი მღვდელმთავრად ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე.

სამეუფეო მადლმა კიდევ უფრო გააბრწყინვა ეკლესიისა და ერისათვის თავდადებული მოღვაწე, იგი დაუცხრომლად ზრუნავდა სამწყსოს სულიერ განათლებაზე და ყოველნაირად ცდილობდა განემტკიცებინა ხალხში სარწმუნოებრივ-სახელმწიფოებრივი აზროვნება.

წმიდა დოსითეო დაახლოებული იყო იმერეთის სამეფო კართან და აქტიურად უჭერდა მხარს პოლიტიკური ხელისუფლების გაძლიერებას. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შიდა ურთიერთდაპირისპირებები აიძულებდა წმიდა დოსითეო აქტიური მონაწილეობა მიეღო საერო საკითხების გადაწყვეტაშიც.

1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, ქართლ-კახეთის სამეფო შევიდა რუსეთის მფარველობაში, რუსეთის მთავრობა უხეშად ცდილობდა შეეერთებინა საქართველოს დანარჩენი სამთავროები. წმიდა დოსითეო ქუთათელისა და წმიდა ქვთიმე გაენათელის მონაწილეობით 1789 წელს იმერეთის დელეგაცია ეწვია ერეკლე II- და სთხოვეს თავის ძალაუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რაც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა.

1795 წლიდან დოსითეო დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიება. არსებობს 1789 წელს მეფე სოლომონის დადასტურებული დოკუმენტი, სადაც უწყებულია, რომ "ქუთათელ მიტროპოლიტს დოსითეოზს კათოლიკოზობა უბოძეთ". მაგრამ დოსითეოსი კათოლიკოზად არ იყო ნაკურთხი და იგი თავის თავს, მხოლო საკათალიკოზოს გამგებლად იხსენიებს.

 1811 წელს რუსეთის მთავრობამ ყოველგვარი საეკლესიო და საერო კანონების დარღვევით გააუქმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია და კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II რუსეთში გაიწვიეს (გარდაიცვალა 1827 წელს. ნოვგოროდში).

რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკით გატანჯული ხალხი ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას, 1819 წელს იმერეთში აჯანყებამ იფეთქა, რუსეთის მთავრობა სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს. შეიპყრეს აჯანყების ყველა სავარაუდო თავკაცი და იდეოლოგი.

1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობის საგანგებო ბრძანებით, ისე რომ ამ ამბავს კიდევ ახალი მღელვარება არ მოჰყოლოდა, შეიპყრეს დოსითეო ქუთათელი და ქვთიმე გაენათელი. ორივე მღვდელმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე, შეუკრეს ხელ-ფეხი და მათრახების ცემით წაიყვანეს, ასევე სასტიკად გაუსწორდნენ სხვა შეპყრობილ აჯანყებულებს, ზოგი მათგანი ჩამოახრჩვეს და ზოგიც რუსეთში გადაასახლეს სამუდამოდ.

ნატანჯი და ნაცემი მღვდელმთავრები დაბა სურამში შეაჩერეს, სადაც ერთ-ერთ ღვთისმოყვარე დედაკაცს მათთვის წყალი მოუწოდებია დასალევად, წმიდა ქვთიმეს კბილები სრულიად ჩამოცვენია ცემისგან და სისხლი უღებინები პირიდან. 71 წლის სასტიკად ნაცემი წმიდა დოსითეო 5 მარტს გზაში გარდაიცვალა.

 დაკრძალულია ანანურში, ტაძრის შიგნითმ, კანკელის მარცხენა მხარეს.

2005 წლის 27 ივნისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე ეკლესიისა და ქვეყნისთვის ნატანჯი ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეო წერეთელი წმიდათა დასში იქნა შერაცხილი ღირსი დოსითეო ქუთათელის სახელით.

ნანახია: (1528)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას