logo.png

შექმნეს ხელოვნური ენა, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს

პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ მკვლევრებმა ხელოვნურ ენა შექმნეს, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს. ხელოვნურ ენას ბაქტერიების აღმოჩენისთანავე მათი განადგურება შეუძლია.

ენა ქიმიურ სენსორებს იყენებს და აქედან თითოეული სენსორი განსხვავებულად რეაგირებს.

ყველა სენსორისგან მიღებული მონაცემების ანალიზით შესაძლებელი ხდება დადგინდეს, თუ რა სახის ბაქტერიებთან გვაქვს საქმე.

ბაქტერიული ინფექციები სახიფათოა

ბაქტერიული ინფექციები სიკვდილიანობის მეორე ძირითადი მიზეზია.

დაგვიანებული მკურნალობა და არასწორი დიაგნოზი სიკვდილიანობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ზრდის. სტომატოლოგიური დაავადებები, როგორიცაა კარიესი და პაროდონტიტი, ასევე მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე და იწვევს სისტემურ დაავადებებს.

მკვლევრები ფოკუსირებული იყვნენ ბაქტერიების აღმოჩენისა და განადგურების გაადვილებაზე. ეს იმიტომ, რომ ბაქტერიების ტრადიციული გამოვლენის ტექნიკა კომპლექსურ კვლევებს საჭიროებს და შესაბამისად, რთულია.

როგორ მუშაობს ხელოვნური ენა

როდესაც სტომატოლოგი ფიქრობს, რომ ბაქტერია სტომატოლოგიურ პრობლემებს იწვევს, როგორიცაა ღრუს ან ღრძილების დაავადება, უნდა გაირკვეს რომელი ბაქტერიაა დამნაშავე.

ეს ბაქტერიების ლაბორატორიაში დათესვას მოითხოვს. არის კიდევ ერთი საშუალება, რა დროსაც უშუალოდ პირის ღრუში იკვლევენ ბაქტერიების სპეციფიკურ ნიშნებს. თუმცა, არცერთია მარტივი, ამიტომ მკვლევრებს უფრო მარტივი გზის გამონახვა სურდათ.

მათ სურდათ შეექმნათ სენსორების ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ბაქტერიების ერთდროულად გამოვლენას შეძლებდა.

მკვლევრებმა ამისთვის პაწაწინა ნაწილაკები, ნანოზიმები გამოიყენეს. ნანოზიმი მოქმედებს როგორც ბუნებრივი ფერმენტი. როდესაც ნანოზიმებს სპეციალური სითხე და ფერის შემცვლელი საღებავი დაამატეს, ნანოზიმებმა სითხე ლურჯად აქციეს.

თუმცა, თუ ბაქტერია ნანოზიმების დნმ-ს დაფარავდა, სითხე ლურჯი აღარ ხდებოდა. შესაბამისად, ნანოზიმების სხვადასხვა ტიპის დნმ-ით დაფარვამ ბაქტერიების გამოვლენას შეიძლება შეუწყოს ხელი. რაც მთავარია, სხვადასხვა ტიპის ბაქტერია განსხვავებულ ფერს იძლევა.

მკვლევრებმა ეს სისტემა პირის ღრუს 11 ტიპის ბაქტერიაზე გამოცადეს. კვლევამ წარმატებით ჩაიარა და მკვლევრებმა ბაქტერიების დაფიქსირებასთან ერთად, მათი ტიპებიც გაარჩიეს.

რაც შეეხება ბაქტერიების განადგურებას: მკვლევრებმა აღმოჩინეს, რომ ნანოზიმების ბაქტერიების შემცველ ხსნარებში დამატება სამი გავრცელებული ტიპის ბაქტერიას ანადგურებს.

როდესაც მკვლევრებმა ბაქტერიები მძლავრი მიკროსკოპის გამოყენებით შეისწავლეს, დაინახეს, რომ ნანოზიმებმა დააზიანა მათი გარე შრეები. ეს ნიშნავს, რომ ახლად შემუშავებული სისტემა გამოსადეგია როგორც ბაქტერიების მიერ გამოწვეული სტომატოლოგოიური პრობლემების აღმოსაჩენად, ისე ამ ბაქტერიების გასანადგურებლად.

ჯერ ზუსტად არ ვიცით, თუ როგორ მოთავსდება ხელოვნური ენა პირის ღრუში, მაგრამ ამ ინოვაციას ბევრი პრობლემის გადაჭრის პოტენციალი აქვს.

კვლევა ჟურნალ ACS Applied Materials & Interfaces-ში გამოქვეყნდა.

წყარო: Interesting Engineering

ნანახია: (233)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას