(ფოტოზე: სანაწილის ხუფი ჯვარცმის გამოსახულებითა და აფხაზეთის მეფის გიორგის წარწერით - საქართველოს ეროვნული მუზეუმი)
(IV მუხლის განმარტება)
,,და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალა და დიდება საუკუნეთა მიმართ, ამინ. ”
წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის განმარტებით, განსაცდელი იმგვარი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი რომელიმე ცოდვაში ჩავარდება. მაგალითად, სიბრაზე, მრისხანება; მრისხანება ადვილად აგდებს ადამიანს ცოდვაში, გამოდის, რომ ამ სიტყევებით ჩვენ ვთხოვთ უფალს, რათა აგვარიდოს ყოველგვარ უკეთურ, ცუდ შემთხვევას, რათა არ ჩავვარდეთ ცოდვაში.” ამ სიტყვებით ჩვენ ვევედრებით ღმერთს, რათა თავისი მადლით დაგვიცვას ყოველგვარი განსაცდელისგან, რომელიც მოდის ამ ქვეყნიდან, სხეულიდან, ეშმაკისგან. მაგრამ თუ მაინც ვვარდებით განსაცდელში, შევთხოვთ, რათა არ დაუშვას მათი მხრიდან ჩვენი ძლევა. Aაქედან ჩანს, რომ ღვთის შეწევნის გარეშე ჩვენ თავად უღონო და უძლურნი ვართ. ღირსი მამა ბარსანოფ დიდი გვასწავლის: ,,როცა ვევედრებით უფალს: ,,ნუ შემიყვან განსაცდელში” ჩვენ იმას არ ვითხოვთ, საერთოდ არ დაუშვას ჩვენზე განსაცდელი, რადგან ეს შეუძლებელია. ჩვენ შევთხოვთ უფალს, განსაცდელების გავლენით არ გავიჩნდეს ღვთისათვის არასასურველი საქმის კეთების სურვილი. აი, სწორედ ეს არის გამოთქმული სიტყვებში: ,,არ ჩავვარდეთ განსაცდელში”. წმიდა კირილე იერუსალიმელის თქმით, ,,განსაცდელები ემსგავსება დინებას, რომელზედაც გადასვლა ძნელია, ზოგიერთები არ იძირებიან მასში, გვერდს უვლიან მას. როგორც გამოცდილი მცურავები, ოდნავადაც არ იდრიკებიან ამით. ყველა როდია ასეთი, ზოგი შედის და ეფლობა მასში. მაგალითად, იუდა, შევიდა ვერცხლისმოყვარეობის განსაცდელში, ვერ დაძლია მისი სიღრმე, ჩაიძირა და დაიღუპა სულიერად და ხორციელად. პეტრეც მოხვდა განდგომის განსაცდელში, მაგრამ მამაცურად გადაცურა სიღრმე და თავი დააღწია განსაცდელს.”
ჩვენ ადამიანები სუსტები ვართ, ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, ამიტომაც არ უნდა შევამთხვიოთ განსაცდელები თავს. მაგრამ თუ მოვხვდებით განსაცდელში, უნდა ვილოცოთ, რათა მისით არ ვიძლიოთ და შთავინთქათ, ღმერთმა მოგვმადლოს შეწევნა და მოთმინება. ის, ვინც განსაცდელში მოხვდა და სძლია მას, გვირგვინსა და დიდებას იმსახურებს.
სიტყვების განმარტებისას: ,,არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან”, წმიდა გაბრიელ ქიქოძე წერს: ,,მიხსენ ბოროტისაგან, ესე იგი, ბოროტი კაცისგან, ბოროტი საქმისგან, უმეტესად, ეშმაკისა და სულიერი მტრისგან. ეშმაკი საშინელი მტერია ჩვენი სულისა. როდესაც გულში ბოროტი აზრი გაგიჩნდება, ესე იგი შეგაგონა შენმა სულიერმა მტერმა, მაშინვე გადაიწერე პირჯვარი და თქვი ლოცვა მამაო ჩვენო. ,,ამ სიტყვებით, ამბობს წმიდა კვიპრიანე, ,,ჩვენ შევთხოვთ ხსნას არა ყველა უბედურებისაგან, რომელსაც ამ ქვეყანაზე ბოროტი ჩვენს წინააღმდეგ განიზრახავს და რომლისგანაც ჩვენ მხოლოდ ერთი საიმედო და უძლეველი მცველით _ ღვთით ვიცავთ თავს, რის გამოც მაცხოვარმა არა თქვა: ,, ბოროტთაგან” არამედ ,,ბოროტისგან”. ამით გვასწავლის, რომ არასოდეს ვმრისხანებდეთ მოყვასზე იმ შეურაცყოფებისათვის, რომელსაც ზოგჯერ ვითმენთ მათგან. არამედ მთელი ჩვენი მტრობა უნდა მივმართოთ ბოროტისკენ, რომელიც მიზეზია ყოველი ცოდვისა. იგი ბოროტად იმიტომ იწოდება, რომ მიუხედავად ჩვენი მასთან უდანაშაულობისა, ჩვენს წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლას ეწევა.”
,,ნუ შემიყვანებ ჩვენ” და არა ,,ნუ შემიყვანებ მე” ,,მიხსენ ჩვენ” და არა ,,მიხსენ მე”: ამ სიტყვებით უფალი ერთმანეთისათვის ლოცვას გვასწავლის. ლოცვით ღმერთს შეწევნას, დაცვასა და ერთმანეთის მფარველობას შევთხოვთ. უფალი ახლოს და დახმარებისთვის მუდამ მზადაა. უხმეთ მას და იგი შეგეწევათ” _ ამბობს ნეტარი ავგუსტინე. ,,რამეთუ შენია სუფევა ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ, ამინ.” Yყველაფერი შეგიძლია შენ, ვინ აღუდგება წინ შენს ძალას, ყოვლადძლიერო? შენ გეკუთვნის დიდება, რითაც სავსეა ზეცა და დედამიწა; დაე, იყოს, დაე, იქცეს თვით ჩვენი ლოცვაც შენს დიდებად, დაუსრულებლის დიდებად, რომელიც არ შეწყდება საუკუნეთა მიმართ, ამინ!
სიტყვით ,,ამინ”, ანუ ჭეშმარიტად ბეჭედი ესმება საუფლო ლოცვას. ჭეშმარიტად იყოს ასე!
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი
ნანახია: (183)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას