logo.png

წმიდა იოანე ოქროპირი - "ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ"

 

სიტყვა III, 14

"...სანამ ყველაფერი წესრიგში აქვს ხუცესს, მანამ ძვირისმზრახველნი ვერაფერს დააკლებენ. მაგრამ, სულ მცირედიც რომ გამოეპაროს, ბოლოს და ბოლოს ადამიანია, ცხოვრების უბობოქრესი ზღვები რომ ჰქოდნეს გადაცურული და უამრავი კეთილი საქმე გაკეთებული, მყვედრებელთ მაინც ვერ გააჩერებ. მცირედი ყველაფერს გადაჰფარავს. თანაც მას ისე კი არ უყურებენ, როგორც ჩვეულებრივ ხორცში მყოფ კაცს, რომელსაც არ შეუძლია არ ჰქონდეს შეცდომები, არამედ როგორც ანგელოზს, რომელსაც დაუშვებელია რაიმე ეშლებოდეს. ტირანი, სანამ ძლიერია და მეფეა, რაკი მისი მორევა არ ძალუძთ, ამიტომ შიში აქვთ მისი და ეპირფერებიან. მაგრამ თუ სისუსტე დაატყვეს, იმ წამს თავს ანებებენ თვალთმაქცობას და გუშინდელი მეგობრები მტრებად, მოწინააღმდეგეებად უხდებიან, მისი სუსტი მხარეების მცოდნენი ძალაუფლებაში ედავებიან. იგივე ემართებათ მღვდლებსაც, სანამ ძლიერია, ვერავინ კადრებს ცუდს, ყველანი პატივით ექცევიან, მაგრამ ოდნავი საბაბი თუ მიეცათ, იგივე ხალხი ძლიერად შეიარაღდება მის წინააღმდეგ და გადაყენებას დაუპირებს, თანაც მას ტირანზე უფრო საშინელ კაცად დასახავენ. ტირანს ყველაზე მეტად თავისი გვამის მცველთა შიში აქვს, მღვდელი თავის ახლობლებსა და თანამოსაუბრეებს უფრთხის. რადგან არავინ ისეთი ძალით არ ცდილობს მასზე უფლების მოპოვებას, როგორც ისინი. მათ ყველაზე კარგად იციან მისი საქმეების მსვლელობისა, ისინი ხომ მის სიახლოვეს არიან; რამე მოხდება და პირველები იგებენ, ცილიც რომ დასწამონ ვინმეს, ამასაც ადვილად დაუჯერებს ხალხი, პატარას დიდზე გაბერავენ და ადვილად ავნებენ უდანაშაულოს და გამართლდება მოციქულის სიტყვები შებრუნებული აზრით: “და თუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა; (I კორ. 12,26). მხოლოდ ღმრთისმსახურების მტვირთველთ შესწევთ ამის ძალა..."

 

სიტყვა IV, 2

"...ვინც ეკლესიისთვის მავნე კაცს მიანიჭებს ძალაუფლებას, ის პასუხს აგებს ამ კაცის კადნიერი საქციელისთვის. თუ ამაში უბრალოა და იტყვის, ხალხის აზრმა შემაცდინაო, მაშინ არ დარჩება დაუსჯელი, თუმცა არჩეულზე ცოტა უფრო ნაკლები სასჯელი კი ელის. რატომ? იმიტომ, რომ ამომრჩეველს მართლა შეიძლება ასეთი რამ დაემართოს, შეიძლება მოტყუვდეს კიდეც, არჩეული კი ხომ ვერ იტყვის, ჩემი თავისა სხვებივით მეც არაფერი გამეგებაო. რაკი მას ამომრჩეველზე მეტი სასჯელი ელის, ამიტომ უფრო მეტადაც უნდა გამოსცადოს თავისი თავი. და თუ ისინი თავიანთი უცოდინარობის გამო აიძულებენ მას ამ საქმეს, უნდა განუმარტოს ყველა მიზეზი, ცნოს თავი ამ გამოცდისათვის უღირსად, ამით შეაჩეროს შემცდარნი და გაექცეს ესოდენ მძიმე საქმეს..."

ნანახია: (569)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას