"რომ გაიძახიან მადლი, მადლიო, და არიქა ამ ტაძარშია მაინდამაინცო, ან ამ მამაოსთანო, თუ პატრიარქთანო, ან ამ მთაზეო, ან ამ ქალაქშიო, ან ამ ქვეყანაშიო, ან ამა და ამ ორგანიზაციაშიო. იციან კი, ან ასწავლის კი საერთოდ ვინმე ამ ხალხს, რა არის მადლი?
მადლი, - ღმერთის მოქმედებაა, მისი უქმნელი ენერგიებია, მისი ღვთაებრივი ძალაა, თავადაა ღმერთი. მაშასადამე, ვინც ამბობს, რომ მადლი მხოლოდ სადღაცაა კონკრეტულ ადგილზე, ან მხოლოდ ვინმესთანაა პიროვნულად თუ კოლექტიურად, ამით ამბობს, რომ ღმერთი შეზღუდულია - ადგილით, დროით, სივრცით და მიკერძოებულია, ან ის, რაღაც უფრო ზემდგომ აუცილებლობას ემორჩილება, რომელიც მას კარნახობს, სად იყოს, ვისთან, როდის და როგორ, და ეს მავანთათვის წინასწარაა ცნობილი, თუ სად და როდის იქნება იგი და საკმარისია მხოლოდ, იმ დროსა და იმ ადგილზე მიხვიდე და მადლიც გარანტირებული გაქვს. ანუ მრავალი უნებლიედ და უმეცრებით მკრეხელობს, როდესაც ასეთ თამამ განცხადებებს აკეთებს, თანაც მხოლოდ საკუთარ ემოციებზე და შეგრძნებებზე დაყრდნობით. აი, მაგალითად, ვინც დაჟინებით გაჰყვირის, მადლი მხოლოდ საპატრიარქოს ანტიკვარებით გავსებულ კაბინეტებშია, ან ოქროს გუმბათიან ტაძრებშიო, ან სინოდშიო, რომლის უმრავლესობასაც, უბრალოდ ნახევრად ათეისტი საქმოსანი სადუკეველები, უმეცარი, უბირი, ხეპრე, ერეტიკოსი, სტალინის და პატრიარქის კულტის ფანატიკოსი თაყვანისმცემლები, სპეცსამსახურების ყოფილი თუ მოქმედი აგენტები, დამსმენი, მდევნელი მოძალადეები, საკუთარი ხეირის მაძიებელი მედროვე მლიქვნელები შეადგენენ, - ამით თავად ღმერთს გმობს, რადგან გამოდის, რომ ღმერთი საკუთარ ძალას ანიჭებს ამათ, თანამოქმედია, თანამშრომელია, თანაზიარია ამ უღმერთო პერსონებისა, და იმავდროულად ანგელოზებისა, მთავარანგელოზებისა, მოციქულებისა, წინასწარმეტყველებისა, მოწამეებისა, აღმსარებლებისა, ეკლესიის დიდი მღვდელმთავრებისა, ღმერთშემოსილი მამებისა და ყველა დროის წმინდანისა. ჰა?! როგორი სურათია? სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთმანეთში აღრეულა და ეგ არის. და ამას ეძახით ღვთაებრივ მადლს?!
მას შემდეგ, რაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე, დიდებით შევიდა იერუსალიმის ტაძარში, იავარ-ჰყო მეკერმეთა და ფულის გადამცვლელთა მაგიდები და მღვდელმთავრები ამხილა: ''სახლ სალოცველ ქვაბ-ავაზაკთა'' გიქცევიათო, სოლომონის ტაძარი კარგავს თავის მისტიურ მნიშვნელობას, როგორც ღვთის მადლთან შეხვედრის ადგილი და ამის შემდეგ, ყოველი მართლმორწმუნე ქრისტიანის გული ხდება ტაძარი ღვთისა, მის მადლთან შეხვედრის ადგილი.
''მადლი, ღვთაებრივი მოქმედება, მხოლოდ წმინდანებს აქვთ საერთო ღმერთთან''(წმ.მაქსიმე აღმსარებელი).
გელასი აროშვილი
ნანახია: (532)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას