logo.png

  "მამაო ჩვენო"

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: სულთმოფენობა - ფრესკა უბისას მონასტერში)

(III მუხლის განმარტება)

,,პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს და მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,

ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა “

,, პური არსობისა” სულიერ და ხორციელ საზრდოს ნიშნავს. წმიდა კვიპრიანე განმარტავს: ,,ჩვენს პურს ვუწოდებთ ქრისტეს, რადგან ვღებულაბთ და ვჭამთ მის ხორცს, როგორც ამას თავად ამბობს: ,, მე ვარ პური ცოცხალი, ზეციდან გარდამოსული; ვინც ჭამს ამ პურს, იცოცხლებს უკუნისამდე” და გვაფრთხილებს სიტყვებით: ,,თუ არ ჭამთ ხორცს ძისა კაცისასა და არ შევსვამთ მის სისხლს, არ გექნებათ ცხოვრება თქვენში.” ამასთან ერთად, ჩვენ ვითხოვთ ხორციელ საზრდელს, ყოველდღიურ საკვებს”. როცა ვლოცულობთ საარსებო პურზე, ამბობს ნეტარი ავგუსტინე, ,,გამოვითხოვთ სხვა დანარჩენსაც, რაც კი ესაჭიროება ჩვენს სხეულს დედამიწაზე. ჩვენთვის აუცილებელია: საზრდელი და სასმელი, ჩასაცმელი და საცხოვრისი. ღვთის სიტყვა, რომელიც თქვენ ყოველდღიურად გეუწყებათ, არის პური არსობისა. კაცის გონებას იგი ისევე შია, როგორც ჩვეულებრივ პურს დახარბებული ადამიანის სტომაქი. არსობის პურში იგულისხმება ყველაფერი - სულისა და სხეულისთვის აუცილებელი.”

,, პური ჩვენი არსობისა” არის ყოველივე ის, ურომლისოდაც თავს ვერ გავიტანთ, ვიდრე ხორცში ვართ. ღვთის წმიდა სიტყვა, უფლისმიერი მადლი, ეკლესიის საიდუმლოებით რომ მოგვეცემა, უფრო კი ,, პური ცოცხალი”, ზეციური პური ყოვლადწმიდა ხორცი და სისხლი მაცხოვრისა, აი, ის არსობის პური, ურომლისოდაც ჩვენი სული შიმშილით კვდება!

მამაო ჩვენო, მოგვეცი ყოველივე ეს, მოგვეცი ძალა, თუნდაც ოფლით, მაგრამ მაინც საკუთარი ძალით მოვიპოვოთ პური მართალი შრომით! მოგვეცი ეს დღევანდელი დღისათვის.

,, და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა “. წმიდა გაბრიელ ქიქოძე ბრძანებს; ,, რას ნიშნავს თანანადებნი, რომლის პატიებასაც ვთხოვთ ჩვენ უფალს? თანანადებნი არის ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი ღვთის წინაშე სჩადის, მაშასადამე, ამ სიტყვებით ჩვენ ღმერთს ვთხოვთ ყოველი ცოდვის პატიებას. ხოლო სიტყვებით ,, როგორც ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა,” მაცხოვარი გვასწავლის: ვაპატიოთ მოყვასს ჩვენს მიმართ ჩადენილი ცოდვები. თუკი გინდა რომ უფალმა გაპატიოს ცოდვები, შენც უნდა ისწავლო პატიება შენდამი ჩადენილი ცოდვებისა. აქედან ჩანს, რა დიდი მადლია ცოდვათა მიტევება, რამხელა ცოდვაა, როდესაც ვერ პატიობ და შურისძიება გიდევს გულში.” პატიების სწავლის შემთხვევაში უფალს ემსგავსები და მასსავით მოწყალე ხდები. ჩაიხედე საკუთარ გულში: რამდენ რამეს გვპატიობს უფალი ყოველდღიურად სიტყვითს, საქმითს, მოქმედებითს, რამხელა ჯილდოს გვიმზადებს თუკი ჩვენც ვაპატიებთ ჩვენს მოყვასს.. თუ შევადარებთ უფლისა და საკუთარ მოქმედებას, ვნახავთ რა უსაზღვრო სხვაობაა უფლის მიმტევებლობასა და ადამიანურ პატიებას შორის. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: ,,უფალი შეგვაგონებს სიმდაბლეს; სხვების მიტევების მოთხოვნით, იგი ჩვენში ბოროტის ხსოვნას აღმოფხვრის; საკუთარი ცოდვების პატიების აღთქმით, ჩვენში განამტკიცებს კეთილ იმედებს და გვასწავლის, ვიფიქროთ ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობაზე; მას შეეძლო შენი საქმის გარეშეც ეპატიებინა მთელი შენი ცოდვები, მაგრამ მას სურს, ამითაც კეთილად იმოქმედოს შენზე, განდევნის შენგან მზაკვრობას, აქრობს შენში მრისხანებას.”

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი

 

ნანახია: (637)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას