მიმდინარე წლის 2 თებერვალს დედამიწას 2008 OS7-ის სახელით ცნობილმა ასტეროიდმა უსაფრთხო მანძილზე ჩაუარა. ამით აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ ისარგებლა და ასტრონომიული სხეული თავისი სარადარო სისტემით გადაიღო.
ასტეროიდმა ჩვენს პლანეტას 2.9 მილიონ კილომეტრ მანძილზე ჩაუარა, რაც მთვარესთან დისტანციას დაახლოებით 7.5-ჯერ აღემატება. ობიექტთან შეჯახების რისკი არ არსებობდა, სამაგიეროდ ამან მეცნიერებს 2008 OS7-ზე დაკვირვების შესაძლებლობა მისცა. ის რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის კუთვნილი გოლსტოუნის მზის სისტემის რადარით (GSSR) შეისწავლეს.
ამ ხელსაწყოს მეშვეობით ობიექტი მრავალ კადრზე აღბეჭდეს იმ დროის განმავლობაში, როცა მან დედამიწას ჩაუარა. ასევე, სპეციალისტებმა მონაცემები მოიპოვეს მისი მახასიათებლების, კერძოდ ზომის, შესახებაც.
2008 OS7 მზის გარშემო მოძრაობას 2.6 წელს ანდომებს. ის ვარსკვლავთან ყველაზე ახლოს მაშინ მიდის, როცა ვენერას ორბიტის ფარგლებში გადაადგილდება, ყველაზე შორს კი მარსის ორბიტას სცდება. ეს ასტეროიდი "პოტენციურად საშიში" მსგავსი სხეულების კატეგორიაშია, რაც მისი ზომითა და დედამიწასთან ახლო ტრაექტორიითაა განპირობებული.
როგორც სახელიდანაც ჩანს, ზემოხსენებული ასტეროიდი 2008 წელს აღმოაჩინეს. ვარაუდობდნენ, რომ მისი სიგანე 200-დან 500 მეტრამდე იყო. ახალი დაკვირვებების თანახმად, ის უფრო პატარაა, კერძოდ 150-200 მეტრი სიგანის. ასევე დადგინდა, რომ 2008 OS7 თითო ბრუნვას 29.5 საათში ერთხელ ასრულებს, ანუ საკმაოდ ნელა მოძრაობს.
რაც შეეხება GSSR-ს, მისი ანტენა DSS-14 მსოფლიოში ერთადერთი სრულად მართვადი პლანეტური სარადარო სისტემაა. მისი ზომა 70 მეტრია და ის კალიფორნიაში მდებარე მოჰავეს უდაბნოში, გოლდსტოუნის ღრმა კოსმოსის საკომუნიკაციო კომპლექსშია, განლაგებული. ამ მოწყობილობის მეშვეობით კოსმოსურ ნარჩენებზე, მზის სისტემაში არსებულ სხეულებსა და დედამიწასთან ახლოს მოძრავ ასტეროიდებზე დაკვირვებაა შესაძლებელი.
წყარო: Space.com
ნანახია: (252)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას