(ფოტოზე - ჯოჯოხეთის წარმოტყვენვა, მინიატურა მე-17 ს-ის ლოცვანიდან, ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი)
(II მუხლის განმარტება)
,,მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა”
წმიდა გაბრიელ ქიქოძე განმარტავს: ,,რას ნიშნავს, საყვარელნო ძმანო ეს სიტყვა: ,, მოვიდეს სუფევა შენი”, რას ვთხოვთ ჩვენ ღმერთს ამით, რადგან ვიცით, რომ იგი არის მეფე ცისა და ქვეყანისა? ნუთუ არ მოსულა ჯერ სუფევა ღვთისა? სუფევა ღვთისა ორგვარია: ხილული და უხილავი. ხილული სუფევაში იგულისხმება ყოველივე, რაც მან შექმნა ცა და ქვეყანა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ყოველივე ამას უფალი მართავს. რაც შეეხება უხილავ სუფევას, იგი ადამიანის სულსა და გონებაშია; უხილავი სუფევა ღვთისა მდგომარეობს ჩვენს აზრებში, გრძნობაში, გულისთქმასა და ყოფა_ქცევაში. სუფევა ღვთისა მაშინ მოვა და დაიმკვიდრებს ჩვენ შორის, როდესაც ვიცხოვრებთ სიწმიდით, მყუდროობით, სიმშვიდითა და სიყვარულით. როდესაც ჩვენ ვამბობთ ,,მოვიდეს სუფევა შენი”, ჩვენ ვთხოვთ უფალს, განწმინდოს ცხოვრება ჩვენი, რდგან როდესაც სხვა შეხედავს ჩვენს ღვთისნიერ ცხოვრებას, თქვას: სწორედ მათ შორის არის ღმერთი, სწორედ მათ გულებში სუფევს ღმერთი! მაგრამ მარტო სიტყვიტ კი არა , საქმითაც უნდა ვითხოვდეთ ამას. ღმერთი არის წმიდა, უბიწო, მართალი; შენც უნდა ეცადო და დაემზგავსო მას სიწმიდითა და უბიწოებით. თუკი გახსოვს შენი რჯული და ის, რომ ღმერთი ყოველთვის გამოცდის შენს გულს და ყოველთვის ხედავს შენს საქმეს, ყოველთვის ესმის შენი სიტყვა, და შენ გეშინია, რომ არ აწყენინო მას, არც სიტყვით, არც საქმით, მაშინ შენ შეეწევი, ამკვიდრებ და ავრცელებ ღვთის სუფეველს შენს ირგვლივ.”
ლუკა მახარებელიწერს: ,,და ჰკითხეს ფარისევლებმა: როდის მოვა სასუფეველი ღვთისა? მიუგო იესომ და უთხრა მათ: არ მოვა სასუფეველი ღვთისა ხილულად, არც იტყვიან: აჰა, აქ არის, ან იქ, რადგან, აჰა სასუფეველი ღვთისა თქვენშია.” რა ნეტარი მდგომარეობაა ეს, კარგად იციან მათ, ვინც საქმით გამოსცადა ეს, რადგან ძნელია სიტყვებით აღწერა იმ ნეტარებისა, როგორსაც განიცდის ღვთის მადლით აღვსილი ადმიანის გული. სადაც უფალია თავისი მადლით, სამოთხეც იქ არის, იქვეა ცათა სასუფეველიც.
,, იყოს ნება შენი “ ამ სიტყვებს იმიტომ კი არ შევღაღადებთ, რომ ვინმეს შეუძლია ღვთის ნებას ხელი შეუშალოს, არამედ ვევედრებით, რომ მან თავისი წმიდა ნება გამიგვიცხადოს და მის შესასრულებლად ძალა მოგვმადლოს. თავად მან დაგვარიგა, ვიქმოდეთ არა ჩვენს, არამედ ღვთის ნებას. მოგვიწოდებს, რომ მის მაგალითს მივყვეთ და სიკვდილამდე ღვთის ნებით ვიმოქმედოთ.
,, როგორც ცაში, ასევე ქვეყანაზე:” წმიდა გაბრიელ ქიქოძე ამბობს: ,,ამ სიტყვებით ჩვენ ვევედრებით ღმერთს, ანგელოზთა მსგავსად, რომელნიც ყოველთვის აღასრულებენ ღვთის ნებას სიკეთით, ასევე ჩვენც ვიყოთ აღმსრულებლები ღვთის წმიდა ნებისა.” როგორც ზეცაში ყველაფერი წინააღმდეგობის გარეშე სრულდება, ასევე ჩვენ - ადამიანებს შეგვაძლებინე, რათა არა ნეხევრად შევასრულოთ ღვთის ნება, არამედ ისე ვყოთ, როგორც შენ გინდა. შენი წმიდა ნება მარტო ჩემში და ჩვენში კი არ იყოს, არამედ მთელ დედამიწაზე! Mმოგვეცი უფალო ძალა, რათა მივბაძოთ ზეციურ ცხოვრებას, ჩვენც იგივე ვისურვოთ, რაც თავად შენ გინდა; შეეწიე ჩვენს ნებას, რომელსაც სურს საღვთო საქმეთა კეთება, მაგრამ ცოდვა და სხეულის სისუსტე აბრკოლებს მას. ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: ,, შენ ანგელოზნი გემსახურებიან ზეცას, შენვე გემსახურებით ჩვენც დედამიწაზე, შენ არ შეურაცხგყოფენ ანგელოზნი ზეცას, არ უნდა შეურაცხგყოთ ჩვენც აქ, დედამიწაზე. როგორც ისინი აღასრულებენ შენს ნებას, ასევე ჩვენ შეგვასრულებინე იგი მიწაზე.
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი
ნანახია: (879)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას