logo.png

რას დასტიროდა წმინდა ლუკა ყირიმელის ხატი?

 

კოკას, მოგეხსენებათ, ყურს საიდანაც გინდა, იქიდან მიაბამ.

ამის დასტურია კომენტარები, რომლებიც თან სდევს რუსულ ელექტრონულ მისამართზე https://prajt.livejournal.com/35809.html ინტერნეტში ერთ პატივმისაგებ თარიღს - 18 მარტს გახლავთ დიდი სულიერი მოღვაწისა და ექიმის, ახალი დროის წმინდანის - ლუკა ყირიმელის - ვოინო-იასენეცკის ხსენების დღე.

ლუკა ვოინო-იასენეცკი საქვეყნოდ ცნობილი ქირურგი იყო - პრაქტიკოსი ექიმი, თეორეტიკოსი პროფესორი.  ღვთის განგებულებით ის ჯერ მღვდელმსახური გახდა, ხოლო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ - ბერად აღიკვეცა.

ბოლშევიკების დროს უშიშარი სასულიერო მოღვაწე სამღვდელო სამოსით დადიოდა, რის გამოც დააპატიმრეს და11 უმძიმესი წელი გაატარა ციხეებში, ბანაკებსა და გადასახლებებში.

მეუფე ლუკა სამედიცინო ხალათს ანაფორაზე გადაიცმევდა, ჯერ ლოცულობდა და მერე იწყებდა ოპერაციას. ამ პიროვნებას ეკუთვნის საოცარი სიტყვები: „მე შევიყვარე მწუხარება და განსაცდელი, რამეთუ მათ დამაახლოვეს ღმერთთან“.

ლუკა ყირიმელი კეთილად იყო განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ - იგი კარგად იცნობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ეფრემ II-ს. ჩვენთან, საპატრიარქოში ინახება პატრიარქ ეფრემისთვის მის მიერ ნაჩუქარი ხატი. ამას გარდა, დღეისათვის ავჭალის ქეთევან წამებულის ტაძარშია ჩვენში შესრულებული მთავარეპისკოპოს ლუკას ხატი წმინდა ნაწილითურთ, რომელიც სევასტოპოლის მონასტრის წინამძღვრის მიერ არის ჩამოტანილი. „ყირიმელით“ სახელდება შემთხვევითი არ გახლდათ. 1946 -1961 წლებში, გარდაცვალებამდე  ქერჩში დაბადებული მეუფე ლუკა ყირიმის ეპარქიის არქიეპისკოპოსი იყო. 1996 წელს არქიეპისკოპოს ლუკას წმინდა ნაწილები სიმფეროპოლის წმინდა ტროიცის კათედრალურ ტაძარში გადაასვენეს.

ახლა კი, პირველსა სიტყვასა ზედა მოვიდეთ და დავუბრუნდეთ წმინდანის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ზემოხსენებული წერილის ავტორს.

მას გახსენებია, რომ, თურმე ნუ იტყვით, და - 2014 წლის 16 მარტს, როდესაც ყირიმის მცხოვრებლებს ჩაუტარებიათ რეფერენდუმი, ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთების მოთხოვნით, ეს დღე კიეველი პეჩორელი მამების - ანტონის და თეოდოსის ხსოვნისა ყოფილა, ხოლო დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ყირიმი გადადის რუსეთის შემადგენლობაში - მიუღიათ 18 მარტს, ეს დღე კი ლუკა ვოინო-იასენეცკის ხსოვნის დღე არის!

ავტორის აღწერით, ამ დღეს იშვიათი სასწაული მომხდარა -  საბერძნეთის ქალაქ კატერინში, წმინდა ეფრემ სირინა კონდარიოტელის ტაძარში მყოფი წმინდა ლუკას ხატი ატირებულა - 18 მარტს, სამლოცველოში შესულ  რუმინელ მოგზაურთა ჯგუფს დაუნახავს, როგორ წამოსვლია ხატს ცრემლები.  

როგორც ვხედავთ, ავტორი რეფერენდუმის ჩატარების და მოთხოვნის დადასტურების თარიღების დამთხვევას წმინდანთა ხსოვნის დღეებთან დიდ საკრალურ და საზეიმო მოვლენად მიიჩნევს.

გასაკვირია სწორედ რუსული საიტების ავტორთა თავგამოდება -16 მარტს  ჩვენი საიტი წერდა უკვე, თუ როგორი მამხილებელი სიტყვით მიმართა თეოდოსი პეჩორელმა რუსეთის პატრიარქს, რუსული ეკლესიის იერარქთა უღირსი ქმედებების გამო მათ მოსალოდნელ მსჯავრზე: ეს ერთი და მეორე  -  რბილად რომ ვთქვათ, რა სითამამე უნდა გქონდეს, რომ ყირიმისთვის საბედისწერო დღეს, ყირიმში დაბადებული წმინდანის ატირებული ხატის ცრემლები ბედნიერების ნიშნად გაასაღო!

„დავითისგზის“ მიმომხილველი

ნანახია: (1535)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას