ქრისტიანობის მთავარი დოგმატი ყოვლადწმინდა სამების დოგმატია, რომელიც თავის თავში ორ ძირითად ჭეშმარიტებას აერთიანებს: ღმერთი ერთარსია, მაგრამ სამპიროვანი, თითოეულ ჰიპოსტასს პირადი თვისებები აქვს: მამა უშობელია, ძე მამისგან შობილი, სულიწმიდა მამისგანგა მომავალი.
ყოვლადწმინდა სამების ერთი პირისადმი აღვლენილი ლოცვა, მეტწილად, სამივეს განდიდებით მთავრდება. მაგალითისთვის, ასე სრულდება ლოცვა იესო ქრისტესთვის: „და შენ და დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოდ მამით შენით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“. წმინდა ეკლესია ლოცვისას ყოვლადწმინდა სამებას მიმართავს მხოლობით რიცხვში: „... შენ გიგალობენ ძალნი ცათანი და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.
ახალ აღთქმაში ღვთის სამპიროვნება გაცხადდა ძისგან კაცებითა და სულიწმიდის გარდამოსვლით. სწორედ ესაა ახალი აღთქმის წმინდა წერილის მთელი შინაარსი: სამ პიროვანი ერთი ღმერთის ამ სოფლად მოვლინება გადმოცემულია არადოგმატური ფორმით, არამედ ყოვლადწმინდა სამების პირთა გამოცხადებასა და ქმედებაზე თხრობით. სამების განცხადება მოხდა მაცხოვრის ნათლისღების დროს. როდესაც განკაცებული ძე ღვთისა ნათელსიღებდა წყლით, მაშინ მამა მის შესახებ ამოწმებდა და მტრედის სახით გამოცხადებული სულიწმიდა ადასტურებდა ღვთიური ხმის ჭეშმარიტებას.
სახარებაში გადმოცემულია სწავლება სამპიროვანი ერთი ღმერთის შესახებ, რომელიც მოკლედ, მაგრამ ზუსტად გამოხატავს სამების ჭეშმარიტებას. წმიდა წერილში ვკითხულობთ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“ (მთ. 28,19). წმიდა ამბროსი შენიშნავს: „უფალმა ბრძანა, სახელითა და არასახელებით, იმიტომ, რომ ღმერთი ერთია და არა ორი ან სამი“.
წმინდა მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: „მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყუარული ღმრთისა და მამისა და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა, ამენ!“ (2 კორ. 13,13). ძველ აღთქმაში შეფარვით გადმოცემულია სამპიროვანი ერთი ღმერთის შესახებ. დაბადებაში ვკითხულობთ: „თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად“ (დაბ. 1,26). მრავლობითი რიცხვი მიანიშნებს, რომ ღმერთი არაა ერთი პირი: პირველ მშობელთა სამოთხიდან განდევნის წინ თქვა უფალმა: „აჰა, ადამი ქმნა ვითარცა ერთი ჩუენთაგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა“ (დაბ, 3,22). ბაბილონის მშენებლობისას, ენათა აღრევის წინ თქუა უფალმან ღმერთმან: „... მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ“ (დაბ. 11,6-7).
დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნში ვკითხულობთ: „სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირითა მისისაჲთა ყოველი ძალი მათი“ (ფს. 32,6).
ტერმინები – „მამისაგან შობილი“ და „მამისაგან გამომავალი“ – წმიდა წერილის სიტყვების ზუსტი გადმოცემაა. სულიწმიდასთან მიმართებით მამისაგან ძის შობა და მამისაგან სულიწმიდის გამომავლობის დოგმატი მიანიშნებს საღმრთო პირთა ერთობაზე მარადიულ, უჟამო ყოფაში. მამა ვერ იქნებოდა მარადიულად, თუკი არ იქნებოდა ძე, ე. ი. ძეც მარადიულად იყო. ამავდროულად, შეუძლებელია, მამა და ძე ერთიბუნებისანი არ იყვნენ, რადგან როგორი ბუნებისაც მამაა, ისეთივე ბუნებისაა ძეც. მამისაგან სულიწმიდის გამომავლობა იმაზე მიუთითებს, რომ ისიც ისეთივე ბუნებისაა, როგორი არსიდანაც გამოდის, როგორიცაა მამა და ძე, რადგან გამომავლობა და შობა, ორივე მათ ერთარსებაზე მეტყველებს. მამა, ძე და სულიწმიდა ურთიერთდამტევნელნი არიან. ისინი მხოლოდ პიროვნული თვისებებით სხვაობენ: მამის უშობელობით, ძის შობილობით და სულიწმიდის გამომავლობით. ყოვლადწმინდა სამება პირობითად შეიძლება შევადაროთ მზეს, მის სითბოსა და ნათელს, ან და ცეცხლს, მის ალსა და სითბოს. ეკლესიის მამები ყველანაირად ცდილობდნენ, გასაგები ყოფილიყო სამწყსოსთვის ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო შინაარსი და ამისთვის შეედარებინათ ის რაიმე ხილულისათვის. თუმც კი შეუძლებელია მიუწვდომელი და ზეჟამიერი სამპიროვანი ერთარსება ღმერთი რაიმე სახის მოვლენას შევადაროთ. როგორც თავად განკაცებულმა უფალმა განაცხადა: „მამა მხოლოდ ძემან, ძე მხოლოდ მამამან იცის!“.
წმიდა მამათა სწავლების მიხედვით მოამზადა საბურთალოს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა.
ნანახია: (695)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას