"...გეგულება შენ, ქრისტეს სიტყვების მიხედვით აღსრულებული, ქრისტეს სიყვარულის დამადასტურებელ საქმეზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა საქმე? მაცხოვარი, თავთა მოციქულს, პეტრეს, რომ მიმართავდა, უთხრა: “პეტრე, გიყუარ მეა?” (იოანე 21, 15-16) და როცა მან აღიარა მისი სიყვარული, უთხრა მაცხოვარმა: თუ გიყვარვარ, “დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი” (იოანე 21, 17). იმიტომ კი არ ჰკითხა მოძღვარმა ეს მოწაფეს, რომ არ იცოდა, უყვარდა თუ არა იგი ნამდვილად პეტრეს (განა შეიძლება ეს არ ცოდნოდა ყოველთა გულთამხილველს?), არამედ იმიტომ, რომ ეჩვენებინა ჩვენთვის, თუ როგორ ზრუნავს იგი თავის სამწყსოსა ზედა. თუ ეს გასაგებია, ისიც ნათელი უნდა იყოს, თუ რა დიდსა და გადმოუთარგმანებელ ჯილდოს განიმზადებს მტვირთველი იმ შრომისა, რომელიც თავად ქრისტემ, ასე ძვირად შეაფასა. ჩვენი და იმ ხალხის ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ფარებსა და მსახურებზე ზრუნავს, ფულზეა აგებული და მიუხედავად ამისა, მაინც ის გვგონია, რომ ისინი ასეთ ზრუნვას ჩვენი სიყვარულის გამო იჩენენ. მაცხოვარმა სამწყსო თვისი, ფულითა და სხვა რამეთი კი არა, საკუთარი სიკვდილის ფასად გამოიხსნა, საფასურად საკუთარი სისხლი გაიღო, მაშ როგორი უნდა იყოს ის ჯილდო, რომელსაც ქრისტე ამ სამწყსოს მწყემსმთავართ მიაგებს? ამიტომ იყო, როცა მოწაფემ უპასუხა: “უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ” (იოანე 21, 17) და მან თავად უფალი, სიყვარული თვისი დაიმოწმა. მაცხოვარი ამაზე არ შეჩერებულა, არამედ სიყვარულის ნიშანზე მიუთითა მას. ასე რომ, იმის ჩვენება კი არ სურდა, თუ როგორ უყვარდა იგი პეტრეს – ეს მისთვის უამრავი რამით იყო ცობილი – არამედ იმისა, თუ როგორ უყვარს ეკლესია თვისი და ამიტომ კეთილად მიაჩნია განსწავლა პეტრესი და ყოველი ჩვენთაგანისაც, რათა ვჰყოთ ზრუნვაი დიდი მისსა ეკლესიასა ზედა.
რატომ იყო, რომ არ დაინდო უფალმა ძე თვისი მხოლოდშობილი? იმიტომ, რომ მტრად ქცეული საკუთარი ერი მოეკრიბა თავისაკენ და ექცია იგი “ერად მოგებულად” (ტიტ. 2,14). რატომ დასთხია მან სისხლი თვისი? იმიტომ, რომ შემოეკრიბა ის საცხოვარი, რომელიც მიანდო პეტრესა და მემკვიდრეებს მისას. უმიზეზოდ როდი უთქვამს ქრისტეს: “ვინმე არს სარწმუნოი იგი მონაი და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თვისმან მონათა თვისთა ზედა?” (მათე 24,25). თითქოს ამ სიტყვებსაც გაუგებრობის იერი დაჰკრავს, მაგრამ არა არის რა მიუწვდომელი მისთვის, ვინაც წარმოსთქვა ისინი. სამწყსოსადმი თავისი განუსაზღვრელი სიყვარულის ჩვენება სურდა უფალს, ამიტომ ჰკითხა პეტრეს, გიყვარვარ თუ არაო და არა იმიტომ, თითქოს არ ცოდნოდა, უყვარდა თუ არა იგი მოწაფეს თვისას. ხოდა სიტყვებიც “ვინმე არს სარწმუნოი იგი მონაი და ბრძენი”, იმიტომ როდი უთქვამს, თითქოს არ ცოდნოდეს, ვინ იყო მისი ერთგული და ბრძენი მონა. ამით მან გვიჩვენა, თუ რა იშვიათია ასეთი მონა და რა მნიშვნელოვანი – საქმე, მასზე მინდობილი. და ჯილდოც, ნახე, როგორია: “ყოველთა ზედა მონაგებთა დააადგინოს იგი” (მათე 24,27)."
"...როგორც ქრისტემ თქვა, პეტრე უნდა გამხდარიყო უფროისი სხვათა მოციქულთა შორის. პეტრე – “გიყუარ მე უფროის ამათსა? – აძოვენ კრავნი ჩემნი” (იოანე 21,15). არადა, ხომ შეეძლო ეთქვა: “თუ გიყვარვარ, შეუდექი მარხვას, იძინე შიშველ მიწაზე, იფხიზლე მარადჟამს, დაიცავ შეჭირვებულნი, ეყავ ობოლთ მაგიერი მამისა და დედისა; მაგრამ რას ამბობს, ყოველივე ამის ნაცვლად? “აძოვენ კრავნი ჩემნი”. ამის აღსრულებას, რაც ახლა ვთქვი, ბევრი კაცი და ქალიც კი, თვით სამწყსოდანაც, ადვილად შეიძლებდა. მაგრამ როცა საქმე ეკლესიის წინამძღოლობასა და უამრავ სულზე ზრუნვას ეხება, ყოველნი დედანი და მამათა უმეტესობაც, ასეთ დიდ საქმეს, უნდა მოერიდონ. ეს უნდა იტვირთონ იმათ, რომელნიც მრავალთ ისევე აღემატებიან სათნოებით, როგორც საული აღემატებოდა თავისი სხეულის სიდიდით ებრაელთ (I მეფეთა 10,23), და უფრო მეტადაც. ..."
ნანახია: (498)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას