ავტორი: ილია ნიკაჭაძე
თათია მჟავია – ფსიქოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი
მშობლისა და ბავშვის ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი რგოლი ემოციაა. დაბადებამდე და მას შემდეგაც როგორც ბავშვი, ასევე, მშობელიც მუდმივად გრძნობენ ერთმანეთთან ემოციურ კავშირს. ბავშვის აღზრდის პროცესში სწორად განვითარებული სოციალური და ემოციური უნარები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მშობლის მიერ ბავშვის მიმართ გამოხატული სწორი ემოციები და ქმედებები ხელს უწყობს ბავშვის ფსიქოლოგიურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას. ბოლო დროს ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ბავშვის სამომავლო წარმატებას არამხოლოდ კოგნიტური (გონებრივი) ფაქტორები, არამედ ემოციური ინტელექტის მაღალი მაჩვენებელი და კარგად განვითარებული სოციალური უნარები განაპირობებს.
ზოგადად, ემოციური ინტელექტი განისაზღვრება, როგორც ჩვენი ემოციების იდენტიფიცირების, გაგების, ათვისებისა და მართვის უნარი. თუ ემოციურ ინტელექტს პიროვნული ნიშნის ჭრილში განვიხილავთ, მასში შეიძლება გამოვყოთ ოთხი ძირითადი ფაქტორი: ემოციურობა, თვითკონტროლი, სოციალურობა, კარგად ყოფნა(კეთილდღეობა, ცხოვრებით კმაყოფილება). სწორედ ამ უნარების განვითარება განაპირობებს შემდგომში მაღალ ემოციურ ინტელექტს.
მშობელს შეუძლია ბავშვის ემოციური და სოციალური უნარების გაუმჯობესება, ასევე, ემოციური ინტელექტის მაჩვენებლის გაზრდაც. მთავარია მშობელი სწორად ურთიერთობდეს ბავშვთან. ამისთვის საჭიროა ხშირად გამოვავლინოთ ბავშვის მიმართ ემოციური მხარდაჭერა – სიტყვით გამოვხატოთ ის ემოციები, რომლებსაც განვიცდით.
როგორ დავეხმაროთ პატარებს ემოციური ინტელექტის განვითარებაში?
#1 დაეხმარეთ პატარებს ემოციების ამოცნობაში. შეეცადეთ შვილის განცდები და ემოციები ამოიცნოთ და მათ შესაფერისი სახელი შეურჩიოთ. აღწერეთ და დაასახელეთ ის ემოციები, რომლებსაც თქვენ ან ბავშვი იმ მომენტში განიცდით. მაგალითად: გახარებული, მოწყენილი, გაბრაზებული, ბედნიერი და ა.შ. ამით ბავშვები სწავლობენ საკუთარი ემოციების ამოცნობასა და სწორ ვერბალიზაციას. შემდგომში მშობლებსაც უადვილდებათ ბავშვებთან ურთიერთობა და მარტივად ხვდებიან თუ რას გრძნობს ბავშვი იმ კონკრეტულ მომენტში.
#2 გამოხატეთ თანაგრძნობა ბავშვების მიმართ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თქვენს შვილს ვერ ეხმარებით, აგრძნობინეთ მათ რომ წუხართ ამის გამო. ბავშვი გრძნობს ემპათიას და თავისუფლდება ნეგატიური ემოციებისაგან. მისთვის მნიშვნელოვანია, გვერდით ეგულებოდეს ისეთი ადამიანი, რომელიც ზრუნავს და ღელავს მასზე.
#3 მოუსმინეთ თქვენს შვილს. არ აქვს მნიშვნელობა ბავშვის ასაკს. მას ყოველთვის სჭირდება გვერდით ისეთი ადამიანი, რომელიც მოუსმენს და თანაუგრძნობს. ბავშვი უფრო უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს თავს ისეთ გარემოში, სადაც უსმენენ და სჯერათ მისი.
#4 მიეცით საშუალება პატარებს თავად გაუმკლავდნენ პრობლემებს. დაბადების პირველივე წუთიდან პატარები უამრავ პრობლემას აწყდებიან. უმეტესს შემთხვევაში მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ, მაგრამ არსებობს სიტუაციები, რომლის დროსაც ბავშვებს შეუძლიათ თავად გაუმკლავდნენ პრობლემებს . პრობლემების მოგვარებით ბავშვები თავისუფლდებიან ემოციებისაგან და სწავლობენ რეალურ სამყაროში ნამდვილ პრობლემებთან გამკვლავების გზებს.
შვილისა და მშობლის ჯანსაღი ურთიერთობა განაპირობებს ბავშვის სამომავლო ემოციურ, სოციალურ და მენტალურ კეთილდღეობას. ამიტომ მოუსმინეთ პატარებს, გამოხატეთ ემოციები და ასწავლეთ დამოუკიდებლად პრობლემის მოგვარების გზები.
ნანახია: (231)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას