logo.png

ურანისა და ნეპტუნის გარშემო 3 ახალი ბუნებრივი თანამგზავრი აღმოაჩინეს

ასტრონომებმა ნეპტუნის გარშემო 2, ურანის მახლობლად კი 1 ახალი ბუნებრივი თანამგზავრი აღმოაჩინეს. ამან პირველი პლანეტის თანამგზავრების რაოდენობა 16-მდე, ხოლო მეორისა 28-მდე გაზარდა.

ურანის ორბიტაზე მოძრავი სხეული საკმაოდ მცირე ზომისაა, კერძოდ მისი სიგანე სულ რაღაც 8 კილომეტრია. ის პლანეტის ირგვლივ მოძრაობას 680 დღეს ანდომებს. ეს ობიექტი ჯერჯერობით S/2023 U1-ის სახელითაა ცნობილი, მაგრამ, როგორც ცნობილია, მალე შექსპირის პიესის რომელიმე პერსონაჟის სახელს დაარქმევენ.

ურანის თანამგზავრი.

 

რაც შეეხება ნეპტუნის ახალაღმოჩენილ თანამგზავრებს, მათგან ყველაზე კაშკაშას S/2002 N5 ეწოდება. ის 23 კილომეტრი სიგანისაა და პლანეტის გარშემო გადასაადგილებლად 9 წელი სჭირდება. მეორე ობიექტი S/2021 N1-ა, რომელიც 14 კილომეტრი სიგანისაა, მისი ორბიტული პერიოდი კი 27 წელია. ორივე მათგანს სახელებს ბერძნულ მითოლოგიაში ზღვის ღვთაებებისა და ნიმფების პატივსაცემად დაარქმევენ.

ახალი აღმოჩენის შესახებ მეცნიერებმა 23 თებერვალს, საერთაშორისო ასტრონომიული გაერთიანების მცირე პლანეტათა ცენტრში, განაცხადეს. ზემოხსენებული თანამგზავრები მეცნიერმა სკოტ შეპარდმა კოლეგების დახმარებით დააფიქსირა.

სამივე ობიექტი ნეპტუნისა და ურანის ყველაზე მკრთალი თანამგზავრებია, რომლებიც ხმელეთზე განლაგებული ტელესკოპებით ოდესმე დაგვიფიქსირებია. სწორედ ამიტომ, მათ გამოვლენას გამოსახულებების დასამუშავებელი სპეციალური ტექნიკის გამოყენება დასჭირდა.

ურანის თანამგზავრი პირველად გასული წლის ნოემბერში, მაგელანის ტელესკოპით, შენიშნეს, მისი ავთენტურობა კი 1 თვის შემდეგ დადასტურდა, ნეპტუნის გარშემო კი 2 სხეულის პირველადი კვალი 2021 წლის სექტემბერში დააფიქსირეს და დამატებით ძალიან დიდი ტელესკოპისა და ჯემინის ობსერვატორიის მეშვეობით დააკვირდნენ.

უნდა ითქვას, რომ ყველა ამ თანამგზავრის ორბიტა კვერცხის ფორმისაა და პლანეტების სიბრტყის მიმართ ძალიან დახრილია, ეს მიანიშნებს, რომ ისინი ნეპტუნისა და ურანის გარშემო არ წარმოქმნილა, არამედ პლანეტების გრავიტაციამ მიიზიდა.

წყარო: Space.com

ნანახია: (273)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას