ატმოსფეროში ნესტის ერთგვარი მდინარეები, სახელად ატმოსფერული მდინარეები, გადაადგილდება. ეს ზუსტად ისე ხდება, როგორც თხევადი მდინარეები მიედინება ხმელეთზე. მიუხედავად ამისა, ცაში ამ ნაკადების დანახვა ბევრად რთულია.
ატმოსფერული მდინარეები ხშირად ციკლონების შედეგად ჩნდება. ამ ნაკადებმა შეიძლება ძლიერი წვიმა განაპირობოს, ამიტომ მათი ხილვადობის საკითხი საკმაოდ პრობლემურია. ატმოსფერულ მდინარეებზე უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია გვჭირდება, რადგან დამთბარი ატმოსფერო კიდევ უფრო მეტ წყალს შეიწოვს და წყლის საჰაერო არხებს მიმართულებას უცვლის.
აქამდე მეცნიერები კომპიუტერული მოდელირებით ცდილობდნენ იმის განსაზღვრას, თუ საით შეიძლება მიედინებოდეს ორთქლი. ამჯერად მკვლევრებმა ახალი გზა მოიფიქრეს, რომლითაც პროცესისათვის თვალის მიდევნება რეალურ დროშია შესაძლებელი.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ტემპერატურის სივრცეში განაწილების სატელიტური ჩანაწერები გამოიყენეს და ერთგვარი რუკა შექმნეს, რომელიც ქარის მოძრაობას რეალურ დროში გვიჩვენებს სამ განზომილებაში. ეს ინფორმაცია შემდეგ NASA-ს ნესტის ამომცნობ სატელიტთა მონაცემებთან გააერთიანეს, შედეგად კი ნესტის ნაკადების გლობალური განაწილება გამოააშკარავეს.
ცის ნესტის დიდი ნაწილი განედებს შორის ატმოსფერულ მდინარეებს გადააქვს, როდესაც პოლუსებისაკენ მიედინება. ეს აშშ-სა და ევროპაში წლიური ნალექების 30%-ზეა პასუხისმგებელი, აღმოსავლეთ აზიაში კი — ზოგიერთ სეზონზე 40%-ზეც კი.
ატმოსფერული მდინარეები, როგორც წესი, ტროპიკული ოკეანეების თავზე ჩნდება. როდესაც ისინი ხმელეთს ზემოთ არსებულ ცაზე ექცევა, ზოგჯერ ამინდის გაუარესებას იწვევს, მათ შორის ქარსა და წყალდიდობას. ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკის თავზე არსებულმა ჭავლურმა დინებამ ჩრდილოეთით გადაიწია. შედეგად აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე ატმოსფერული მდინარის სიხშირემაც მოიმატა.
ცის მდინარეები ზღვის ყინულის ვარიაციაზეც მოქმედებს. კერძოდ, მისი არსებობა დნობას უწყობს ხელს. ბოლო რამდენიმე წელია, ყინულის რაოდენობა ორივე პოლუსზე რეკორდულად დაბალია.
მკვლევრებმა აწ უკვე ხილული ნაკადები შეისწავლეს. დადგინდა, რომ ატმოსფერული მდინარეების მიერ წარმოქმნილ წვიმის სიხშირეს აქამდე გადაჭარბებულად აფასებდნენ, თუმცა წვიმის ინტენსივობას — არასათანადოდ.
"სატელიტური დაკვირვებების ხარისხი თანდათან უფრო უმჯობესდება, ამიტომ წარმოდგენილი მეთოდოლოგია შესაძლებელია, სხვა ასეთი დაკვირვებების შემთხვევაშიც გამოვიყენოთ, თუნდაც გეოსტაციონარულ სატელიტებში, რათა მაღალი გარჩევადობა ანდა ატმოსფერული მდინარეების უფრო ხშირი სტატისტიკა უზრუნველვყოთ", — წერენ მკვლევრები ნაშრომში.
შესაძლებელია, რომ ახალი მეთოდი ამინდის პროგნოზებსა და კლიმატის მოდელებში ინტეგრირდეს. მკვლევრებს შემდეგში იმის გაგება სურთ, თუ რომელი უფრო კარგია ატმოსფერული მდინარეების დაფიქსირებაში, კლიმატის მოდელები თუ მათი მეთოდი.
კვლევა გამოცემაში Journal of Geophysical Research: Atmospheres გამოქვეყნდა.
წყარო: ScienceAlert
ნანახია: (273)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას