logo.png

ქალისადმი დამოკიდებულება მართმადიდებელ ეკლესიაში, საქართველოში

უფლის მადლის მოფენამ – ქრისტეს განკაცებამ ადამიანებს ახალი ცხოვრება მოუტანა, ძველი ადამიანის დაცემული მდგომარეობა, შეხედულება და მსოფლხედველობა სრულად შეცვალა. ამის ერთ-ერთი მხარე, სადაც არსებითი ცვლილება ნათლად ჩანს, ქალისადმი დამოკიდებულებაა – ქრისტიანობა ქალის პატივისცემისა და მისთვის ღირსების მიმნიჭებელია. რადგან ევასგან შემოვიდა ცოდვა, რასაც ადამისა და ევას სამოთხიდან განდევნა მოჰყვა, ქალისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ამიტომ ძველი აღთქმის პერიოდსა და წარმართულ ეპოქაში ქალისადმი პატივისცემა არ არსებობდა. ებრაელი ხალხისა და მასთან დაკავშირებული ერების ვრცელი პერიოდის ამსახველ ძველი აღთქმის წიგნებში სულ რამდენიმე ქალის სახელია მოხსენიებული, უფრო მეტიც, ქალი სათვალავშიც კი არ იგულისხმებოდა. როდესაც წინასწარმეტყველ მოსეს მეშვეობით ებრაელი ხალხი ეგვიპტიდან გამოჰყავს უფალს და ადამიანებს ითვლიან, თუ რა რაოდენობის ხალხი უნდა გაყვეს რჯულმდებელს, წმინდა წერილი ამბობს: ექვსასი ათასი კაცი გამოვიდაო ეგვიპტიდან, თვინიერ ქალებისა და ბავშვებისაო: „ხოლო აღიტრნეს ძენი ისრაჱლისანი რამესით სოქოთდ ექუსასი ათასი მკჳრცხლი მამაკაცი, თჳნიერ ყრმა – დედებისა და ნართაული მრავალი თანააღვიდა მათ თანა და ცხოვარი და ზროხაჲ და პირუტყჳ მრავალი ფრიად“ (გამოსვლათა 12, 37).

ქალისადმი პატივისცემა ღვთისმშობლის სიწმინდემ, მადლმა მოიტანა – მარიამმა, ღვთის დედამ, დაუტევნელის დამტეველმა, უპატიოსნესმა ქერუბიმთა და აღმატებულმა სერებიმთა. წმინდა მამათა თანახმად, „როგორც ევას მიერ შემოვიდა სიკვდილი, ისე მარიამისაგან სიცოცხლე დამკვიდრდა კაცობრიობისთვის“. ამიტომ სწორედ ძე ღმერთისას განკაცებითა და განგებით ავიდა ქალი უდიდეს სიწმინდეში. ამ დროიდან იწყება სხვა ქალების, მენელსაცხელებლე დედების წმინდანებად შერაცხვა, ამ დროიდან იწყება ქალის მიმართ აბსოლუტურად განსხვავული დამოკიდებულების დანერგვა, რომელიც რადიკალურად სხვაობს იმ ქვეყნებში არსებული განწყობისაგან, სადაც მოქმედებს ძველი აღთქმის, ძველი რჯულის რელიგიები, როგორცაა იუდაიზმი და ისლამი.

საქართველოსადმი მიახლოებით ისეთივე დამოკიდებულებაა მაცხოვრისა და ღვთისმშობლისა, როგორიც ჯვარცმისას მაცხოვრისა ღვთისშობლისა და იოანე ღვთისმეტყველს მიმართ: „იესუ ვითარცა იხილა დედაჲ თჳსი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თჳსსა: დედაკაცო, აჰა ძე შენი! და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა“ (იოანე 19, 26-27), ანუ საქართველო შვილის დარად უყვარს სამყაროს დედას, ხოლო ქართველთა მოდგმას დედის მსგავსად უყვარდა მუდამ ღვთისმშობელი და მომავალშიც ასე უნდა უყვარდეს.

ღვთისმშობლისადმი ამგვარი დამოკიდებულება და ეს მადლი დღენიადაგ ნერგავდა ქართველებში ასეთ ცნობიერებას და სიყვარულს დედის, დის, ცოლის, ზოგადად, ქალის მიმართ. ქართულ ლექსიკაში რაც კი სიცოცხლის საწყისობასთან ასოცირდება, ყველაფერს დედა უძღვის წინ: დედაეკლესია, დედამიწა, დედაენა, დედაბოძი, გუთნისდედა, დედოზარი, ქართლის დედა. ასეთ გარემოში აღზრდა, ასე აზროვნება, განსაკუთრებულ პიროვნებებს აყალიბებს, რადგან ქრისტიანობა აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობაა – ადამიანის განღმრთობი. მისი მასაზრდოებელი თავად ღმერთია, ამიტომაც, ვინც მისით საზრდოობს, თავადაც ღმერთს ემსგავსება პიროვნულად. ამიტომ იწოდება ქრისტიანობა პიროვნულ რელიგიად. ზოგადად, პიროვნებაც მას ეწოდება, ვისაც ღირებულებები, ფასეულობები აქვს, რაც მას ღირსეულს ხდის. ქრისტეს რწმენას, მადლსა და სწავლებას დაშორებული ადამიანი კარგავს პიროვნულობას და აქედან გამომდინარე, ღირსებას და მერე ადამიანობასაც. ის მოძრაობა, რომელიც ებრძვის ქრისტიანობას, ებრძვის ღირსებასა და ადამიანობას. როდესაც არანაირ ფასეულობას აღარ აქვს ადამიანისთვის მნიშვნელობა, მაშინ ის როგორც პიროვნება აღარ არსებობს. უზნეობა, ზნედაცემულობა, ანგარება, სახმართმოყვარება, ფუფუნების, თანამდებობის სიყვარული, პედოფილია, მამათმავლობა, რენეგატობა – ყოველივე ეს ქრისტეს მადლისგან განძარცვა, რწმენისგან განდგომაა, ქრისტიანული ღირებულებების უგულებელყოფა და მისგან დაცლლაა, რასაც პიროვნულობისა და ადამიანობისგან განძარცვა მოჰყვება. ქართულ მეტყველებში ძალიან წმინდად გაცრილ ფქვილს „გამტკიცული“ ფქვილი ეწოდება, ე. ი. ჩვენი აღქმა და აზროვნება ასეთია – რაც წმინდაა, ის მტკიცეცაა. როცა ადამიანი წმინდაა, ის მტკიცეცაა, ე. ი. მადლიანია, კეთილი, თავდადებული, კაცთმოყვარე, ღვთივსათნო. თუ ამ ცნობიერებას არ დავუბრუნდებით, მაშინ სისასტიკისა და სიძულვილის გარდა არაფერი დაგვრჩება, ამას კი ძალადობა და სიკვდილი მოაქვს.

ფიოდორ დოსტოევსკი უყურებდა რუსების უღმერთო ცხოვრებას და თავის ერთ პერსონაჟს ათქმევინა: „თუ ღმერთი არ არსებოს, მაშინ ყველაფერი დასაშვებია“. ამას გვაშოროს უფალმა, ღმერთმა დაგვაბრუნოს ღვთისა და მოყვასის სიყვარულში!

ჩვენთან არს ღმერთი!

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი

ნანახია: (725)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას