logo.png

ძილის მეცნიერება — რატომ გვძინავს და რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში

 ავტორი: დათო სამნიაშვილი

ძილის დუალიზმი — მტერი თუ მოყვარე

საშუალოდ ადამიანი თავის ცხოვრების ერთ მესამედს ძილში ატარებს. ეს ძალიან დიდი დროა და ძნელი გასახსენებელია ისეთი აქტივობა, რასაც ადამიანის ცხოვრების ასეთი მსუყე ნაწილი ეკავოს. მაგალითად, თუ თქვენ 90 წლის განმავლობაში იცოცხლებთ, რაც ნამდვილად შესაშური ციფრია, ძილი თქვენი სიცოცხლის 30 წელს "წაიღებს". არც 30 წელია ცოტა, ამდენი წლის განმავლობაში ბევრად მეტი რამის გაკეთება შეგეძლოთ, ვიდრე ეს "უგონოდ" ლოგინში წოლაა. ერთი შეხედვით ძილი კაცობრიობის მთავარი მტერია, ის სიცოცხლეს გვპარავს. თომას ედისონმა ერთხელ ძილზე ასეთი რაღაც თქვა: "ძილი დროის დანაშაულებრივი კარგვაა და მემკვიდრეობით გამოქვაბულში ცხოვრების პერიოდიდან გადმოგვყვა". ედისონი არ იყო ერთადერთი ვინც ძილს ასე მტრულად უყურებდა, ინტერნეტი სავსეა ცნობადი ადამიანების გამონათქვამებით, სადაც ისინი ძილში დაკარგულ დროს მისტირიანი და მოგვიწოდებენ მასზე მაქსიმალურად ცოტა დრო დავკარგოთ.

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ძილი ჩვენი სიცოცხლისგან განყენებული ციკლი არ არის, მეტიც სწორედ ის განსაზღვრავს თუ რამდენად ჯანმრთელები ვიქნები და შესაბამისად რამდენი წელი ვიცხოვრებთ. დღეს მეცნიერები ერთხმად თანხმდებიან, რომ მოწესრიგებული ძილი ჩვენს სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

 

მაგალითად, მეთიუ უოლქერი, რომელიც ძილის მეცნიერია, თავის წიგნში დეტალურად ხსნის თუ როგორი სავალალო შეიძლება იყოს უძილობა ადამიანისთვის. Why We Sleep [რატომ გვძინავს] — ასე ჰქვია მეთიუს წიგნს, სადაც ის იმ გავლენებზე საუბრობს, რომლებიც უძილობას ადამიანის სხეულზე აქვს. მისი კვლევების თანახმად, უძილობა იწვევს ალცჰაიმერის დაავადებას, კიბოს, დიაბეტს, კონცენტრაციის დაკარგვას, მეხსიერების და იმუნური სისტემის დასუსტებას.

"ადამიანები ხანდახან ერთმანეთს ეუბნებიან, 'ძილი მერეც გეყოფა, როცა მოკვდები', ეს კი ძალიან არასერიოზული რჩევაა", — ამბობს მეთიუ.

"ძილი ღმერთია, მას უნდა ეთაყვანო", — თქვა ერთხელ ჯიმ ბატჩერმა, ამერიკელმა ფანტასტმა. თუმცა, ძილის გაღმერთება ფანტასტიკა საერთოდ არ არის, მას ბიოლოგიურად ყოველი ჩვენგანი ეთაყვანება და მოგვწონს თუ არა ეს, ძილით ყველას გვძინავს.

შესაბამისად, ძილი ნამდვილად დუალისტურია, მას თითქოს ჩვენი დროის დიდი ნაწილი მიაქვს, მაგრამ როგორც ვხედავთ სწორედ მასზეა დამოკიდებული თუ რამდენი ხანი ვიცოცხლებთ.

ძილის ისტორია

ძილის ფენომენზე უძველესი ადამიანები და კულტურები ოდითგანვე ფიქრობდნენ. ყველა კულტურას ძილის თავისებური ახსნა ჰქონდა და უმეტესი მათგანი ძილში მაგიასა და ღვთაებრივ გავლენებს ეძებდა.

რაც შეეხება ძილის უფრო რაციონალურ ახსნას, ამის შესახებ ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო თეორია ქრისტესშობამდე 500 წლის წინ გაჩნდა. ბერძენმა ექიმმა და ფილოსოფოსმა ალკემონ კროტონელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ძილი სისხლის მიმოქცევასთან იყო დაკავშირებული.

გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე არისტოტელემ მიიჩნია, რომ ძილის დროს ცნობიერი გულში "ჩერდებოდა". ეს ვარაუდი არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან იმ დროისთვის გული გრძნობისა და მგრძნობელობის ორგანოდ მიიჩნეოდა. ეს იდეა რომაელმა ექიმმა კლავდიუს გალენოსმა მეორე საუკუნეში უარყო. მხოლოდ ამის შემდეგ, ძილის ფენომენი გულიდან ტვინში "გადავიდა". მიუხედავად ამისა, შემდეგი 1600 წლის განმავლობაში ძილის შესწავლის მხრივ დიდი არაფერი მომხდარა. დიდი ხნის განმავლობაში ძილი განიხილებოდა, როგორც დეტოქსიკაციის პროცესი, რომელიც თრგუნავდა სხეულის მექანიზმებს და იწვევდა სისხლის ნაკლებობას.

განმანათლებლობასთან ერთად მეცნიერები და მოაზროვნეები ძილის ფენომენით უფრო სერიოზულად დაინტერესდნენ. ნელ-ნელა ადამიანებმა დაიწყეს ძილის მეცნიერულად შესწავლა. უკვე მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1903 წელს გამოჩნდა პირველი საძილე აბი — ბარბიტალი. 1916 წელს ექიმმა კონსტანტინ ფონ ეკონომომ შეისწავლა ენცეფალიტის მქონე პაციენტები, რომლებსაც ძილის დარღვევა აღენიშნებოდათ, შედეგად მან გამოავლინა ტვინის რეგიონი, რომელსაც ჰიპოთალამუსი ეწოდება.

დღეს ჩვენ ვიცით, რომ ჰიპოთალამუსი დაკავშირებულია თავის ტვინის ლიმბურ სისტემასთან და ის აწესრიგებს ძილისა და ღვიძილის მდგომარეობას, ემოციურ ქცევასა და მოტივაციებს. 1924 წელს გამოიგონეს ელექტროენცეფალოგრამა, რამაც ძილის შესწავლა ახალ ეტაპზე აიყვანა. მალევე შეისწავლეს ტვინის განსხვავებული ელექტრული ტალღები ძილისა და სიფხიზლის დროს. 1958 წელს აღმოაჩინეს მელატონინი — ეპიფიზის მთავარი ჰორმონი, რომელსაც ძილის ჰორმონსაც ეძახიან.

ძილის ისტორია ამით არ დასრულებულა. დღესაც უამრვი კვლევები ტარდება ამ ფენომენის შესასწავლად და მეცნიერები მას ახლაც აქტიურად სწავლობენ.

რა არის ძილი — ეტაპები

ძილი კომპლექსური ორგანიზმებისთვის პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც ტვინის სტრუქტურების კოორდინირებული მოქმედებები განსაზღვრავს. ჩვენ ვიცით, რომ ძილი გარეგნულად ხასიათდება შედარებითი უმოძრაობით, რა დროსაც დათრგუნულია/შეცვლილია ცნობიერის აქტივობა, თუმცა ის პერიოდულად აქტიურდება სიზმრის დროს.

დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ძილი ადამიანის ცხოვრების პასიური ნაწილი იყო. ახლა, ბევრად მეტი რამ ვიცით ძილის მნიშვნელობის შესახებ, მათ შორის ის რომ ტვინი საკმაოდ აქტიურია ძილის დროს.

მეცნიერები ძილის ციკლს ოთხ ეტაპად ყოფენ:

პირველი ეტაპი — პირველი გარდამავალი ეტაპია სიფხიზლესა და ძილს შორის. ამ პროცესს მსუბუქ ძილსაც ეძახიან. ასეთ დროს კუნთები დუნდება და თქვენი გულისცემა, სუნთქვა და თვალის მოძრაობა ნელდება. ძილის პირველი ეტაპი ჩვეულებრივ რამდენიმე წუთს გრძელდება.

მეორე ეტაპი — ეს ეტაპი ხასიათდება ღრმა ძილით, რადგან გულისცემა და სუნთქვის სიხშირე კიდევ უფრო ნელდება, შესაბამისად კუნთებიც უფრო მოდუნებულია. ასეთ დროს თვალების მოძრაობაც შეჩერებულია და იკლებს სხეულის ტემპერატურა. როგორც წესი, მეორე ეტაპი ყველაზე ხანგრძლივია ძილის ოთხი ეტაპიდან.

მესამე ეტაპი — ძილის ეს ეტაპი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რათა მეორე დღეს თავი "განახლებულად" იგრძნოთ. ამ დროს გულისცემა, სუნთქვა და ტვინის ტალღების აქტივობა აღწევს ყველაზე დაბალ დონეს, კუნთებიც მაქსიმალურადაა მოდუნებული.

მეოთხე ეტაპი — ძილის ბოლო ეტაპს REM ძილს ეძახიან. ასეთ დროს ტვინის აქტივობა მატულობს და უახლოვდება იმ დონეს, როგორიც სიფხილზისას გვაქვს. ითვლება, რომ ძილის ეს ეტაპი აუცილებელია კოგნიტური ფუნქციებისთვის, როგორიცაა მეხსიერება, სწავლა და კრეატიულობა. ეს პერიოდი ასევე ცნობილია ყველაზე ნათელი სიზმრებით, რაც აიხსნება ტვინის აქტივობის მნიშვნელოვანი მატებით. სიზმრები შეიძლება ვნახოთ ძილის ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ ისინი შედარებით ინტენსიურია სწორედ ბოლო ეტაპზე.

რა ხდება ძილის დროს

როგორც უკვე ვახსენე ძილის დროს ორგანიზმი ისვენებს და ძალას იკრებს. ჯანსაღი ძილი ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და თავიდან აიცილოს დაავადებები. ეს ის პროცესია რა დროსაც ორგანიზმი ხელახლა ივსება ენერგიით, ხდება ქსოვილების განახლება და მეხსიერებაში დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის ნაკადის გადამუშავება. საკმარისი ძილის გარეშე ტვინი ვერ მუშაობს გამართულად. ძილის უკმარისობა გვირთულებს კონცენტრაციის შესაძლებლობას, ნათლად აზროვნებასა და ზოგადად მახსოვრობის დამაზიანებელიცაა.

 

განვიხილოთ რამდენიმე მოვლენა, რაც მეცნიერების აზრით პირდაპირ ძილის პროცესთან არის დაკავშირებული:

ენერგიის დაზოგვა — ენერგიის კონსერვაციის თეორიის მიხედვით, ენერგიის შესანარჩუნებლად ჩვენ გვჭირდება ძილი. ძილი საშუალებას გვაძლევს შევამციროთ ჩვენი კალორიული მოთხოვნილებები, რა დროსაც დაბალ მეტაბოლიზმის დონეზე ვფუნქციონირებთ. ამ კონცეფციას მხარს უჭერს ძილის დროს ჩვენი მეტაბოლიზმის ვარდნა. კვლევებმა აჩვენა, რომ 8 საათიანი ძილი ენერგიის 35 პროცენტით დაზოგვაში გვეხმარება.

უჯრედული აღდგენა — აღდგენითი თეორია, გვეუბნება, რომ სხეულს სჭირდება ძილი თავის აღსადგენად. ამას მხარს უჭერს მრავალი მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ხდება ძილის დროს, მათ შორის: კუნთების აღდგენა, ცილის სინთეზი, ქსოვილების ზრდა და ჰორმონების გამოყოფა.

ტვინის ფუნქციონირება — ძილი საჭიროა ტვინის ფუნქციონირებისთვის. კერძოდ, ის ჩვენს ნეირონებს რეორგანიზების საშუალებას აძლევს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ როცა გვძინავს, ტვინის სისტემა ასუფთავებს ნარჩენებს ცენტრალური ნერვული სისტემისგან. ძილის პროცესი შლის ტვინიდან ტოქსიკურ ქვეპროდუქტებს, რომლებიც გროვდება მთელი დღის განმავლობაში.

ემოციური ფაქტორი — ძილის დროს ტვინის აქტივობა იზრდება იმ ადგილებში, რომლებიც არეგულირებენ ემოციებს, რაც ხელს უწყობს ტვინის ჯანსაღ ფუნქციონირებას და ემოციურ სტაბილურობას. ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ძილს ემოციების დარეგულირებაში დაგვეხმაროს, არის ამიგდალაში. თავის ტვინის ეს ნაწილი პასუხისმგებელია შიშის რეაქციაზე. ეს არის ის, რაც აკონტროლებს თქვენს რეაქციას, როდესაც ხვდებით აღქმულ საფრთხეს, როგორიცაა სტრესული სიტუაცია.

 

ძილის ბიოლოგია — შინაგანი საათი

"ბიოლოგიური საათი" — შინაგანი საათი არეგულირებს თქვენს ძილის ციკლს, აკონტროლებს როდის გრძნობთ თავს დაღლილად და გსურთ დაძინება. ეს პროცესი მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში და ცნობილია როგორც ცირკადული რიტმი. აღსანიშნავია, რომ შინაგანი საათის მიხედვით იცვლება ყველაფერი — არტერიული წნევა, გულისცემა, სხეულის ტემპერატურა, ჰორმონალური აქტივობა და მეტაბოლური პროცესები. ჩვენი ორგანიზმი განსაკუთრებით აქტიურდება შუადღით, ხოლო ღამით ეს აქტივობები მაქსიმალურად მცირდება. ორგანიზმში არსებული "ბიოლოგიური საათი" თითქმის ზუსტად ემთხვევა 24 საათიან ციკლს. ანუ, ჩვენ მზის ამოსვლასთან ერთად გაღვიძებისთვის ვართ მზად, ხოლო ჩასვლასთან ერთად დაძინებისთვის.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შუქია სწორედ ის რაც ჩვენი ძილის სინქრონიზაციას ახდენს. როდესაც მზე ამოდის და შუქში ვექცევით ყველაზე მეტად ხდება კორტიზოლის გამოყოფა. კორტიზოლი ჰორმონია, რომელიც გვეხმარება სხვადასხვა სახის სტრესთან გამკლავებაში. მისი გამოყოფა მკაცრად არის დაკავშირებული დღიურ რიტმსა და ძილის რეჟიმთან. მისი გამოყოფის პიკი არის გამთენიისას, დღის განმავლობაში მისი კონცენტრაცია იკლებს და მინიმუმს აღწევს ძილის წინ. როგოც ძილის ნაკლებობა, ასევე დაძინების დროის დარღვევა იწვევს კორტიზოლის გამომუშავების რიტმის ცვლილებებს და თანმხლებ უარყოფით შედეგებს ორგანიზმზე.

რაც შეეხება მზის ჩასვლას და მასთან ერთად სიბნელეს, ამ დროს ჩვენს ორგანიზმში გამოიყოფა მელატოლინი. ეს ჰორმონი ძილთან არის დაკავშირებული და მის სურვილს გვიჩენს.

სწორედ ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერები აქტიურად სწავლობენ პერიოდებს თუ რა დროა ჩვენი ძილისთვის იდეალური. როგორც უახლესი და მასშტაბური კვლევა გვეუბნება, დაძინებისთვის იდეალური პერიოდი საღამოს 10-დან 11 საათამდეა. კვლევამ აჩვენა, რომ ასეთ დროს გულის დაავადებების გაჩენის რისკი კლებულობს.

 

კვლევის შედეგები გვეუბნება, რომ დაძინების კონკრეტულ პერიოდთან შედარებით, მათ ვინც ბევრად უფრო გვიან იძინებენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი 25 პროცენტით მეტი აქვთ. აღსანიშნავია, რომ დაავადებების განვითარების რისკი მათშიც მაღალია, ვინც საღამოს ათ საათამდე იძინებს.

ძილის პრობლემები და თანამედროვე გამოწვევები

როგორც ვხედავთ ძილის დარეგულირება მნიშვნელოვანია და ჩვენი ორგანიზმი სინქრონიზირებულია მზის ამოსვლასა და ჩასვლასთან. ეს ბუნებრივია და იმ ათასობით წლის გამოცდილებიდანაა, რაც ჩვენს წინაპრებს ჩამოუყალიბდათ. თუმცა, დღეს არსებობს ტექნოლოგიები, სხვათაშორის თომას ედისონის დამსახურებით, რომლებიც "ანათებს". მზის ჩასვლასთან ერთად სრული სიბნელე აღარ დგება, მეტიც, ჩვენ ხელში მუდმივად ისეთი ტექნოლოგიები გვიკავია, რომლებიც ანათებენ.

კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენს მიერ წარმოებული ხელოვნური განათებები ძილის ბუნებრივი რეჟიმის შეცვლისკენ გვიბიძგებენ, საბოლოოდ ეს ნაკლებ ძილშიცაა გადაზრდილი. ძილის აღმრიცხველ მონაცმებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დღეს ადამიანი საშუალოდ 2 საათით უფრო გვიან იძინებს და შესაბამისად უფრო გვიანაც იღვიძებს, ვიდრე ამას წინა თაობები შვრებოდნენ.

მეტიც, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 2008 წელს ჩაატარა კვლევა, რის მიხედვითაც აშშ-ში მომუშავე ზრდასრულთა დაახლოებით მესამედს 6 საათზე ნაკლები სძინავს. შედარებით მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევებმა კი დააფიქსირეს, რომ ზრდასრულთა უმეტესობას საშუალოდ კიდევ უფრო ნაკლები სძინავს.

ერთია დროის სიმცირე, რასაც თანამედროვე სამყაროში სულ უფრო ვგრძნობთ და მეორეა ტექნოლოგიები, რაც უკვე ზემოთ ვახსენე. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორმა ჩარლზ ცეისლერმა ჩაატარა მასშტაბური კვლევა, რამაც აჩვენა, რომ მათ, ვინც დაძინებამდე ელექტრონულ წიგნებს კითხულობს, უფრო მეტი დრო სჭირდება დასაძინებლად. ასეთ დროს ადამიანებს ჰქონდათ მელატონინის დონის და ნაკლებობა და დილით გამოფხიზლებაც შედარებით უფრო უჭირდათ.

კვლევები აჩვენებს, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში დაფიქსირდა ძილის საშუალო ხანგრძლივობისა და ხარისხის საგრძნობი შემცირება.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ტექნოლოგიები ცუდია და ის ჩვენ გვნებს, აქ საქმე იმაშია თუ რამდენად სწორად გამოვიყენებთ მათ. ტექნოლოგიების არასწორად გამოყენების კარგი მაგალითია მონაცემები, რის მიხედვითაც, ყოველი რვა ადამიანიდან ერთი ჩვენგანი ღამით საძინებელში მობილური ტელეფონის ან ლეპტოპის ეკრანს ჩართულს, შესაბამისად განათებულს ტოვებს, რაც ზრდის ჩვენი ძილის დარღვევის რისკებს. ასეთ დროს ჩვენს ტვინს ჰგონია, რომ ჯერ კიდევ დღეა და ახლა ძილის დრო არ არის.

ძილი ადამიანებსა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებში — განსხვავებები

ძილი სიცოცხლის სხვდასხვა ფორმებში განსხვავებულია. მაგალითად, დელფინებს საკმაოდ უცნაური ძილი ახასიათებთ. ისინი ცურვას არც ძილში წყვეტენ და მას ჩვეულებრივ აგრძელებენ. აი ჟირაფები კი უძინართა კონკურსში ყველა ადამიანს დაამარცხებდნენ, მათ საშუალოდ დღეში 2 საათამდე ძილი ჰყოფნით. ჟირაფების ფონზე, და არა მარტო მათ ფონზე, ნამდვილი მძინარე მზეთუნახავები არიან ყავისფერი ღამურები, რომლებსაც დღის განმავლობაში საშუალოდ 20 საათამდე სძინავთ. ადამიანის შემთხვევაში ძილის ხანგრძლივობა განსხვავებულია და ის დამოკიდებულია თუ რა ასაკის ვართ. მეცნიერებს ადამიანებისთვის ძილის ხანგრძლივობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით აქვთ განაწილებული.

რაც უფრო პატარაა ადამიანი, მას მით უფრო მეტი ძილი სჭირდება. მაგალითად ახალშობილებს, პირველ სამ თვემდე მთელი დღის განმავლობაში 14-დან 17 საათამდე ძილი შეუძლიათ. ძილის პერიოდი მცირდება ასაკის მატებასთან ერთად. უკვე 3-დან 5 წლამდე ბავშვს 10-დან 13 საათის განმავლობაში შეიძლება ეძინოს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ თინეიჯერების შემთხვევაში ძილის იდეალური ხანგრძლივობა 8-დან 10 საათამდეა, როდესაც ზრდასრულებისთვის ამ პერიოდს საშუალოდ 7-დან 9 საათამდე სჭირდება.

თუმცა, ჩვენ შორის არის განსხვავებები და ზოგიერთ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია შესანიშნავად იფუნქციონიროს ექვს საათიანი ძილის შემთხვევაშიც. მიუხედავად ამისა, მიჩნეულია, რომ საშუალოდ ზრდასრულ ადამიანს 24 საათის განმავლობაში 8 საათის ძილი ესაჭიროება.

ძილის ამ მრავალფეროვნების ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუნებამ კომპლექსური სიცოცხლის ფორმები ძილის ინსტრუმენტით აღჭურვა, რაც მის აუცილებლობაზე მეტყველებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს თავში ხსენებული დუალიზმის მომენტი — სუფთა გადარჩენის კუთხით, ძილს აქვს "ნაკლი", ასეთ დროს ცოცხალი ორგანიზმები მტრისგან თუ მტაცებლისგან დაუცველები არიან. დღეს შეიძლება თბილ და კომფორტულ ლოგინში მშვიდად ვწვებოდეთ და არ ვფიქრობდეთ იმაზე, რომ ღამე რომელიმე მტაცებელი თავს დაგვესხმევა, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. ჩვენი შორეული წინაპრები, ძილის დროს სხვადასხვა მტაცებლისთვის ადვილი ნადავლი იქნებოდნენ, თუმცა ის რომ ევოლუციამ ძილის სისტემის შექმნით მაინც აღგღვჭურვა ეს მის აუცილებლობასა და გარდაუვალ საჭიროებაზე მეტყველებს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ბუნების ეს საჩუქარი შევირგოთ, დავწვეთ, თვალები დავხუჭოთ და მშვიდად დავიძინოთ, იმის შანსი, რომ ღამე სახლში ველური მტაცებელი გამოგვეცხადება ბევრად ნაკლებია, ვიდრე ეს ჩვენი წინაპრების შემთხვევაში.

ძილი შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით ღმერთი არ არის, მაგრამ რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, მასში დაკარგული დროა სწორედ ის რაც სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს და რაც მთავარია, თავად ჩვენს ცხოვრების ხარისხსაც ზრდის.

ამიტომ, ძილში დაკარგული დრო, განსაკუთრებით ჯანსაღი ძილის შემთხვევაში, ფუჭად დაკარგული ნამდვილად არ არის!

ძილი ნებისა. . .

ნანახია: (310)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას