წმ.მელეტი ანტიოქიელი(+381)
წმიდა მელეტის ცხოვრება ძალიან საინტერესო და ტრაგიკულია. ურთულეს ეპოქაში მოუწია ეპისკოპოსობა, ურთულეს რეგიონში. მელეტიმ ხელდასხმა ოფიციალური ეპისკოპოსებისგან მიიღო. ოფიციალურები, ანუ იმპერატორის მიერ აღიარებულები და კათედრებზე მყოფნი კი მაშინ არიოზელები, ნახევრადარიოზელები და მაკედონიანელები იყვნენ. თავად მელეტი მართლმადიდებლობის უშიშარი აღმსარებელი იყო, რისთვისაც სამჯერ განდევნეს ანტიოქიის კათედრიდან, მაგრამ ანტიოქიელმა მართლმადიდებლებმა იგი თავიდან არ მიიღეს ეპისკოპოსად რადგან არიოზელთა მიერ იყო ხელდასხმული. მართლმადიდებლები კი ანტიოქიაში წმ.ევსტათი ანტიოქიელის სამწყსო იყო, თავად წმ.ევსტათი უკვე გარდაცვლილი იყო ამ დროს ექსორიობაში, მაგრამ მის მაგივრად ეპისკოპოსი პავლინი იყო, რომელსაც აღიარებდა წმ.ათანასე დიდი და რომის ეკლესია. ამის გარდა ანტიოქიაში ამ დროს, მესამე მართლმადიდებელი ეპისკოპოსიც იყო თავისი მომხრეებით, ეს იყო ვიქტორი, რომელსაც წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი ზნეკეთილ მოძღვარად მოიხსენიებს. მეოთხე ეპისკოპოსი კი ოფიციალური იყო - ევოდი არიოზელი. ანუ რაოდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ანტიოქიაში 4 ეპისკოპოსი იყო, აქედან 3 მართლმადიდებელი, რომელთაც ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდათ. წმ.მელეტი, რომელიც უაღრესად განსწავლული ღვთისმეტყველი იყო, ბევრს ეცადა დაქსაქსული მართლმორწმუნეების გაერთიანებისთვის, მაგრამ ისე გარდაიცვალა, რომ არაფერი გამოუვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ყოველთვის უჭერდნენ მხარს დიდი კაპადოკიელები: ბასილი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი და სხვები. ბასილი დიდი მღვდლად მელეტისგან იყო ხელდასხმული, ასევე მისგან იყო ხელდასხმული დიაკვნად და დადგენილი მქადაგებლად წმ.იოანე ოქროპირი. მელეტიმ შესთავაზა პავლინს - მოდი შევრიგდეთ, ერთად ვიმსახუროთ და სამღვდელმთავრო ტახტზე არცერთი არ დავჯდეთ, არამედ მასზე სახარება დავასვენოთ და ჩვენ გვერდით დაუდგეთო, მაგრამ უარი მიიღო. მელეტი 381 წელს გარდაიცვალა, მეორე მსოფლიო კრების მიმდინარეობისას, რომლის თავჯდომარედაც იყო არჩეული.
გელასი აროშვილი
ნანახია: (365)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას