„და უთხრა ზოგიერთებს, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ თავის თავში, რომ მართლები არიან და ამცირებდნენ დანარჩენებს, ეს იგავი: ორი კაცი ავიდა ტაძარში სალოცავად: ერთი - ფარისეველი და ერთი - მეზვერე“.
ფარისევლები ყველგან და ყოველთვის ცდილობდნენ სხვებზე გამორჩეულები და აღმატებულები ყოფილიყვნენ. სამოსითაც განსაკუთრებულად იმოსებოდნენ, საკუთარ თავს ასეც გამოარჩევდნენ სხვათაგან, ხოლო მეზვერეები იყვნენ ადამანები, რომელნიც ხარკს კრეფდნენ რომის იმპერიის სასარგებლოდ და საკუთარ თვისტომს ხშირად ძალიან ცუდად ექცეოდნენ, რის გამოც ისინი სძულდათ.
,,ფარისეველი დადგა და ასე ლოცულობდა თავისთვის: ღმერთო, გმადლობ შენ, რომ არა ვარ, როგორც დანარჩენი ადამიანები, მტაცებელი, ცრუ ან მრუში, როგორც ეს მეზვერე; ვმარხულობ ორგზის შაბათის განმავლობაში, მეათედს ვიხდი მთელი ჩემი მონაგებიდან”.
ადამიანის დაცემულ გულს მრავალი ცოდვა ტანჯავს, მაგრამ მათ შორის არც ერთი არ არის ფარისევლობაზე საშინელი, რადგან ისე არაფერი ვნებს და ასნეულებს ადამიანის გულს, როგორც ფარისევლობა. ყველა ცოდვა ადამიანში გარკვეული ასაკიდან იწყებს მოქმედებას, ფარისევლობა კი ადამიანს ბავშვობიდან აწუხებს და საფლავამდე მიჰყვება. პირველი თვისება ფარისევლობისა არის ამპარტავნობა, გულზვიადობა. ფარისეველი შევიდა ტაძარში ლოცვისვის და ლოცვის მაგიერ გულში საკუთარი თავის ქება დაიწყო. რამხელა ამპარტავნება, როგორი მდგომარეობაა ადმიანის სულისა, როცა ტაძარში ლოცვის დროსაც კი სიმდაბლისა და ვედრების ნაცვლად თავის ქებას იწყებს! როდესაც გესმის შენ ეს უგუნური ლოცვა ფარისევლისა, ხომ არ გახსენდება ამის მსგავსი რამ შენი ცხოვრებიდან?! ხშირად ჩვენც დავმსგავსებივართ ალბათ ამ ფარისეველს, საყვარელო ძმანო, ვინ იცის ზოგიერთს რამდენჯერ უამაყია თავისი თავით, და თავი ამ ფარისევლის მსგავსად უმართლებია, მადლობა ღმერთს, რომ არ არის ქურდი, კაცის მკვლელი, მრუში! რამდენჯერ ყოფილა მამას უსაყვედურია შვილისთვის, ან მოძღვარს მიუცია შენიშვნა თავისი მოწაფისთვის, ხოლო პასუხად ასეთივე სიტყვებით უმართლებია თავი, რას ერჩიან მას, ქურდი და კაცისმკვლელი ხომ არ არის. ყველა ადამიანს აქვს ეს მავნე ჩვევა თავის მართლებისა, რომ ბევრი მასზე უარესია. აი უგუნურება ფარისევლობისა, თავს იმშვიდებ და უკეთესად მიგაჩნია თავი, რომ სხვა შენზე უარესია. ,, არა ვარ, ისეთი, როგორც დანარჩენი ადამიანები“ - ეს სიტყვები ფარისევლობის სხვა თვისებასაც გამოავლენს - სხვა ადამიანის დამცირებასა და შეურაცხყოფას: მე არა ვარ სხვა ადამიანების მსაგასი, მე სხვაზე უმჯობესი ვარ. ნუთუ ეს ქედმაღლური, უგუნური სიტყვა არ მოგაგონებთ დღევანდელ ქრისტიანთა საუბარს? იქნებ შენც გითქვამს ამის მსგავსი სიტყვა?! მართალია, ასე პირდაპირ არ იტყვი, რომ სხვაზე უკეთესი ხარ, მაგრამ სხვისი განკითხვით, ირიბად შენს თავს ასე წარმოაჩენ. როდესაც საუბრობ შენი მოყვასის შეცდომებზე, დასცინი მის საქმიანობას, მის თვისებებს, მაშინ შენს საუბარში ისმის მსგავსი ამ ფარისევლის სიტყვისა, თითქოს იმას ამტკიცებ, რომ შენ იმ კაცის მსგავსი არ ხარ, რომელსაც განიკითხავ, შენ ასეთ შეცდომას არ დაუშვებ, რადგან ჭკვიანი ხარ და ასე შემდეგ. სწორედ იმ ფარისევლის მსგავსი ხარ, შეიძლება თვითონ ვერც კი ამჩნევ, მაგრამ ფრთხილად იყავი! ,,ვმარხულობ ორგზის შაბათის განმავლობაში, მეათედს ვიხდი მთელი ჩემი მონაგებიდან”.
აჰა, საყვარელო ძმაო, რა საშინელი და ზარდამცემი აზრი გამოდის მისი სიტყვებიდან. თურმე მარხვა და მსხვერპლის შეწირვა ორი სახისა ყოფილა! მარხვაც და მსხვერპლის შეწირვაც ზოგჯერ გამოდის არა სინანულისა და ღვთისმოყვარების, არამედ ამპარტავნებისგან! თურმე შეიძლება, რომ მარხვაც და მსხვერპლის შეწირვა ნიშნავდეს არა მადლსა და ღვთისმსახურებას, არამედ მხოლოდ ცოდვას და ღვთის წინააღმდეგობას! მაშ რისთვის იქებდა ფარისეველი თავს, სხვას რას უნდა ნიშნავდეს მისი ეს ნათქვამი? რას ნიშნავს ჭეშმარიტი მარხვა და მსხვერპლის შეწირვა? მხოლოდ გლოვას, მონანიებას, მწუხარებას, ტირილსა და ღვთისადმი ვედრებას. როდესაც ადამიანი მარხულობს, იმას ნიშნავს, რომ ის წუხს საკუთარის ცოდვების გამო. და თუკი წუხს, როგორ შეუძლია მას თავის ქება? ფარისეველმა ნამდვილად არ იცოდა, რა იყო მარხვა, სინანული, მსხვერპლის შეწირვა. მისი მარხვა არის ამპარტავნობისა და ორგულობის ნაყოფი, მას უმარხულია თავმომწონეობისა და პატივმოყვარებისთვის. აი, კიდევ ერთი თვისება ფარისევლობისა. ის ამას აკეთებს მხოლოდ მოჩვენებით და სხვის დასანახად, თუ მარხულობს, მხოლოდ ადამიანთა საჩვენებლად, უფალს შესწირავს ან გლახაკისთვის გაიღებს მხოლოდ მაშინ, თუკი სხვები დაინახავენ მას, და ასეა ყველა სხვა საქმეში. თუ სიტყვით გარწმუნებს, რომ ის არის შენი მეგობარი, სიკეთის მსურველი, ნუ დაუჯერებ. ნუ დაუჯერებ მაშინაც, როცა მწუხარე სახით გელაპარაკება რომელიმე ცოდვის ან უსამართლობის შესახებ, თითქოს სძაგდეს უსამართლობა. რამდენი ადამიანია ჩვენ შორის, ვინც მრისხანე სახის გამომეტყველებით და მწვავე სიტყვით განიკითხავს და განსჯის ადამიანის მოქმედებას! იფიქრებ, რომ მასზე უმჯობესი ადამიანი არ არსებობს, რომ მას ყველანაირი უმსგავსება სძულს, მაგრამ ვინ იცის, შესაძლებლობა თუ მიეცა, შეიძლება მან პირველმა აღასრულოს ეს უკეთური საქმე, რომლის გამოც სხვას განიკითხავს. მაგალითისთვის, რამდენი ადამიანი იქნება ჩვენ შორის ისეთი, რომელთაც ქრთამის აღების საშუალება და შესაძლებლობა არა აქვთ და სხვებს, ვინც ქრთამს იღებს, აგინებს და ლანძღავს?! როგორც კი თავად მიეცემა ქრთამის აღების საშუალება, სხვაზე უფრო მეტს ჩაიდენს. რა არის ფარისევლობა? ფარისევლობა სინდისის ჩაქრობაა, როდესაც სიცრუეს შეურიგდები და დაუმეგობრდები, როდესაც სულში სიყალბეს ატარებ. ამით ჩვენც ძმანო უნდა ვისწავლოთ, რომ არ ჩავვარდეთ თვითკმაყოფილებში უმცირესი მოქმედებით, რომ კვირაში ორჯერ მარხულობ და მეათედს შესწირავ. ღირსი და წმიდა მამები გასაოცარი მოღვაწეობით, მრავალი წლის განმავლობაში განმარტოებული ცხოვრობდნენ, უდიდესი ქველმოქმედებით საქმეებს აღასრულებდნენ, მაშინაც კი არ იყვნენ კმაყოფილნი საკუთარი თავისა, მაშინაც იმუნათებდნენ თავს და დაეჭვებულნი იყვნენ, აღასრულეს კი ღვთის მცნება?!
რის გამო გაამართლა უფალმა მეზვერე?!
,,ხოლო მეზვერე შორს იდგა. თვალების აპყრობაც არ უნდოდა ზეცად, არამედ იცემდა მკერდში და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს. გეუბნებით თქვენ: ეს უფრო გამართლებული ჩამოვიდა თავის სახლში, ვიდრე ის ფარისეველი, რადგან ყველა, ვინც აღიმაღლებს თავს, დამდაბლდება, ხოლო ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება.”
ცხადია, თუ როგორი სიმდაბლითა და შემუსრული გულით ლოცულობდა მეზვერე. მან განიცადა თავისი მდგომარეობა, აღარ იტყუებდა თავს. მხოლოდ საკუთარი უღირსება და ცოდვა ახსოვდა. ეს მცირე ლოცვა ღრმა სიმდაბლესა და განცდას გამოხატავს, ის თავს აღარ იმართლებს ფარისევლის მსგავსად, მან შეიმეცნა, რომ აქ ყოველგვარი თავის მართლება მზაკვრობა და სიცრუე იქნებოდა. ღვთის წინაშე შეინანა საკუთარი ცხოვრება. შენც ხშირად ამბობ ამ სიტყვებს, მაგრამ რას გრძნობ ამ დროს გულში? ღმერთი მხოლოდ სიტყვას არ ისმენს, გულის განცდასაც ხედავს. ჩანს, რომ მეზვერემ არ დამალა ღვთის წინაშე თავისი შეცოდებები, ნანობდა მას, მაგრამ უფალმა იგი მხოლოდ სიტყვით სინანულის გამო არ გაამართლა. ღმერთმა დაინახა, რომ მან მიიღო მტკიცე და შეურყეველი განზრახვა - აღარასოდეს მიქცეულიყო ადრინდელი ცოდვებისკენ. შენც კი ნანობ ხშირად შენს ცოდვებს, მაგრამ უფალი ხედავს, რომ ისევ უბრუნდები ადრინდელ მდგომარეობას, ამიტომაც შენი ლოცვა არ გამართლებს. ჭეშმარიტი ლოცვა საკუთარი თავის დანახვა, სულიერი მდგომარეობის აღქმაა, როდესაც გააზრებულად შეხედავ შენს თავს, გააანალიზებ შენს სულიერ ცხოვრებას, მიხვდები შეცოდებებს, ცხადად დაინახავ შენს სიგლახაკეს, შეშინდები საკუთარი უღირსების გამო, მწუხრებაში ჩავარდები და ამ განცდით მიმართავ ღმერთს, სულით და გულით მიიქცევი ზეციერი მამისკენ. ვინც ამგვარად გამოიძიებს საკუთარ თავს, მას აქვს სული შემუსრული და გული დამდაბლებული; მაშინ ის ლოცულობს არა ბაგითა და ენით, არამედ გულითა და სულით. ასეთი იყო ლოცვა მეზვერისა, მან იგრძნო თავისი სიგლახაკე, მერე გაახსენდა მამობრივი მოწყალება ღვთისა და მისმა სულმა ამოიოხრა: ,,ღმერთო მილხინე მე ცოდვილს” და მიიღო მაცხოვრისგან გამართლება.
უფალო იესო ქრისტე, ჩვენცა გვილხინე ცოდვილთა ამათ, ამინ.
წმიდა მღვდელმთავარ გაბირიელის(ქიქოძე) მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა
ნანახია: (321)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას