logo.png

ვინ არის მწყემსი კეთილი

„ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას“ (მათე 10, 28).

ყველა ქრისტიანისთვის, განსაკუთრებულად კი სასულიერო პირისთვის, მაცხოვრის ეს მოწოდება მუდამ თანმდევი უნდა იყოს მისთვის ცხოვრების გზაზე. სულ უნდა ახსოვდეს, რომ არანაირი ფინანსური კეთილდღეობის, შიშის, სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის გამო არასწორი პოზიციითა და ქადაგებით ბოროტება ღვთის საქმედ და ნებად არ წარმოვაჩინოს. ღვთისმსახურისთვის მხოლოდ ღმერთია მეუფე, მხოლოდ მის სწავლებას უნდა ქადაგებდეს და მის ნებას აღასრულებდეს.

თუნდაც შენი სახელმწიფოს მმართველი ახორციელებდეს ამ ბოროტებას, ან შენს ქვეყანაში მოქმედებდეს დამპყრობელი და გაიძულებდეს, მისი უღმერთო ქმედება ღვთის ნებად წარმოაჩინო, ყველანაირად წინ უნდა აღუდგე მას და მხოლოდ ღვთის სიტყვა, ღვთის სიყვარული უნდა იქადაგო. სწორედ ასეთ დროს გამოიცდება ქრისტიანი, სასულიერო პირი, მისი რწმენა და ღვთისადმი ერთგულება. უფალი იესო ქრისტე სწორედ ასეთთავის ამბობს ზემომოყვანილ სიტყვებს, რომ მისი არ უნდა გეშინოდეს, ვისაც ხორცის მოკვლა შეუძლია, არამედ მხოლოდ მისი, ვისაც გეჰენიას შეუძლია დაგამკვიდროს სულითა და ხორცით. არასწორი არჩევანითა და ცრუქადაგებით შენ თვითონ ირჩევ შენს ადგილს – საუკუნო ტანჯვას ცვლი ღვთის სწვლებაზე, უღვთო ქმედებას საღვთო საქმედ წარმოაჩენ და ეშმაკის სამსახურში დგები. პავლე მოციქული ბრძანებს: „თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს“ (გალატელთა მიმართ 1, 7-9).

ყოველი ქრისტიანის რწმენა საქმეში ჩანს. ჩვენი მოქმედება წარმოაჩენს, რამდენად მართალი ვართ ღვთის წინაშე. ყოველ ნაბიჯზე ამხელს ადამიანის მოქმედება მის მოჩვენებით სარწმუნოებას. დღეს ეს ნათლად ჩანს რუსეთის ეკლესიის სასულიერო პირების ქმედებაში.

როგორც ვიცით, დღეს უკრაინაში რუსეთის ეკლესია ავრცელებს თავის იურისდიქციას., რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინელები რუსეთის ეკლესიის სამწყსოს შეადგენენ. ისმის კითხვა: განა შეიძლება, რომ შენს სამწყსოს, რომელიც შენი ომოფორის ქვეშ იღებს სულიერ საზრდოს, კლავდე იარაღით, შიმშილით, სიცივით, უწყლობით... არ აძლევდე საშუალებას, მიეწოდოთ წყალი, მედიკამენტები, მშვიდობიან მოსახლეობას არ ატოვებინებდე ქალაქებს და შენს ამ ქმედებას რამენაირი აზრით ამართლებდე, საღვთო საქმედ მიიჩნევდე, მაშინ, როცა თავადაც იქ უნდა იდგე, როგორც მწყემსი კეთილი, მათთან ერთად ლოცულობდე და ტიროდე უდანაშაულო ადამინების, ბავშვების, ფეხმძიმე ქალების, მოხუცების, ღვთის შვილების სიკვდილს? უნდა გმობდე ამ უღმერთო ქმედებას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, მოუწოდებდე ამ ბოროტების შეჩერებას, მით უმეტეს, როდესაც ამას შენი სახელმწიფო ახორციელებს. ასეთი დამოკიდებულების მერე შეიძლება ვინმეს ქრისტიანობა უქადაგო? როგორ უნდა დააპურო ეს ხალხი ქრისტეს მადლით? განა ეს არის სულიერი საზრდო? ან ამ ყოველივეს შემდეგ ვინ უნდა დაარწმუნოთ, რომ მართმადიდებელი ქრისტიანების მფარველი ხარ, რომ თითქოს ქრისტიანულ ღირებულებებს იცავ, როცა ქრისტეს მიერ შენდამი მონდობილ შენივე სამწყსოს ასე ექცევი?! იმათთვისაც ყველაფერი ნათელი გახდა, ვისაც აქამდე რატომღაც ჯერ კიდევ იმედი ჰქონდა თქვენი მართლმოწუნეობისა. იაკობ მოციქული ბრძანებს: „რწმენა, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია. მაგრამ მავანი იტყვის: „შენა გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმე“. მიჩვენე შენი რწმენა საქმის გარეშე და მე ჩემს საქმეთაგან გიჩვენებ ჩემს რწმენას. შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც. შენ კი, ამაო კაცო, გნებავს იცოდე, რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია? განა საქმით არ გამართლდა მამაჩვენი აბრაამი, როცა თავის ძეს ისააკს მსხვერპლად სწირავდა? ხომ ხედავ, რომ რწმენა შეეწია მის საქმეს, საქმემ კი სრულყო რწმენა. და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, რაც სიმართლედ შეერაცხა“ და ღვთის მეგობრად იწოდა იგი. როგორც ხედავთ, კაცი საქმით მართლდება და არა მხოლოდ რწმენით “(იაკობის ეპისტოლე 2, 17- 24). და თქვენ მიერ ჩადენილი საქმე რაზე მეტყველებს, ქრისტეს სიყვარულზე? ქრისტიანების სიყვარულზე? კაცთმოყვარებაზე? ქრისტეს მცნებების აღსრულებაზე? ყოველი სასულიერო პირი ქრისტეს განასახიერებს, რომლის მოწოდებაც სამწყსოსთვის საკუთარი თავის გაწირვაა, და არა სამწსოს გაწირვა საკუთარი წოდებისა თუ პატივის, ანდა შიშის გამო. მაცხოვარი როგორც სიტყვით ასწავლის, ისე საქმითაც და ბრძანებს: „მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან თავი თჳსი დადვის საცხოვართა თჳსთა ზედა“ (იოანე 10, 11.). ე. ი. მღვდელმა, ეპისკოპოსმა, პატრიარქმა სამწყსოსთვის თავი უნდა დადოს, ეს არის ქრისტიანობა. მაგრამ ვაი იმათ, ვისზეც მაცხოვარი ბრძანებს: „ხოლო სასყიდლითი დადგინებული იგი არა არნ მწყემსი, რომლისაჲ არა არიედ თჳსნი ცხოვარნი. ვითარცა იხილის მგელი მომავალი, დაუტევნის საცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის და განაბნინის. რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ და არარაჲ ჰჭირნ ცხოვართა მათთჳს“ (იოანე 10, 12_13).

რუსეთის ეკლესიამ ამ მოქმედებით თვითონვე შეუწყო ხელი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, რადგან თავადვე თქვა ამ სამწყსოზე უარი. ამიტომ უკრაინაში რუსეთის საეგზარქოსოში მოქმედი ბევრი მღვდელმსახური, როგორც მაღალი იერარქი, ისე დაბალი, ტოვებს რუსეთის ეკლესიის იურიდიქციას, აღარ თვლის რუსეთის პატრიარქს თავის მწყემსმთავრად, აღარ იხსენიებს ლოცვებში. ამის გამო სრულიად დაკარგავს რუსეთის ეკლესია უკრაინის სამწყსოზე იურიდიქციას. როდესაც მის სამწყსოს ქრისტეს ეკლესიის წევრებს ასე ექცევიან, უფალი იესო ქრისტე ასე მოქმედებს, ჩამოართმევს მათ ამ უფლებას, რადგან მაცხოვარი არასდროს ტოვებს თავის შვილებს. ჩვენ ყველა ერთად სულ მალე ვნახავთ როგორ განახორციელებს ამას უფალი.: „და სხუაცა ცხოვარ არიან ჩემნი, რომელ არა არიან ამის ბაკისანი, და იგინიცა ჯერარიან ჩემდა მოყვანებად აქა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს ამისთჳს უყუარ მე მამასა ჩემსა, რამეთუ მე დავდვა თავი ჩემი, რაჲთა მერმე აღვიღო იგი “(იოანე 10, 16-17).

განა ღვთის ხმა, მისი მოწოდება ადამიანის ეკლესიის წიაღში მოსაყვანად, რისთვისაც იესო ქრისტემ დაღვარა სისხლი და დღევანდელი რუსეთის ეკლესიის სასულიერო პირების ხმა, სიტყვა და მოქმედება ერთია? შეესატყვისება მათი მოწოდება ქრისტესას? ვინც ღირსია ამ უმაღლესი ღვთის სამსახურის მოწოდებისა, სწორედ მას ჩააბარებს უფალი თავის სამწყსოს.

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი

ნანახია: (535)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას