პირველ რიგში, როდესაც მორწმუნე ადამიანები ვსაუბრობთ სამყაროს მომავალზე, მის აღსასრულზე, გადასხვაფერებასა თუ ახალი ერის (ერა) დასაწყისზე, აუცილებლად უნდა დავეყრდნოთ ბიბლიის ტექსტურ სწავლებას. უფრო მეტიც – კომენტირებულ ბიბლიასა და არა თანამედროვეთა არაკონტექსტურ კერძო აზრებს (თეოლოღუმენი), სიზმართ-მეზღაპრეობას, მჩხიბავთა ვარაუდებსა და მისანთა ვერსიებს; არც ვინმე ავტორიტეტის მშობლის სიზმრებს, არც კუთხურ შოვინიზმსა თუ მესიანიზმს და მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის ოფიციალური სწავლებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
ამრიგად, მოდით მივყვეთ ელემენტარულ საეკლესიო კატეხიზმოს. სარწმუნოების სიმბოლოს – "მრწამსის" მე-7 წევრში ვკითხულობთ: "და კვალად მომავალ-არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ". აქედან ვსწავლობთ, რომ უფალი კვლავ და აუცილებლად მოვა ადამიანთა წინაშე. ეს, უფლის მეორედ (დიდებით) მოსვლა იქნება. ამჯერად, იგი მოვა არა როგორც უბრალო და უწყინარი მოძღვარი, როგორც ეს პირველად იყო, არამედ მოვა მთელი თავისი ღვთაებრივი დიდებით, ძალმოსილებითა და ურიცხვი ანგელოზების თანხლებით. მოვა სკიპტრით, როგორც ყოვლადმართალი, პირუთვნელი და მიუკერძოებელი მსაჯული, განსასჯელად "ცოცხალთა და მკვდართა". ე.ი. მოხდება საყოველთაო აღდგომა. ეს იქნება "საშინელი სამსჯავრო", რამეთუ გამოაშკარავდება თითოეული ჩვენგანი სინდისი, ყოველი გულისთქმა, სიტყვა და საქმე, რომელიც კი ოდესღაც ჩაგვიდენია. ყველანი მივიღებთ საბოლოო განაჩენს, რაც ჩვენი ამქვეყნიური საქმიანობისა და ცხოვრების წესის შესაბამისი იქნება: "მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთა ებრ" (რომ.2,6). წმ. იოანე ოქროპირის აზრით, ზოგნი, ისეთნი ცხონდებიან ვისაც ვერც კი წარმოვიდგენდით, ხოლო ისეთები წარწყმდებიან, ვისზეც ვერასდროს ვიფიქრებდით!
უფლის მეორედ მოსვლის თარიღი და კონკრეტული დრო არავინ იცის! როდესაც მოციქულებმა ჰკითხეს იესოს: "ოდეს იყოს ესე?" (მათე 24, 3) – მაცხოვარმა უპასუხა, რომ "დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან" (მათე 24, 36). მაშასადამე, წმიდა წერილი ღრმად ინახავს საიდუმლოს და მისი მეორედ მოსვლის ზუსტ დროს არ გვამცნობს, რათა ყოველთვის სიწმიდესა და უმანკოებაში შევინახოთ თავი და ნებისმიერ დროს მზად ვიყოთ უფალთან შესახვედრად. ანუ, ეს საიდუმლო მხოლოდ ყოვლადწმიდა სამებისთვისაა ცნობილი, რამეთუ სამყაროს განგება და წრე-ბრუნვა მის ხელთაა, რადგან იგია "ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული".
ცხადია, ჩვენ არ ვიცით უზუსტესი მომენტი დროისა, თუ როდის მოხდება მაცხოვრის მეორედ მოსვლა, მაგრამ ბიბლიურად და პატრისტიკულად, წინარე ეტაპის მახასიათებლებზე გარკვეული წარმოდგენა გვაქვს ფიქსირებულად განსაზღვრული და პროგნოზირებული.
ღვთისაგან დაწესებული ვადების არცოდნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ქრისტიანს, ფიქრებით ჩაუღრმავდეს ისტორიულ მოვლენათა მსვლელობას და მათი "ბოლო ჟამის" მოახლოების ნიშნები ამოიცნოს. უფალი გვარიგებდა:"ხოლო ლეღვისაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დაცვივან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული" (მათე 24,32).
ერთ-ერთი კრიტერიუმი არის საყოველთაო აპოსტასია, ანუ ანტითეიზმი და უღმერთობა ("უკანასკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი. და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვეცხლის მოყუარე, ლაღ, თავ მოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა უმადლო, უღირს, უყუარულ... გულის თქუმის მოყუარე უფროის, ვიდრე ღმრთის მოყუარე. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაი და ძალსა მისსა უარჰყოფდენ" 2 ტიმ. 3, 1-5). ასევე უსიყვარულობა, ჰედონიზმის აპოგეის კულმინაციური პიკი და ეკლესიაში შემოჭრილი "ერული სული", ანუ მიწიერება და ქრისტოცენტრული მდგენელის - ანთროპოცენტრულობით ჩანაცვლება. ამასთან, სახარების გავრცელება მთელ მსოფლიოში: "და იქადაგოს სახარება ესე სასუფევლისა ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული" (მათე 24,14). და ბოლოს, ცრუმესიის, ე.წ. ანტიქრისტეს ზეობის ხანა, რომლის მახასიათებლებსა და მოქმედების სავარაუდო ფორმებს ზედმიწევნით აღწერენ წმ. კირილე იერუსალიმელი თავის "განსასწავლ დარიგებანში"(მე-5 და მე-15) და ღირსი ეფრემ ასური ნაშრომში "სიტყვა უფლისა და ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ".
თუ გადავხედავთ დღევანდელობას, აპოკალიპტური სიმპტომები გარკვეული დოზით სახეზეა, თუმცა შეუძლებელია იმის დაბეჯითებით თქმა, რომ იგი ახლოსაა, რადგან მორალურ-ზნეობრივი თუ რელიგიური აშლილობები სხვადასხვა ცივილიზაციათა დომინანტობის დროსაც უხვად გვხვდებოდა. თუმცა საყურადღებოა მაცხოვრის პირველად მოსვლის მოვლენა, როცა უფალი მოდის სწორედ აღვირახსნილი რომის ზღვარდაუდებლობის ზენიტის დროს, რაც რეტროსპექტიულად იძლევა ერთგვარ სტანდარტს, თუ როდის და როგორ (უკიდურესად ურწმუნო და დაცემულ) სამყაროში მოვა იგი.
ხშირად გსმენიათ ალბათ ფრაზა - "ბოლო ჟამი", რომლის მნიშვნელობაც უმეტესობამ კარგად არ უწყის. მასში იგულისხმება შემდეგი?
მივყვეთ ქრონოლოგიას:
პირველი ჟამი კაცობრიობის ისტორიაში გახლდათ ადამისა და ევას სამოთხისეული ყოფა; მეორე ჟამი არის ქრისტეს განკაცებამდელი პერიოდი სამყაროს განვითარებისა, ხოლო მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ ჩვენ ვცხოვრობთ მუდმივად სწორედ "ბოლო ჟამის" ეპოქაში, რომელიც ამა თუ იმ მათემატიკურ თარიღს არ უკავშირდება შინაარსობრივად.
ღმერთმა თავისი სიბრძნით მეორედ მოსვლის თარიღი არ გამოგვიცხადა, ისევე როგორც არ ვიცით ჩვენი ამქვეყნიდან გასვლის (გარდაცვალების) დრო, რათა არ შეგვიპყროს დაძაბულობამ, შიშმა, შფოთმა და უიმედობამ, არამედ მუდამ მზად და ფხიზლად ვიყოთ. ამ ფონზე, ჩვენი ადამიანური მოვალეობაა, რომ ვირწმუნოთ ჭეშმარიტი ღმერთის, მისი მოწყალებისა და სამართლიანობის, რათა ჩვენი სამარადისო ცხოვრება გაგრძელდეს სასუფეველში, საუკუნო ნეტარებასა და დაულევნელ სიხარულში, “რომელ აღუთქვა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა”.
ამდენად, ქრისტიანული ღვთისმეტყველების ერთ-ერთ უმთავრეს და ფუძემდებლურ დოგმატს წარმოადგენს სწავლება – “იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის” შესახებ. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში მავანი მწვავე დრამატიზებით ცდილობს, რომ აღნიშნული თემის გარშემო გამოიწვიოს ფატალისტური ისტერია, აპოკალიპტური უტრირება და ტოტალური პანიკა, რაც განპირობებულია საკითხის უცოდინრობიდან, სხვაზე ანგარიშსწორების სურვილიდან, ძალაუფლებითა და კომფორტით მიღებული ტკბობიდან, ადამიანთა დეპრესიული მიდრეკილებებიდან და ეგოისტური კარჩაკეტილობიდან.
ისმის რამდენიმე შეკითხვა: 1)როგორ უნდა მოემზადოს ქრისტიანი მეორედ მოსვლისთვის?
პასუხი: სინანულში მომუშაკებული სიხარულითა და მადლიერებით, ქველი საქმეებითა და სხვათა შეწყალებით.
2)ვინ შეიძლება ტირაჟირებდეს და პროგნოზირებდეს მეორედ მოსვლას მღელვარებით?
პასუხი: მხოლოდ არაინფორმირებული, ურწმუნო, უფლისადმი არამსასოებელი, სინდისდალაქავებული და მომაკვდინებელ ცოდვებში დანთქმული უნანელი. რადგან ასეთი ადამიანისათვის ისეთივე დამამძიმებელი იქნება განსჯა, როგორც დამნაშავე კრიმინალური პირისთვის სასამართლო პროცესი. თუმცა ყველანი ცოდვილები ვართ, ნუ დაგვავიწყდება, რომ თუკი ადამიანთა მიერ დაწერილ იურისპოდენციაში მოიპოვება “შეწყალებისა და სასჯელის შემსუბუქების” მექანიზმები, ასევე ყოვლადმოწყალე უფლის ბუნებაც თავის თავში იმდენად დიდ მიმტევებლობას ატარებს, რომ საკუთრივ სიტყვას არ ძალუძს ოდნავ მაინც დაიტიოს მისი სიღრმე. როგორც იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი) იტყოდა: “კაცობრიობის ცოდვები ერთად აღებული, ისე შთაინთქმება და იძირება ღვთის სიყვარულში, როგორც ზღვაში ჩაგდებული ქვა”!
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯოჯოხეთი არ არსებობს. იგი შესაძლოა არ არსებობდეს როგორც რაღაც გეოგრაფიული, სივრცული მონაკვეთი ან გეომეტრიული განზომილება, მაგრამ მდგომარეობის მხრივ მისი ფენომენი ნამდვილად არსებობს, რაც ცოდვათა სიუხვის გამო უფლის სიახლოვით ყოფნის შეუძლებლობას ნიშნავს, როცა ღმერთის ნეტარი თუ სხივოსანი წიაღი და მისი სიყვარული აუტანელი და დაუტევნელი ხდება გამომდინარე სულის ატროფიიდან, ე.ი. იმ მოცემულობიდან, როცა თავად შენი სინდისი და “ჯანმრთელობა” არ შეგიწყობს ხელს “მზის გულზე” გაჩერებაში.
მორწმუნეთათვის აპოკალიფსი გულისხმობს არა ტრაგედიას, ან მწუხარებას, არამედ მონატრებულ მამასთან და ცოდვამდელ ადამთან ნოსტალგიურ დაბრუნებას, რაც ენითაღუწერელ სიხარულსა და საბოლოო გათავისუფლების აქტს მოიცავს.
V მსოფლიო საეკლესიო კრებამ (553 წელი, კონსტანტინეპოლი) უარყო ორიგენისტების ცრუსწავლებანი და განსაკუთრებით კატეგორიულად დაგმო მათი შეხედულება, თითქოს ნივთიერი სამყარო კი არ გარდაიქმნება, არამედ მთლიანად განადგურდება.
ე.ი. რაც შეეხება მატერიალურ სამყაროს, ის განა განადგურდება, არამედ, აჯობებს რომ ვთქვათ – უკეთესობისკენ გადასხვაფერდება და მას არ ექნება დასასრული...
“ამის მამოწმებელი ამბობს: “ჰე, მალე მოვალ! ამინ. ჰე, მოდი, უფალო იესო!” (გამოცხ. 22,20)
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი
ნანახია: (291)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას