logo.png

Gelasi Aroshvili

უკანასკნელი მარილი

ბეთანიელი ბერის იოანე მაისურაძის ჩანაწერებიდან

"ჩვენ რო გამოგვრეკეს ბერძნებმა ათონის მთიდან, ეს ამბავი გაიგო ჟორდანიამ და ორი კაცი გაგზავნა ათონში შესაკითხად - ქართველი ბერები რათ გამორეკეთო და პასუხი ასეთი იყო, კანონს არ ემორჩილებიანო. რაში იყო ეს კანონის დაუმორჩილობლობა, აღარც ის იკითხეს და აღარც სხვა".

ათონიდან საქართველოში დაბრუნებული მამა იოანე არმაზის მონასტერში ერთ ბერთან ერთად მოღვაწეობდა.

მამა იოანეს ჩანაწერებიდან: "არმაზში ვართ. ვნახოთ, კარებსა რეკავენ, გავაღე კარები, ოთხი ვინტოვკიანი სალდათები. რა გინდათ - პური. მივეცი... გზა გვიჩვენეო. მივდივარ წინ, მოდიან უკან. გავარდა ვინტოვკა, მომხვდა მარცხენა ბეჭის ბოლოში, გაიარა გვამი, წამომხეთქა პირიდან სისხლმა. ვაიმე, მომკლეს-მეთქი. გავჩანჩალდი. იმ ღამეს ტყეში ვეგდე. სიკვდილს ველი. გათენდა ცოცხალი ვარ... ავდექი, წამოვედი მცხეთაში. ჩემზე წინ ჩემი ამხანაგი ჩამოვიდა მცხეთაში, ისიც თავშია დაჭრილი. ეუბნევა მცხეთელებსა, - წადით, იოვანე მოკლეს, დამარხეთო. მე, იოვანე, ცოცხალი ჩამოვედი მცხეთაში. სამი თვე სახლში ვიწექი, არ მოვკვდი. ჩირქით ვიმსებოდი. მომარჩინეს, ორჯელ ოპერაცია მიყვეს. რო ვრჩებოდი, ახლა ტიფი დამემართა... ესეც გადავიტანე, აღარ წავედი არმაზში, არამედ წავედი მამა ანტონში მარტყოფის მონასტერში ცოტა ხანი. ამოვიდა მარტყოფის საბჭო და გამოგვიცხადა, - არ გვინდიხართო. ვაი ჩემს უბედურებას. ეს ერთი კაცი ვეღარ დამიტია ქვეყანამა. ჩამოვედი თბილისში, შევეფარე ამბროსი კათალიკოსს. ამბროსი კათალიკოსიც თავის სახლშია დაკრძალული, ჩაკეტილი, გარეთ გამოსვლის ნება არა აქვს".

გელასი აროშვილი

ნანახია: (291)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას