logo.png

ქმნიან სატელიტს, რომელსაც დედამიწაზე ცალკეული ადამიანების დანახვა შეეძლება

სტარტაპი Albedo Space სატელიტებს ქმნის, რომლებსაც შეეძლება, კადრი დედამიწაზე მოსიარულე ცალკეულ ადამიანებამდე მოაახლოოს. ორბიტაზე მისი გაშვება 2025 წლისთვის იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს.

პროექტის დამფუძნებლების განცხადებით, სატელიტები სახის ამოცნობის ტექნოლოგიით არ იქნება აღჭურვილი, თუმცა იგი ადამიანების ასახვას შეძლებს. სატელიტებით თვალთვალის კუთხით ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელმაც კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს.

New York Times-ის მიხედვით, სტარტაპმა აშშ-ის თავდაცვასთან არაერთი კონტრაქტი გააფორმა და $100 მილიონი ინვესტიცია მოიზიდა. შესაბამისად, სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ სამომავლოდ სათვალთვალო კამერების მქონე სატელიტები იქნება კოსმოსში.

კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ პრობლემებს სტარტაპი ეხმაურება, თუმცა ზედაპირულად. მაგალითისთვის, 2021 წლის თებერვალში ტოფერ ჰადადმა, Albedo Space-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ფორუმ Hacker News-ზე კომენტარი გააკეთა. მან ერთ-ერთ ინტერნეტმომხმარებელს უთხრა, რომ "უაღრესად გააზრებული ჰქონდათ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული საკითხები და მისი შესაძლო ბოროტი მიზნებით ან არასწორად გამოყენება". იგივე რამ სტარტაპის დირექტორმა ახლა New York Times-საც უთხრა.

მიუხედავად ამ პრობლემისა, ალბედო ტექნოლოგიას ადამიანების გადარჩენის მიზნით ამართლებს. მისი თქმით, სატელიტები დედამიწიდან დაახლოებით 161 კილომეტრზე მოთავსდება, რაც ხელისუფლებას შეიძლება კატასტროფის არეალის აღრიცხვაში დაეხმაროს. სტარტაპის ვებსაიტზე ისიც წერია, რომ მისი გამოყენება ინფრასტრუქტურის მონიტორინგის, ურბანული დაგეგმარებისა და თავდაცვის მიზნითაც შესაძლებელია.

ექსპერტთა ნაწილი თანხმდება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მართლაც შეიძლება, სატელიტები გამოსადეგი აღმოჩნდეს. მეორე მხრივ, კონფიდენციალურობის შესაძლო საფრთხეები უნდა დავივიწყოთ. მაგალითად, შესაძლოა, იგი მორალის პოლიციამ გამოიყენოს ზოგიერთ ქვეყანაში ანდა მთავრობამ — საპროტესტო აქციის მონაწილეთა საწინააღმდეგოდ.

Albedo პირველ სატელიტს ორბიტაზე 2025 წლისთვის გაუშვებს. სწორედ მას შემდეგ გავიგებთ, გადაწონის თუ არა ეს რისკები სარგებელს.

წყარო: Futurism

ნანახია: (194)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას