logo.png

FDA-მ მოყინვის სამკურნალო პირველი წამალი დაუშვა

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ძლიერი მოყინვის სამკურნალო პირველი მედიკამენტი დაუშვა. ამის შესახებ თავად სააგენტოსგან შევიტყვეთ.

მედიკამენტს ილოპროსტი ეწოდება და Aurlumyn-ის სახელით არის ბრენდირებული. იგი სისხლძარღვებს ხსნის და თრომბების გაჩენას უშლის ხელს, ასე კი ძლიერი მოყინვისას ამპუტაციის საჭიროებას ამცირებს. მარეგულირებელმა ორგანომ ნებართვა წარმატებული კლინიკური ცდის საფუძველზე გასცა.

კვლევაში 47 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც სერიოზული მოყინვა ჰქონდათ. მეცნიერებმა ცდისპირები სამ ჯგუფად დაყვეს: ნაწილს ყოველდღე 6 საათით მხოლოდ ილოპროსტს უკეთებდნენ ვენაში, ნაწილს — ილოპროსტისა და სხვა მედიკამენტების ნაზავს, ნაწილს კი — მხოლოდ სხვა მედიკამენტებს.

მხოლოდ ილოპროსტის მიმღები ადამიანებიდან ერთი კვირის შემდეგ ამპუტაცია არცერთს არ დასჭირვებია; ამპუტაცია დასჭირდა იმ ხალხის 19%-ს, რომლებიც ამ პრეპარატს სხვა წამლებთან ერთად იღებდნენ; მხოლოდ სხვა მედიკამენტების მიმღები მონაწილეებიდან მოყინული ადგილის მოკვეთა 69%-ს დასჭირდა.

კანადასა და ევროპაში ექიმები აქამდეც იყენებდნენ თრომბის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, რათა პაციენტებისთვის მოყინული ადგილების ამპუტაცია აერიდებინათ თავიდან. ეს წამლები სისხლდენის რისკს ზრდის ანდა დაზიანების მიღებიდან მხოლოდ 24 საათის განმავლობაშია ეფექტიანი.

ამის საპირისპიროდ, ახალი წამალი სისხლდენის რისკს არ ქმნის და დაზიანებიდან სამ დღემდე ვადაში შეგვიძლია გამოვიყენოთ. მას მოყინვის სამკურნალოდ უკვე წლებია იყენებენ კანადაში თუ ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში. ცნობისთვის, მედიკამენტი FDA-მ თავიდან 2004 წელს დაუშვა ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.

რა უნდა ვიცოდეთ მოყინვაზე

ძლიერი მოყინვა 0°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე იჩენს თავს. როგორც წესი, ეს ცხვირზე, ყურებზე, ხელისა თუ ფეხის თითებზე ემართებათ ხოლმე.

მოყინვისას შესაბამის ადგილას სისხლის მიწოდება მცირდება. ამის გამო ქსოვილებს ჟანგბადი აღარ მიეწოდება და ისინი იხოცება. შესაძლოა, ამ დროს თრომბებიც ჩამოყალიბდეს, რაც სისხლის მიმოქცევას კიდევ უფრო ანელებს. ასეთი მოყინვა იშვიათია, თუმცა ამ დროს ერთადერთი გამოსავალი ხშირად ამპუტაციაა ხოლმე.

CDC-ს მიხედვით, მოყინვის ადრეული ნიშანი კანში შეგრძნებისა და ფერის დაკარგვაა. შესაძლოა, იგი გათეთრდეს, მონაცრისფრო-მოყვითალო ელფერი შეიძინოს ან უჩვეულოდ გამაგრდეს და ცვილისებრი გახდეს. ამ დროს სასწრაფოდ სამედიცინო დახმარებას უნდა მივმართოთ.

ყველაზე მსუბუქ შემთხვევებში კანი მხოლოდ დროებით ზიანდება. ამ დროს ადამიანი ჩხვლეტას ან პულსაციას გრძნობს შესაბამის ადგილას. როგორც წესი, ასეთ დროს მოყინული ადგილი საკუთარი სხეულის ტემპერატურით ანდა თბილი (არა ცხელი) წყლით შეგვიძლია გავითბოთ.

წყარო: Live Science

ნანახია: (238)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას