logo.png

ადამის გოდება

''დაჯდა მაშინ ადამი სამოთხის კარიბჭესთან, ტიროდა, სახეში ხელს იცემდა და ამბობდა: მოწყალეო! შემიწყალე მე დაცემული!

ვაი მე ცოდვილს! ვინ ვიყავი და ვინ გავხდი! რა დავკარგე და რა ვიპოვე! სამოთხის ნაცვლად – ხრწნადი სოფელი; ღმერთის მაგივრად, ანგელოზებთან ერთად ყოფნის ნაცვლად – ეშმაკი და უწმიდური დემონები; მოსვენების ნაცვლად - მძიმე შრომა; ნეტარებისა და სიხარულის ნაცვლად – მწუხარება და სევდა; მშვიდობისა და მოუკლებელი მხიარულების ნაცვლად - შიში და წუხილის ცრემლი; სათნოებათა ნაცვლად – ცოდვები, სიმართლის ნაცვლად - სიცრუე; სიკეთის ნაცვლად – მზაკვრობა, სიბრძნის ნაცვლად – უგუნურება; ღმერთთან ყოფნის ნაცვლად – ექსორია, უზრუნველობისა და თავისუფლების ნაცვლად – მრავალი საზრუნავით სავსე ცხოვრება და უმწარესი მონობა. ვაი მე! მეფედ ვიყავი შექმნილი და ვნებათა მონად ვიქეცი. ვაი მე უბედურსა! რამეთუ გაუგონრობით სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილი ვიწვნიე. რა ვქნა? როგორ მოვიქცე? აქედან ბრძოლა და იქიდან შფოთი. აქედან ავადმყოფობა და იქიდან განსაცდელი. აქედან ხიფათი და იქიდან შემუსვრა. აქედან შიშები და იქიდან მწუხარებანი. აქედან ვნებები და იქიდან ცოდვები. აქედან სიმწარე და იქიდან შეიწროება. ვაი მე უბედურსა! რა ვქნა? საით გავიქცე? არ ვიცი რა ვეძებო? თუკი ცხოვრების ძებნას დავიწყებ – მისი განსაცდელების, შემთხვევითობების და ცვალებადობის მეშინია. იმას ვინც ანგელოზი იყო და ვითარცა მთიები ბრწყინავდა ახლა ეშმაკად ქცეულა. ვხედავ კაენს - ძმისმკვლელად. ქანაანს – დაწყევლილად. სოდომელთ – ცეცხლით დამწვართ. ესავს – განდრეკილს. ისრაიტელებს – რისხვის ქვეშ. გიეზიასა და მოციქულ იუდას – დაცემულებს ვერცხლისმოყვარეობის გამო. დიდ მეფესა და წინასწარმეტყველს – ცოდვათა გამო მოტირალს. სოლომონ ბრძენს –დაცემულს. შვიდი დიაკონიდან და ორმოცი მოწამიდანაც ვხედავ დაცემულებს. როგორც ბასილი დიდი იტყვის: სიხარულით მოიტაცა ბოროტმა თორმეტთაგან იუდა, ედემიდან ადამიანი და ორმოც მოწამეთაგან – განდრეკილი. ვხედავ ურიცხვ რაოდენობას დაცემულთაგან და არა მხოლოდ ურწმუნოებს არამედ მრავალი მოღვაწე და მრავალი მამაა მათ შორის. ვინა ვარ მე, ყველაზე უღირსი, უგრძნობელი, სუსტი რა შემიძლია საკუთარ თავზე ვთქვა! აბრაამი ''მიწას და ნაცარს'' ეძახის თავს. დავითი ''ძაღლსა ერთსა მკვდარსა და რწყილსა'', სოლომონი – ''ყრმასა ჩვილსა, რომელმან არა იცის მარჯვენა და მარცხენა''. ესაია – ''უბადრუკსა'', იერემია – ''უჭაბუკესსა''. მოციქული –''ცოდვილთა შორის უპირველესსა''

მე რაღა ვქნა? სად დავიმალო ამდენი ბოროტებით. როგორ განვლიო დარჩენილი ჩემი ცხოვრება? როგორ შევძლო ეშმაკის მახეთაგან თავის დაღწევა? დემონმა ძილი არ იცის, სიკვდილი ახლოსაა მე კი უმწეო ვარ. უფალო შემეწიე! ნუ დაუშვებ შენი ქმნილების დაღუპვას. ''მაუწყე მე უფალო, გზაო, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი''. ''ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმეთო ცხოვრებისა ჩემისაო''.

მხოლოდ ამ სიტყვების შემდეგ შესაძლოა შეიმუსროს ჩვენი სული, თუკი ოდნავ მაინც შემორჩენია რაიმე გრძნობა''.

წმ. პეტრე დამასკელი

ნანახია: (255)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას