logo.png

ჯვრისა და ხატის კურთხევა

მღვდლის მიერ ყოველდღიურად აღსასრულებელ მსახურებათა შორის ყველაზე ხშირი ხატებისა და გულსაკიდი ჯვრების კურთხევაა. ამ დროს მორწმუნე საკუთრად მისთვის, ან ახლობელი ადამიანისთვის სთხოვს მღვდელმსახურს ჯვრისა თუ ხატის კურთხევას. იმის გამოსახატავად, რომ გვწამს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, ყოველი ჩვენგანი მკერდზე ჯვარს უნდა ვატარებდეთ, როგორც ქრისტიანობის უმთავრეს სიმბოლოს. ჯვრის ძალით ჩვენ სულიერ კავშირში ვართ მაცხოვართან, მასთან, ვინც ჩვენს გამოსახსნელად საკუთარი ნებით იტვირთა ტანჯვა, წამება და სიკვდილი. აქედან გამომდინარე ჩვენ პატივს მივაგებთ მას, არა როგორც ნივთს, არამედ ქრისტე მაცხოვრის მიერ კაცობრიობის გამოხსნისა და მფარველობის ძალმოსილებას. ჩვენს სახელზე ნაკურთხ ჯვარს, რომელსაც გულით ვატარებთ, დიდი კრძალვით უნდა ვექცეოდეთ და ვუფრთხილდებოდეთ. არასდროს არ უნდა ვიხსნიდეთ მას. გამონაკლისს მხოლოდ ის შემთხვევა წარმოადგენს, როდესაც ჩვილი უნებლიედ ზიანს აყენებს მას. ამ დროს მართებულია პატარას მოვხსნათ ჯვარი და მის სიახლოვეს ჩამოვკიდოთ.

ჯვარს ყველას დასანახად, ტანსაცმლის ზემოდან არ უნდა ვატარებდეთ, როგორც ეს ხშირად ქალბატონებს სჩვევიათ-ხოლმე. ჯვრის მიმართ არ უნდა ჩამოგვიყალიბდეს ისეთი დამოკიდებულება, თითქოს ის ძვირადღირებული სამკაულია.

შესაძლოა თქვენს მიერ შეძენილი ჯვარი მართლმადიდებლურ კანონიკას არ შეესაბამებოდეს, ამის გარკვევა მოძღვრის მიერ ხდება და ასეთ შემთხვევაში სასულიერო პირი მას არ აკურთხებს. მართლმადიდებლურ იკონოგრაფიაში ჯვარცმულ მაცხოვარს ფერხნი ჯვარისებურად ერთი სამსჭვალით არ უნდა ჰქონდეს მიმსჭვალული, როგორც ეს კათოლიკურ სამყაროშია მიღებული.

ჯვრის დაკარგვის ან უნებლიე დაზიანების შემთხვევაში აუცილებელია შევიძინოთ ახალი და სასწრაფოდ ვაკურთხოთ ჩვენს სახელზე.

რაც შეეხება ხატს, იგი შეძენისთანავე უნდა ვაკურთხოთ ჩვენი ოჯახის წევრების ან მათ სახლეზე, ვისაც გვინდა, რომ ვაჩუქოთ. ხატი აუცილებელია იკურთხოს მაშინაც, როცა იგი რესტავრირდება ან განახლდება. ასევე საჭიროა მისი კურთხევა იმ შემთხვევაშიც, როცა სიწმინდე ნებითა თუ უნებლიედ შეიბილწება. მღვდელმსახური მათი კურთხევის წინ გულმოდგინედ დაათვალიერებს ხატებს, რადგან ისინი შესრულებული უნდა იყოს მართლმადიდებლური იკონოგრაფიის ტრადიციების შესაბამისად. თუ სასულიერო პირი მათ საეკლესიო კანონიკასთან შესაბამისობაში ვერ დარწმუნდება, მაშინ იგი უარს იტყვის მათ კურთხევაზე და განუმარტავს მორწმუნეს, როგორია მართლმადიდებლური კანონიკა, რადგან უცხოეთიდან, განსაკუთრებით ეგვიპტიდან და სირიიდან კომერციული მიზნებით ხშირად ხვდება ჩვენს ქვეყანაში კოპტური, მონოფიზიტური ხატწერის ნიმუშები, რაც არაკანონიკურია.

მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა.

ნანახია: (400)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას