logo.png

საღვთისმსახურო ნივთები

ტაძარში ისეთი კერძო მსახურების შესრულებისას, როგორიცაა ნათლობა, პარაკლისი, პანაშვიდი, ხატებისა და ჯვრების კურთხევა, საჭიროა სხვადასხვა საღვთისმსახურო ნივთები.

ნათლობის სამირონეში ინახება წმიდა მირონი, ნაკურთხი ზეთი, ღრუბელი მირონის მოსაწმენდად, თმის შესაკვეცი მაკრატელი, ზეთისა და მირონის საცხები. სამირონეები სხვადასხვა სახისაა.

ნათლობა სრულდება ემბაზში, უმრავლეს ტაძრებში ემბაზი დგას დარბაზში, სადაც ტარდება ნათლობა. ზოგიერთ ტაძარს აქვს ეზოში ცალკე სანათლავი შენობა ან ტაძარზე მიშენებული, რომელსაც ბაპტისტერიუმს უწოდებენ. ეს ბერძნული სიტყვაა და სანათლავს ნიშნავს.

სანათლავში დგას ემბაზი - იგივე საბანელი, დიდი თასის ფორმის ჭურჭელი. არსებობს სხვადასხვა გადასაადგილებელი ემბაზები. შესაძლოა, იგი ქვისგანაც იყოს აშენებული, რათა მასში ზრდასრული ადამიანის შთაფვლა შესაძლებელი იყოს. არსებობს კიდევ უფრო დიდი ზომის ავზებიც ნათლობის საიდუმლოს შესასრულებლად.

ჯვრების და ხატების კურთხევისთვის გამოიყენება უსუპი, რომლის მეშვეობითაც მღვდელი სიწმინდეებს ასხურებს ნაკურთხ წყალს. ნაკურთხი წყალი მცირე ზომის ფართოყელიან ჭურჭელში ასხია, მას მცირე ემბაზსაც უწოდებენ.

ამბიონთან ახლოს, ანალოღიაზე დაბრძანებულ ხატთა ხდება პარაკლისის გადახდა. ანალოღია მცირე ზომის შემაღლებულზედაპირიანი მაგიდაა, რომელიც ხატის დასაბრძანებლად, ან წმიდა წერილის წასაკითხად გამოიყენება მღვდლის, დიაკვნის ან მედავითნის მიერ. ანალოღიაზე მაცხოვრის აღდგომის, ან შესაბამისი დღესასწაულის ხატია დაბრძანებული.

ყველა ტაძარში გამოყოფილია მიცვალებულთა კუთხე, მაცხოვრის ჯვარცმის გამოსახულებით, რომელიც განკუთვნილია გარდაცვალებულთა სახელზე პანაშვიდის გადასახდელად.

ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულების დროს მოძღვარი იყენებს გვირგვინებს ნეფე-დედოფლისათვის, ასევე ტაკუკს, რომლის საშუალებითაც ღვინოს შეასმევს მეუღლეებს.

სამღვდელმთავრო ღვთისმსახურების დროს გამოიყენება ორსანთელა, იგივე დიკირი და სამსანთელა, ანუ ტრიკირი. დიკირი ორტოტა შანდალია და მაცხოვრის ორბუნებოვნების სიმბოლოს წარმოადგენს. ტრიკირი შესაბამისად, სამტოტაა და ყოვლადწმიდა სამების თაყვანისცემის გამომხატველია. მათი საშუალებით მღვდელმთავარი ღვთისმსახურების დროს მრევლს აკურთხებს.

წმიდა ლიტურგიის დროს გამოიყენება ამასთანავე სამწერობელი, იგივე რიპიდი. იგი დიაკვნებს უჭირავთ წმიდა ნაწილების კურთხევისას. ძველ დროში მისი საშუალებით საღმრთო ძღვენს მწერებისაგან იცავდნენ. სწორედ ამის გამო მიიღო მან სახელწოდება სამწერობელი. რიპიდი ზიარების საიდუმლოში ზეციურ ძალთა თანამონაწილეობის სიმბოლოს წარმოადგენს. სწორედ ამიტომაა მასზე ქერუბიმთა და სერაბიმთა გამოსახულებები. სამწერობლები გამოიყენება აგრეთვე სამღვდელმთავრო მსახურებისა და დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ჯვრითა და ხატებით მსვლელობის დროს. მათთან ერთად გამოიყენება ბაირაღებიც - ქსოვილზე გამოხატული ხატები, რომელიც გრძელ ტარზეა მიმაგრებული.

საღვთისმსახურო ნივთების უმრავლესობა ინახება საკურთხევლის მარჯვნივ არსებულ საცავში - სადიაკვნეში. იგი სალაროდ, საჭურჭლედაც იწოდება. საეკლესიო შესამოსელისა და საღვთისმსახურო ნივთების დაცვა დიაკვნის მოვალეობას წარმოადგენს, ამიტომაც ეწოდება სალაროს სადიაკვნე. აქვე ხდება სასულიერო პირთა შემოსვა ღვთისმსახურების დაწყების წინ.

მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა

ნანახია: (342)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას