logo.png

ფსიქოსომატიკა – რატომ ვხდებით ავად?

ავტორი: 

ნებისმიერი პათოგენეზისა და ეტიოლოგიის დაავადება გამოწვეულია გენეტიკური, იმუნური და გარემო ფაქტორების ზეგავლენით ადამიანის ორგანიზმზე. სამწუხაროდ, ყოველთვის გვავიწყდება ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ დამანგრეველი ზემოქმედების მქონე ასპექტი – ადამიანის ფსიქოლოგია და ის თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევამ ჩვენს ორგანიზმზე.

ადამიანებს ხშირად აწუხებთ გულისრევა, მუცლის შებერილობა, მუცლის არეში ტკივილი, ღებინება და ა.შ. მოცემული სიმპტომები დამახასიათებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისთვის უფრო ზუსტად კი გასტრიტისთვის. ერთი შეხედვით ყველაფერი ძალიან მარტივია და ექიმთან რამდენიმე ვიზიტით შეგვიძლია პრობლემის აღმოფხვრა, თუმცა არსებობს ერთი მაგრამ – ნერვული სისტემა. არსებობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნეიროფსიქოლოგიური პრობლემა, რომელიც იწვევს, შემდგომში კი ამწვავებს გასტრიტს. გასტრიტი არის კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება, რომელიც შეიძლება მოულოდნელად გამოვლინდეს (მწვავედ) ან განიცადოს ქრონიზაცია (ქრონიკული). ორგანულ დონეზე გასტრიტის გამომწვევი მიზეზი კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევაა, რომელიც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ბაქტერიების გავრცელებისთის. უმარტივესების მიკროფლორა კი ანადგურებს კუჭის ლორწოვან საფარს რომელიც კუჭს იცავს დამაზიანებელი ფაქტორებისგან. ამ უკანასკნელის გამოყოფა და თვით კუჭის მოქმედება პირდაპირ კავშირშია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან. ნერვული დაბოლოებები, რომლებიც აქტივდებიან ზოგად ემოციურ დატვირთვაზე და პასუხობენ შიშს, სიბრაზეს და გაღიზიანებას, თრგუნავენ კუჭის ჯირკვლების მიერ კუჭის წვენის (ლორწოს) გამოყოფას. ლორწოს კი, როგორც ვახსენე, დამცველობითი ფუნქცია აკისრია. თუ ცხოვრებისეული აღქმა არ იცვლება, ნერვული გადატვირთვა გრძელდება, მაშინ გასტრიტი შეუფერხებლად მიედინება, კუჭის ლორწოვანი შრე მთლიანად იშლება და ამ პროცესს მივყავართ ეროზიულ და წყლულოვან დაავადებებამდე. და ბოლოს რა თქმა უნდა კუჭის უჯრედების გადაგვარება სიმსივნეების გაჩენის რისკს ერთიორად ზრდის.

ფარისებრი ჯირკვლის ადეკვატური და არაადეკვატური ფუნქციონირების შესწავლა საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ადამიანის ცხოვრების ხარისხის და პიროვნების ფსიქოლოგიური მახასიათებლების შესახებ. ფარისებრი ჯირკვალი პასუხისმგებელია იმ ჰორმონებისა და ელემენტების წარმოქმნაზე, რომლებიც ჩვენს სხეულს ეხმარება გაუმკლავდეს უამრავ ცხოვრებისეულ “თავსატეხს”. გარდა ამისა ეს უკანასკნელი არის ენერგეტიკული ჯირკვალი, რადგან მისი ადეკვატურად მუშაობა ცხოვრების ტემპის მარეგულირებელია. არსებობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება (ჰიპერთირეოზი) და პირიქით, შემცირება (ჰიპოთირეოზი). დავას არ იწვევს ის საკითხი, რომ ადამიანის ორგანიზმის თითოეული შინაგანი სეკრეციის ჯირკვლის ფუნქციის მოშლა განპირობებულია მრავალი გენეტიკური თუ იმუნური რეაქცით, თუმცა უპრიანია ამ სტატიაში განვიხილოთ არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტი როგორიცაა ფსიქოლოგია და ადამიანური გრძნობების ერთობლიობა.

ჰიპოთირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია უკავშირდება ადამიანის პასიურობას, რომელსაც არ ეძლევა საკუთარი აზრის გამოხათვის საშუალება და ჩარჩოებშია მოქცეული. ხშირად ჰიპოფუნქცია გამოწვეულია მშობლების გადაჭარბებული მზრუნველობითა თუ მათი აქტიური ჩარევით შვილების ცხოვრებაში (განურჩევლად ასაკისა).

ჰიპერთირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია ასოცირებულია მუდმივად საგანგებო, გაუარესების რეჟიმში მომუშავე ადამიანებთან (ხშირ შემთხვევაში მათი სურვილის საწინააღმდეგოდ).

ორივე დარღვევის დროს მთავარ როლს ფსიქოლოგიურ ასპექტში თამაშობს თავისუფალი ნების შეზღუდვა, თავისუფალი არჩევანის გაკეთების შეუძლებლობა და შიში. სიბრაზისა და აღშფოთების მოქმედება მართალია არ არის იმდენად გამოხატული მოცემულ პათოლოგიაში როგორც შიშისა, მაგრამ აუცილებლად იმსახურებს ყურადღებას. დათრგუნული აღშფოთების შემთხვევაში ცვლილება შეინიშნება არამარტო ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაში, არამედ იმ ჯირკვლის მუშაობის ხარისხში, რომელიც გამოიმუშავებს ნორეპირეფრინსა და კორტიზონს (თირკმელზედა ჯირკვალი). ნორეპინეფრინის სეკრეცია განაპირობებს სისხლძარღვების შევიწროებას, გულისცემის აჩქარებას და სისხლის წნევის მომატებას, ხოლო კორტიზონი, რომელიც დაუყოვნებლივ არ მოქმედებს, იწვევს თიმუსის (ადამიანის ორგანიზმის მთავარი იმუნური ორგანო) განადგურებას. სტატისტიკის თანახმად, ქალები უფრო მიდრეკილნი არიან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებისკენ, რადგან ისინი უფრო მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევიან გარემოში არსებული კონფლიქტების მიმართ.

ჩვენი სხეული უამრავ ინფორმაციას იღებს, ამუშავებს, გარდაქმნის და ინახავს. ის საშუალებაა, რომლითაც ვარსებობთ და გარე სამყაროსთან მჭიდრო კავშირს ვინარჩუნებთ. თუმცა არის შემთხვევები როდესაც ჩვენი სხეული ტკივილის ენით გვესაუბრება და ჩვენც ჯიუტად ვცდილობთ ამ ტკივილის მედიკამენტებით ჩახშობას. მაგრამ რა მოხდება თუ მას მოვუსმენთ?

ყოველდღიური სტრესისა და გადაღლის ფონზე თავის ტკივილი ადამიანთა განუყოფელ ნაწილად იქცა. თავი, როგორც პირდაპირი ასევე გადატანითი მნიშვნელობით არის სხეულის უმაღლესი ანატომიური ერთეული, რომელშიც თავმოყრილია ადამიანის სიცოცხლისთვის და არსებობისთვის უმნიშვნელოვანესი ასპექტები. თავის ტკივილი გამოწვეულია სტრესული და ნევროლოგიური ფაქტორებით,როდესაც ხდება გარეგანი და შინაგანი კონფლიქტები. მოცემული დაავადება ძირითადად დამახასიათებელია ადამიანებისთვის, რომლებშიც დაგროვილია ბრაზი და უამრავი მიზეზის გამო ვერ გამოხატავენ, რომელთაც უწევთ ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც თავს დაფასებულად და კომფორტულად ვერ გრძნობენ. ტავის ტკივილი დამახასიათებელია ასევე მუდმივი წნეხის ქვეშ მყოფი ინდივიდებისთვის. ყველა ეს მდგომარეობა და მის მიერ გამოწვეული უარყოფითი ემოცია ღრმად იდგამს ადამიანში ფესვებს, სხეული კი ამ განცდებს “თარგმნის” როგორც ტკივილს. ბრაზი და უკმაყოფილება სწორედ ამ გზით გამოიხატება და ეს გამოხატულება გვევლინება საზოგადოებისთვის უფრო ადვილად მისაღებად და გასაგებად.

თავის ტკივილი შეიძლება გახდეს ადამიანის სოციუმიდან გარიყვის მიზეზი, რადგან ძნელია იყო სხვისთვის მისაღები, როდესაც თავს გაბეზრებს მუდმივი ტკივილი. შედეგად სახეზეა ქრონიკული სტრესი, რომელიც განაპირობებს ადამიანის დაბალ თვითშფასებას, დანაშაულის ძლიერ განცდას და უუნარობას გაუმკლავდეს რთულ ცხოვრებისეულ დავალებებს. სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა თავისთავად ითვლება სტრესულ ფაქტორად, რასაც შეუძლია გაზარდოს თავის ტკივილის გავნითარების რისკები. მარტოსულობისა და მიტოვებულობის შეგრძნება შეიძლება იყოს შეუმჩნეველი, თუმცა თავის ტკივილისადმი მნიშვნელოვანი განწყობა უკვე არსებობს ასეთ ადამიანში. თითქმის ყოველთვის სხეულის პროტესტს ადამიანები ახშობენ ტკივილგამაყუჩებლებით, რომლებიც შედეგს იძლევიან მხოლოდ ტკივილის დათრგუნვის მხრივ. ასეთი “მკურნალობა” მხოლოდ სიმპტომური და არაადეკვატურია, რადგან სიმპტომატიკის საფუძველში არის შინაგანი ან გარეგანი დაძაბულობა, რომელიც მიუწვდომელია თავად პაციენტისთვისაც, ანუ გაუცნობიერებელია ტკივილის რეალური მიზეზი.

მოამზადა ელენე ჯამბაზიშვილმა

ნანახია: (173)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას