ეკოლოგიურ პრობლემებთნ გასამკლავებლად აუცილებელია ვიცოდეთ, ზუსტად რასთან გვაქვს საქმე, რაზე მიუთითებს კვლევები და რა რისკები ახლავს პრობლემის გადაჭრის გაჭიანურებას.
გარდა ადამიანთა ჯანმრთელობისა, ჰაერის დაბინძურება ხელს უშლის აგროკულტურულ საქმიანობას, რადგან ის უარყოფითად მოქმედებს მოსავალზე, ასევე ის გლობალური დათბობის მთავარი მიზეზია. შესაბამისად აუცილებელია მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს ამ ეკოლოგიურ გამოწვევას, რომლის წინაშეც არა მხოლოდ ადამიანები, არამედ მთელი დედამიწა დგას.
ასევე იხილეთ: ახალი კვლევის მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის 99% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს
ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჰაერის დაბინძურება ხდება სხვადასხვა წყაროებიდან (ტრანსპორტი, ინდუსტრიული საქმიანობა, ნარჩენების წვა-გადამუშავება და ა.შ.). ასევე ცნობილია, კონკრეტულად რა შეიძლება გვხვდებოდეს დაბინძურებულ ჰაერში. მაგალითად, მეთანი ჰაერში ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ის ძირითადად არის აგროკულტურული და ნავთობგადამამუშავებელი საქმიანობების შედეგი. გარდა ამისა, აზოტის ოქსიდებიც აბინძურებენ ჰაერს.
თუმცა, მონაცემების მიხედვით, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში არის PM (particulate matter). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით ყოველწლიურად 4.2 მილიონი ადამიანი კვდება PM ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურების გამო. ჯამში წლიურად ჰაერის დაბინძურების მიზეზით 7 მილიონამდე ადამიანი ნაადრევად კვდება, რაც კოლოსალური რიცხვია. შესადარებლად ეს რიცხვი აღემატება კორონავირუსის ჯამურ ფატალურ შემთხვევებს.
ასევე იხილეთ: შესაძლოა, ჰაერის დაბინძურება სუიციდის რიცხვს ზრდიდეს — კვლევა
PM არის ზოგადი კლასი ნაწილაკებისა, რომლებიც დახარისხებულია მათი ზომის — და არა ქიმიური შემადგენლობის — მიხედვით. ქიმიურად ამ ნაწილაკებს სრულიად სხვადასხვა თვისებები აქვთ და მათი შემადგენლობაც განსხვავებულია, თუმცა ფიზიკურად მათ ზომათა სამ კლასს განასხვავებენ: PM1, PM2.5, PM10
რიცხვი 1 დასახელებაში მიუთითებს მიკრომეტრებზე. შესაბამისად PM1 არის მავნე ნაწილაკები, რომელთა დიამეტრიც 1 მიკრომეტრზე ნაკლებია. ცნობისთვის: ადამიანის თმის სისქე საშუალოდ 60 მიკრომეტრია. ისინი განსაკუთრებულად საშიშია, რადგან მარტივად შეუძლიათ ფილტვებიდან სისხლში მოხვედრა და იწვევენ ონკოლოგიურ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
ეს ნაწილაკები, როგორც წესი, განსაკუთრებით ჭარბობს სხვებთან შედარებით. მათი დიამეტრი 2.5 მიკრომეტრს არ აღემატება და ასევე შეუძლიათ გულ-სისხლძარღვთა სისტემაში მოხვედრა ფილტვებიდან. გრძელვადიანი შემხებლობა PM2.5-ით დაბინძურებულ გარემოსთან ასოცირებულია ფილტვის კიბოს რისკის ზრდასთან, მაღალ წნევასთან და გულის შეტევასთან.
ამ ნაწილაკთა დიამეტრი 10 მიკრომეტრამდეა, შესაბამისად ისინი სისხლში ვერ ხვდებიან, თუმცა მარტივად ხვდებიან სასუნთქ გზებში და ზრდიან ალერგიის და რესპირატორული დაავადებების რისკს. ჰაერში მათი შემცველობის გაზრდისას შესამჩნევია ერთგვარი სმოგი, თუმცა სმოგი ასევე სხვა დამანაგვიანებლებთანაც ასოცირდება
PM ნაწილაკები მრავალი სახეობისაა, მაგალითად, არსებობს ნაწილაკები, რომლებიც მძიმე მეტალებს შეიცავენ, როგორებიცაა ტყვია ან თუთია, რომელთა სისხლში მოხვედრაც საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. ის ასევე შეიძლება შეიცავდეს აზბესტს, კვარცს, მჟავებს და ა.შ. PM ნაწილაკები ხშირად გვხვდება დიდ ქალაქებში და ინდუსტრიულ რეგიონებში.
ასევე იხილეთ: როცა ქალაქსა და სოფელს შორის ზღვარი იშლება — ეკონომიკური განვითარების როლი ჰაერის დაბინძურებაში
ინტერნეტთან კავშირის შემთხვევაში IOS და Android მოწყობილობებზე დღესდღეობით ამინდთან ერთად AQI (ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი) არის მარტივად ხელმისაწვდომი, რომელიც დროის მოცემულ მომენტში გვიჩვენებს, თუ რამდენადაა დაბინძურებული ჰაერი ჩვენ გარშემო და რა არის დაბინძურეის მთავარი მიზეზი. უფრო გლობალური ინფორმაციისთვის ჰაერის დაბინძურების შესახებ გაეცანით ინტერაქტიულ რუკას: https://waqi.info/.
PM1, PM2.5 და PM10 ჰაერში დიდხანს ჩერდება და შესაბამისად მათი ზეგავლენაც გრძელვადიანია. თუმცა ნალექის (წვიმა, თოვლი) საშუალებით ისინი მიწდებიან და პირდაპირ საფრთხეს აღარ წარმოადგენენ.
ამ მავნე ნივთიერებების არაერთი წყარო არსებობს: დაწყებული ინდუსტრიული საქმიანობით და ტრანსპორტით (განსაკუთრებულად დიზელზე მომუშავე ტრანსპორტი), დამთავრებული გაზონის კრეჭით. ადამიანის აქტივობა დიდ ზეგავლენას ახდენს და ამატებს გარემოში ამ ნივთიერებათა ჭარბ რაოდენობას. თუმცა ეს ნაწილაკები ბუნებრივი გზებითაც იბადებიან. ბუნებრივ წყაროებს შორის გამოსარჩევია ტყის ხანძრები და მცენარეთა მტვერი.
საინტერესოა, როგორ ზეგავლენას ახდენს PM ნაწილაკები გარემოზე. პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ ეს ნაწილაკები საკმაოდ ამცირებენ ხილვადობის რადიუსს. კლიმატის ცვლილებას რაც შეეხება, ამ მტვერში ზოგიერთი ნაერთი ხელს უწყობს კლიმატის დათბობას, ზოგი კი — პირიქით. შესაბამისად, სახეზეა კლიმატის მოულოდნელი ცვლილება, რაც ეკოსისტემაზე უარყოფით გავლენას ახდენს. PM ნაწილაკები ასევე უარყოფითად მოქმედებს წყალზე, გრუნტზე და მცენარეებზე. კონკრეტულად: როდესაც ამ ნაწილაკების დაშლის შედეგად ხდება მისი აბსორბცია გრუნტის ან წყლის მიერ, რაც მკვეთრად ამცირებს ხარისხს და, შესაბამისად, ასეთ გუნტზე გაზრდილი მცენარეებზე უარყოფითად მოქმედებს.
მიუხედავად იმისა, რომ PM-ის საშიშროება ძირითადად შენობებს გარეთაა, ახალი კვლევები ადასტურებს, რომ PM მარტივად აღწევს და დიდხანს ჩერდება შენობებშიც.
ბოლო ათწლეულებში ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად გაიზარდა ახალი გამოწვევების რაოდენობაც. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ეკოლოგიური საკითხები. შესაბამისად მეცნიერები უკვე დიდი ხანია მუშაობენ ჩვენი გარემოს შესწავლაზე, რომ შევინარჩუნოთ სტატუს-კვო, რათა არ დაიწყოს შეუქცევადი პროცესები.
გაიზარდა ცნობიერება ამა თუ იმ ეკოლოგიურ პრობლემასთან დაკავშირებით. შეიქმნა ასოციაციები, მოხდა არაერთი გარღვევა სუფთა ენერგიის წარმოების მიმართულებით, შემუშავდა გაიდლაინები და დამტკიცდა კანონპროექტები, რომლებიც გარემოზე ზეგავლენას არეგულირებენ. თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით საკმარისი არ არის.
გარემოს დაცვა ისევ მთავარი გამოწვევაა დღევანდელი მსოფლიოსთვის. PM ნაწილაკები კი წარმოადგენს ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს იმისა, თუ როგორ ვმოქმედებთ ადამიანები ჩვენსავე გარემოზე. ამიტომ აუცილებელია ტექნოლოგიური (და არა მხოლოდ) წინსვლა ეკოლოგიის მიმართულებით.
ნანახია: (167)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას