logo.png

გაიცანით 16 Psyche, მეტალის ასტეროიდი, რომელიც 100 კვინტილიონ დოლარადაა შეფასებული

2023 წლის 13 ოქტომბერს, NASA-მ 16 Psyche-სკენ მისია გაუშვა. 25 მეტრი სიგრძისა და 7 მეტრი სიგანის ზონდი აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-ით გაგზავნა. ზონდი ასტეროიდამდე 2029 წლისთვის, 3.5 მილიარდი კილომეტრის გავლის შემდეგ მიაღწევს.

16 Psyche 1852 წელს იტალიელმა ასტრონომმა, ანიბალე დე გასპარისმა დააფიქსირა და ბერძნული ღვთაების სახელი უწოდა.

ობიექტი მზის სისტემაში არსებულ ასტეროიდებს შორის მასით 11-ე ადგილზეა. სხვა ასტრონომიული სხეულებისგან განსხვავებით, ის არა აირისგან ან კლდოვანი წარმონაქმნებისგან, არამედ, მეტწილად, მეტალებისგან შედგება. მისი 95% ნიკელი და რკინაა.

როგორც მიხვდებოდით, საქმე გვაქვს საკმაოდ დიდ და მეტალებით მდიდარ ასტეროიდთან.

ასტეროიდის ფულადი ღირებულებაა 100 კვინტილიონია. 16 Psyche ფაქტიურად ოქროს მაღაროა, რომელიც მანქანებისა და ელექტრონიკისთვის აუცილებელი იშვიათი ელემენტებითაა მდიდარი. საუბარია პლატინასა და პალადიუმზე.

გარდა ამისა, კოსმოსის ასათვისებლად არამიწიერი მასალაც დაგვჭირდება. ამისთვის კი იდეალური კანდიდატები ასტეროიდებია. შესაბამისად, კომპანიები, როგორიცაა AstroForge და TransAstra ასტეროიდებზე მაღაროების შექმნაზე ფიქრობენ.

თუმცა, რამდენად ახლოს ვართ ასეთ რეალობასთან?

ფლორიდის უნივერსიტეტის ფიზიკოსის, ფილიპ მეტცგერის თქმით, ტექნოლოგიურად ამასთან საკმაოდ ახლოს ვართ. დედამიწასა და ასტეროიდზე შესაბამისი რესურსების მოპოვების მხრივ განსხვავება აღჭურვილობაა. ასტეროიდების შემთხვევაში ხელისშემშლელი დაბალი გრავიტაცია და ძლიერი რადიაციაა. ამასთან, მოწყობილობას ავტონომიური ფუნქციონირება უნდა შეეძლოს.

მთელი ეს ტექნოლოგია უკვე შემუშავებული და გამოცდილია ლაბორატორიულ გარემოში, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის მზად იმპლემენტაციისთვის.

"ასტეროიდებზე რესურსების მოპოვების მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი კერძო სექტორთან იქნება დაკავშირებული. ასევე გასათვალისწინებელია ხარჯები, რომელიც რესურსების დედამიწაზე ჩამოსატანადაა საჭირო", — თქვა გეოლოგმა კევინ ქენონმა.

თუმცა, მსგავსი რესურსი მომავალში კოსმოსური მისიებისთვის შეიძლება შეუცვლელი იყოს. მაგალითად, ასე შეიძლება კოსმოსური ხომალდები საწვავით შევავსოთ.

ამ მხრივ იდეალური კანდიდატი 16 Psyche-ია. მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია დისტანცია. მთლიანობაში, მასალის დედამიწაზე ჩამოტანის პროცესს წლები დასჭირდება. როგორც უკვე თავში აღვნიშნეთ, დედამიწიდან გაგზავნილ მისიას ასტეროიდამდე მისაღწევად 5 წელი სჭირდება.

და მაინც, ამ მხრივ წინ მივიწევთ. Psyche-ის მისიის გაშვებამდე ერთი თვით ადრე, NASA-ს OSIRIS-REx-მა ასტეროიდ ბენუდან ნიმუშები დედამიწაზე ჩამოიტანა.

ასევე: ასტეროიდ ბენუს ნიმუში სიცოცხლის ძირითად საშენ მასალას შეიცავს

2020 წელს იაპონური კოსმოსური ხომალდი Hayabusa2 ასტეროიდ რიუგუს ნიმუშებით დაბრუნდა. ოქტომბერში კი ევროპის კოსმოსური სააგენტო მისიას ასტეროიდ ჰერასკენ გაუშვებს.

ჩამოთვლილი მისიები ასტეროიდიდან რესურსების მოპოვებაზე არაა აქცენტირებული, თუმცა ეს ყველაფერი საწყის ეტაპად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

წყარო: Livescience 

ნანახია: (201)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას