ავტორი : ქეთი ქურდოვანიძე
თუ ვიტყვით, რომ ყველაზე დიდი ფასი დროს დაედო, არ შევცდებით, რადგან ყველაფრის მოსწრება გვინდა, თუმცა ხანდახან არც კი ვიცით, რა არის ეს „ყველაფერი“. ფაქტია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაფერია, რადაგან მათ გარეშეც მშვენივრად ვარსებობთ, და არც განსაკუთრებულად სიამოვნებისმომგვრელ საქმიანობას ვაკლდებით, რადგან ასეთისთვის მუდამ ვიცლით. თუმცა ერთს ყოველთვის მშვენივრად ვახერხებთ - ჩავიხედოთ საკუთარ სმარტფონებში ყველა დაწკაპუნებაზე, გავიგოთ, ვინ რას გვწერს და ვინ რას გვთავაზობს, შემდეგ კი დაგროვილი უსარგებლო ინფორმაცია „წაშლის“ ღილაკის მეშვეობით სამუდამოდ გავაქროთ ჩვენი ცხოვრებიდან. მაგრამ, რასაც ვკითხულობთ, ძალაუნებურად მაინც გვამახსოვრდება, არა აქვს მნიშვნელობა, გამოვიყენებთ თუ არა ოდესმე ამ ინფორმაციას.
თუ ასეთი შთამბეჭდავია მოკლე ტექსტური შეტყობინება, წარმოიდგინეთ, როგორ მოქმედებს ავტორიტეტული, ნომინირებული თუ საყოველთაოდ აღიარებული პერსონების ნააზრევთან ზიარება, მით უმეტეს, რომ ამის დამახსოვრებას საგანგებოდ ვცდილობთ, შემდეგ რომ გამოვიყენოთ, ძირითადად თავის მოსაწონებლად.
თუმცა მეხსიერება მხოლოდ სუბიექრურად დამახსოვრების უნარით ხასიათდება, ასე ივსება თანდათან ჩვენი სივრცე ათასგვარი ინტერპრეტირებული ინფორმაციით და, შესაბამისაც, მასთან გამკლავებაც გაცილენით მეტ დროს მოითხოვს, ეს დრო კი ჩვენ არ გვაქვს, ამიტომაც ვიწყებთ „წაშლის ღილაკის“ გამოყენებას, რომ სივრცე გავათავისუფლოთ. რას ვშლით და რას ვტოვებთ?
ვშლით იმას, რაც გადავაფასეთ, ანუ ვივიწყებთ იმას, რასაც ოდესღაც კბილებით ვიცავდით. თავისუფალ ადგილს კი ვუთმობთ იმას, რაც კიდევ უფრო ძლიერად გვიპყრობს. ამის თვალსაჩინო მაგალითია საულის ბიბლიური ისტორია, რომელსაც პავლე მოციქული უწოდეს და რომლის ეპისტოლეებიც სამაგიდო წიგნად გაიხადეს.
ვშლით იმას, რაც ხელს გვიშლის მიზნის მიღწევაში. ეს ძირითადად გრძნობებია. გავიხსენოთ ჰამლეტი, რომელიც საკუთრი სივრცის დალაგებას გრძნობების წაშლით იწყებს, ის თავისუფლდება ყველა დამაბრკოლებელი ინსტინქტისგან, რომლებიც მის მთავარ მიზანს - შურისძიებას შეუშლის ხელს.
ვშლით ყველა უსიამოვნო მოგონეას, მათ შორის იმათაც, რომელთა დამახსოვრებაც მათი გამეორების ალბათობას შეამცირებდა, რადგან ვიცით, რომ არავის აინტერესებს, რამდენად რთული ცხოვრება გამოვიარეთ. ამის მაგალითია თომას მანისეული ბიბლიური იოსების ისტორია.
და კიდევ ვშლით იმ კადრებს, რომლებშიც საკუთარი თავი არ მოგვწონს, სადაც ჩანს ჩვენი ნაკლი და წარუმატებლობა იმ ნედლი ფოტოებივით, რომლებსაც „ედიტორი პროგრამების“ ყოვლისშემძლეობა ჯერ არ მიჰკარებია. ამ დროს კი ძალიან ვემსგავსებით კაფკას იოზებ კ-ს, რომელიც აცნობიერებს, რომ „დააკავეს“, ანუ შეაჩერა პიროვნული განვითარება, რადგან ის სხვების აზრზეა დამოკიდებული და ცდილობს, მათ მოაწონოს თავი, იცხოვროს მათთვის და არა საკუთარი თავისთვის. აქ თავს იჩენს ჩვენი ავტორიტარული ცნობიერება - დავემორჩილოთ იმას, რაც დაგვიწესეს, და წავშალოთ რეალობა, რომლის გამოსწორებაც ჩვენგან ძალისხმევას მოითხოვს.
ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, თუ რისი წაშლა სურს ადამიანს. „წაშლის ღილაკის“ არსებობა გვაიმედებს, რომ ყველაფრის თვიდან მოშორებაა შესაძლებელი და არ ვითვალისწინებთ, რომ შესაძლოა ისეთ ფაილსაც გადავეყაროთ ჩვენი ცხოვრების ქეისში, რომელიც არ იშლება. არ იშლება იმიტომ, რომ გაფუჭებულია და ჩვენს ხელთ არსებულ სხვადასხვა პროგრამას მათი ამოცნობა არ შეუძლია. ამიტომაც ხშირად უნდა შევამოწმოთ ჩვენი მეხსიერების ბარათი და შეძლებისდაგვარად დავაფორმატოთ. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ფაილების არსებობა ჩვენი დამსახურებაა, როდესაც მათი სისტემაში შემოსვლა არასერიოზულად აღვიქვით და ვიფიქრეთ - „მერე რა, წავშლი“. ასე გამოგვრჩა მათავარი, რომ წაშლა ყოველთვის ადვილი არ არის და არ ითვალისწინებს ჩვენს წინა გამოცდილებას.
ანტიკურ ეპოქაში „წაშლის სისტემა“ ადაპტირებული იყო მითებთან. რასაც ვერ უმკლავდებოდა ადამიანური ძალისხმევა, ინახავდა მითი. ამ სისტემამ საკმაოდ დიდხანს იმუშვა, თანაც წარმატებით, თითქმის ბაროკოს ეპოქამდე, ვიდრე საზოგადოებას არ გაუჩნდა სხვა სოციალური პასუხისმგებლობა არსებული კულტურული კონტექსტის - რენესანსის კრიზისის მიმართ. რადიკალური მოდერნიზაცია კი რეალიზმის ეპოქაში დაიწყო, როდესაც ცხოვრება სიზმარი კი აღარაა, არამედ რეალობა და მისი გაქრობის, წაშლის შანსი მინიმუმამდე მცირდება. მას მერე თითქმის არაფერი შეცვლილა, რეალობის აღქმის ფორმების გარდა. მზარდი სოციალური წნეხი და პოლიტიკური კატაკლიზმები ყოველდღიურობად იქცა და ამიტომაც „წაშლის სისტემაც“ მთელი დატვირთვით ამუშავდა.
ეს კარგად ჩანს პოსტკოლონიურ ლიტერატურაში, როდესაც მწერლობამ იკისრა მეხსიერებისა და ისტორიის კორელაცია, რათა საზოგადოებრივი მეხისერება ტრავმული, სტაგნაციური მდგომარეობიდან გამოეყვანა. მას მიაჩნდა, რომ წაშლილი, ანუ დეფორმირებული, მეხსიერება გავლენას ახდენდა, ამახინჯებდა რეალობას და ხელს უწყობდა სოციალური აღქმის დეგრადაციას, ასევე, პიროვნებისაც. მეხსიერებისა და რეალობის ურთიერთმიმართებას მიუძღვნა ფოლკნერმა მთელი თავისი შემოქმედება. მის რომანებში პერსონაჟთა წაშლილ მეხიერებას და, შესაბამისად, იდენტობას, არ ძალუძს აწმყოს რეალურად აღქმა. აქ ოკნაპატოფაც კი გამოგონილი ქალაქია, გამოგონილია დროც, რადგან ის რეალურად არ არსებობს და კვენტინის გაჩერებული საათივით ძველი და რიტუალურია („ხმაური და მრისხანება“). ასე იწყება პიროვნული დეკონსტრუქცია, რომლის აღდგენაც, ფოლკნერის აზრით, მხოლოდ მეხსიერების აღდგენითაა შესაძლებელი.
ამ თვალსაზრისით, სრულიად გამორჩეულია სალმან რუშდის რომანები. აქ მეხსიერება განიხილება, როგორც საშუალება მარიგინალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის კრიზისული ვითარებიდან გამოყვანისა, იმ ადამიანისა, რომელსაც არსებულ სოციუმთან არ აქვს წარსულის ერთიანი განცდა და ადაპტირებისთვის იწყებს ისტორიული წარსულის წაშლას და მისი ახლით ჩანაცვლებას. თუმცა ის იმდენად ძლიერადაა მიჯაჭვული საკუთრ ისტორიას, რომ მეხსიერების ადგილს ისტორია, მეტიც, მისი ქვეყნის მითოლოგია იკავებს. მწერლის აზრით, მეხსიერებისა და ისტორიის სინთეზია ერთადერთი გამოსავალი იმ ადამიანებისა თუ ერებისთვის, რომლებსაც ხანგრძლივი წყვეტა ჰქონდათ საკუთარ წარსულთან. რუშდის უნიკალობა ისაა, რომ ის ცდილობს პოსტკოლონიური ლიტერატურის ზოგადი დისკურსის შეცვლას, რომელმაც ერთმანეთისგან გამიჯნა მეხსიერება და ისტორია, ანუ ისინი დაყო არქაულ და პერსონალურ ფრაგმენტებად - ის, რაც წინაპრებს გადახდათ თავს და ის, რაც სუბიექტურ გამოცდილებას ეყრდნობა, და მთლიანად სუბიექტურ მეხსიერებაზე ფოკუსირდა. რუშდიმ კი საკუთარ რომანებში არქაულ მეხსიერებასაც დაუტოვა ადგილი.
და როგორ მოვიქეცით ჩვენ, როგორც საზოგადოება, რომელიც ყველა ჯერზე მეტ-ნაკლებად ასოცირებული იყო ზემოთ ჩამოთვლილ პროცესებთან? ერთგვარი კულტურული ინფანტილიზმითა და სამოქალაქო ნიჰილიზმით, ამის მიზეზი კი მხოლოდ ისაა, რომ ჩვენი არსებობის ზონაში შემოვუშვით ყველა ის დავირუსებული ფაილი, რომლებიც სისტემას არღვევს, დამცავი პროგრამა კი წავშალეთ ,ახლა ამ რეალობიდან გამოსვლა გვიჭირს და ველოდებით, როდის შეგვიკეთებენ მას, დროდადრო კი მსუბუქად ვეხებით წაშლის ღილაკს, რომელიც დაჟინებით გვპასუხობს, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია.
ჟურნალი ახალი ივერია.
ნანახია: (267)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას