logo.png

რა დაგვემართება, თუ სინათლის სიჩქარით დავიწყებთ მოძრაობას?

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში, ალბათ, ხშირად გინახავთ, როგორ მოგზაურობენ ადამიანები კოსმოსში სინათლის სიჩქარით, მაგრამ რა დაემართება ჩვენს სხეულს, ეს მართლაც რომ შევძლოთ?

პირველ რიგში, მსგავსი რამ, ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან სინათლის სხივი წამში 299 792 458 მეტრს გადის, რაც გასაოცარი სისწრაფეა. მას სამყაროში ანალოგი არ აქვს, მათ შორის ამ მაჩვენებელს ვერც ჩვენ მიერ შექმნილი ტექნოლოგია აღწევს.

ასეთი სისწრაფით გადაადგილება თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს,რადგან მუდმივ სიჩქარეს ვერ ვგრძნობთ, არამედ ჩვენი სხეულისთვის მთავარი დაბრკოლება აჩქარების პროცესია. გადაადგილების ტემპის ამგვარი მკვეთრი ცვლილება მტკივნეული და მომაკვდინებელიც იქნება, ვინაიდან სისხლის ჩვეული მიმოქცევა შეფერხდება.

საქმე ისაა, რომ რაც უფრო მეტად იზრდება გრავიტაციული ძალა, ფეხებიდან თავამდე სისხლი და, შესაბამისად, ჟანგბადი, მით უფრო შეფერხებით ცირკულირებს. ეს გონების დაკარგვას იწვევს და თუ გრავიტაციული ძალა არ შემცირდება, ადამიანი მოკვდება.

მფრინავები ასეთ ეფექტებთან შეწინააღმდეგებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ, როგორიც კუნთების დაჭიმვაა. ასევე, მათ სპეციალური აღჭურვილობაც აქვთ, რომლის მეშვეობითაც 9G გრავიტაციულ მაჩვენებელს მცირე დროის განმავლობაში უძლებენ.

ამის მიუხედავად, თუ სინათლის სიჩქარეს რამდენიმე წამში მივაღწევთ, 6000G ძალა უბრალოდ გაგვანადგურებს. უფრო ნელი და უსაფრთხო აჩქარებით, მაგალითად 2G მაჩვენებლით, სინათლის სიჩქარეს 5 თვეზე მეტ დროში მივაღწევთ, მაგრამ სწორ ხაზზე უნდა გადავადგილდებოდეთ და წინააღმდეგობას არ გადავაწყდეთ. 1G-ის შემთხვევაში, სასურველი სისწრაფით მოძრაობას 11 თვეში დავიწყებთ.

ასეა თუ ისე, ეს მაინც მიუღწეველო რამაა, რადგან სასრული მასა გაგვაჩნია. ფარდობითობის სპეციალური თეორიის მიხედვით, როცა ობიექტი სინათლის სიჩქარეს უახლოვდება, მისი მასა იმატებს, საბოლოოდ კი ის უსასრულოდ მასიური გახდება და სისწრაფის შესანარჩუნებლად ასევე უსასრულო ენერგია დასჭირდება.

თეორიულად, ასეთი სიჩქარით მოძრავი ადამიანისთვის დრო ჩვეულებრივზე ნელა გავა, ანუ დროის აღქმა შეიცვლება, რაც ძალიან საინტერესოა.

წყარო: Space.com

ნანახია: (196)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას