2006 წელს ნიუ იორკში არსებული ხავიერის სახელობის სკოლის მოსწავლეების გარკვეულ ჯგუფს ინგლისურის მასწავლებელმა საყვარელი მწერლისთვის წერილის გაგზავნა და სკოლაში დაპატიჟება დაავალა. ხუთმა მოსწავლემ კურტ ვონეგუტი აირჩია. ცნობილმა მწერალმა მოსწავლეებს მისთვის დამახასიათებელი იუმორით და სილაღით უპასუხა.
“ძვირფასო ხავიერის სახელობის სკოლა, მის ლოკვუდ, ბატონებო პერინ, მაკფილი, ბატენ, მაურერ და კონგიუსტა, მადლობა თქვენი მეგობრული წერილებისთვის. თქვენ ნამდვილად იცით თუ როგორ გაამხიარულოთ მეტად ხნიერი კაცი(84), რომლის მზეც მალე ჩაესვენება. საჯარო გამოსვლებს აღარ ვატარებ ხოლმე, მეტწილად იმიტომ, რომ ბოლო დროს სულ უფრო იგუანას ვემსგავსები. მითუმეტეს, ის რისი თქმაც თქვენთვის მინდა საკმაოდ მოკლე დროს წაიღებს: დაკავდით ნებისმიერი სახის ხელოვნებით, მუსიკით, სიმღერით, თამაშით, ხატვით, ფერწერით, ძერწვით, პოეზიით, მხატვრული ლიტერატურით, ესეებით და რეპორტაჟების კეთებით.
არ აქვს მნიშვნელობა ამ ყველაფერს კარგად გააკეთებთ თუ ავად, მთავარია, რომ თქვენს განვითარებაზე ივარჯიშოთ, გაარკვიოთ თუ რა დევს თქვენში და თქვენს სულს გაზრდა აიძულოთ. ამას სერიოზულად ვამბობ. ახლავე დაკავდით ხელოვნებით და ამ საქმეს მთელი დარჩენილი ცხოვრება მიუძღვენით.
დახატეთ მის ლოკვუდის სასაცილო ნახატები და აჩუქეთ. სკოლის შემდეგ სახლში იცეკვეთ და შხაპის ქვეშ გაუჩერებლად იმღერეთ. პიურეში სახე მოხაზეთ. ითამაშეთ, თითქოს დრაკულა ხართ.
აი, დავალება დღეისთვის და თუ მას არ შეასრულებთ, იმედია მის ლოკვუდი ცუდ ნიშნებს დაგიწერთ: დაწერეთ ექვს სტრიქონიანი ლექსი ნებისმიერ თემაზე, მთავარია ირითმებოდეს. ჩოგბურთ ხომ ბადის გარეშე ვერ ითამაშებ, მაქსიმალურად კარგად შეეცადეთ დაწეროთ. თუმცა, არავის უთხრათ რასაც აკეთებთ. არავის აჩვენოთ და არავის წაუკითხოთ, არც შეყვარებულს, არც მშობლებს, არც მის ლოკვუდს ან ვინმე სხვას.
შევთანხმდით?
დაწერილი პატარ-პატარა ნაგლეჯებად დახიეთ და სადმე მოშორებულ ნაგვის ყუთში ჩააგდეთ. მაშინვე მიხვდებით რომ თქვენი პოემის გამო დაჯილდოვდით. თქვენ განვითარების გამოცდილება მიიღეთ, გაიგეთ, თუ რა მოხდა თქვენს შიგნით და თქვენს სულს აიძულეთ გაზრდილიყო.
ღმერთმა დაგლოცოთ”.
კურტ ვონეგუტი
2006წ. 5 ნოემბერი
ნანახია: (276)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას