logo.png

ვის ეშინია პოლიტიკური ხელოვნების?

ავტორი : თეო ხატიაშვილი 

sind das für Zeiten, wo Ein Gespräch über 
Bäume fast ein Verbrechen ist
Weil es ein Schweigen über so viele 
Untaten einschließt!
ეს რა დროა, როცა ხეებზე საუბარი ლამის დანაშაულია,
რადგან ის იმდენ უსამართლობაზე გაჩუმებას მოიცავს!
ბერტოლტ ბრეხტი

 

უკვე გასული საუკუნის 30-იან წლებში ვალტერ ბენიამინი, განიხილავდა რა სრულიად ახალ, ტექნოლოგიურ ეპოქაში ხელოვნების არსობრივ ცვლილებას, მიიჩნევდა, რომ საკრალურობისგან საბოლოო დაცილება მის სოციალურ ფუნქციასაც კარდინალურად ამოატრიალებს და რიტუალისა და რელიგიის ნაცვლად მას სხვა პრაქტიკაში, პოლიტიკაში ამკვიდრებს.

ცოტა მოგვიანებით „მეორე ტალღის“ ფემინისტების ერთ-ერთი მთავარი სლოგანი - პირადი პოლიტიკურია - გასცდება ფემინისტი თეორეტიკოსებისა თუ ავტორების ტექსტებსა და რიტორიკას.
„ბოლოს და ბოლოს, ყველა ფილმი პოლიტიკურია“ - იტყვის ერთ-ერთ ინტერვიუში კინოს ისტორიაში ყველაზე უფრო დაუფარავად პერსონალური რაინერ ვერნერ ფასბინდერი, რომლის პირადი გამოცდილება მისივე ეპოქის, პოსტნაცისტური გერმანიის გადამალული ტრავმებისა და ნაცისტური მემკვიდრეობის გაშიშვლების ბასრ იარაღად იქცევა.

რამდენად შესაძლებელია წინა, პრემოდერნულისგან ასე რადიკალურად განსხვავებულ ეპოქაში ადამიანი - დავამატებდი, მით უმეტეს, ხელოვანი - იყოს აპოლიტიკური? ეს კითხვა არაერთი ფილოსოფოსის განსჯის საგნად იქცევა. ჰანა არენდტისთვის ცალსახაა, რომ ტოტალიტარიზმს არა მხოლოდ და არა იმდენად ერთი ტირანი (ბელადი/ფიურერი) და მასთან დაახლოებული პოლიტიკური ელიტა აყალიბებს და აცოცხლებს, არამედ მისი არსებობისთვის სწორედ აპოლიტიკური მასაა აუცილებელი, რომელიც პოლიტიკური პროცესებისადმი ინდიფერენტიზმით ხასიათდება. ნაციონალ-სოციალისტებიცა და კომუნისტებიც სწორედ მოსახლეობის იმ უსახურ მასას მიიმხრობენ და პოპულისტური ლოზუნგებით გამოკვებავენ, რომელიც განზე იდგა პოლიტიკისგან.

ვფიქრობ, აპოლიტიკური ხელოვანი და ხელოვნება ერთგვარი ოქსიმორონიც კია, თუნდაც იმიტომ, რომ მისი თავისუფლება პოლიტიკური საკითხია.

ეს ჟურნალ კინ-O-ს ბოლო (მეხუთე) ნომრის ჩემი სარედაქტორო სვეტია, რომელიც აღარ დაიბეჭდა და ამიტომ მთლიანად გთავაზობთ. ვფიქრობ, ის წარმოდგენას შეგიქმნით ნომრის შინაარსსა და მთავარ თემაზე და გარკვეულ სიცხადესაც მოჰფენს იმასაც, თუ რატომ შეიძლებოდა კინოცენტრს, რომლის დაფინანსებითაც გამოდიოდა ჟურნალი, უარი ეთქვა მის დაბეჭდვაზე.

უფრო სწორად, უარიც არ უთქვამთ - უბრალოდ, თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში კულტურის სფეროში დამკვიდრებული ნორმის მიხედვით, რაც სრულად გაუმჭვირვალე და ჩაკეტილ სისტემას გულისხმობს, თვეების განმავლობაში პასუხსაც ვერ ვიღებდი: ჯერ დეკემბერში კონტრაქტორი სტამბის გამოსავლენად მომზადებული ტენდერი ჩაშალეს და ახალი წლისთვის გადაიტანეს, მერე ვითომ ახალი ბიუჯეტის დამტკიცებას ელოდნენ, ბიუჯეტის დამტკიცებამ რომ ჟურნალის ბედი ვერ გადაწყვიტა, შევთავაზე, მე თვითონ მომეძიებინა დაბეჭდვის ფული, რაზეც უარი მივიღე. საბოლოოდ ყველაზე მარტივ გამოსავალზეც - კინოცენტრის საიტზე აეტვირთათ ელექტრონული ვერსია - არ დამთანხმდნენ. უფრო სწორად, პასუხი (უფრო ბუტბუტს დავარქმევდი) კვლავ გაურკვეველი იყო - არ ვიცით, ვნახოთ, ვკითხავთ დირექტორს.

კინოცენტრის ახალი დირექტორი კი, რომელიც ამავე დროს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მოადგილეა, დაახლოებით გოდოს პერსონაჟია (საერთოდ ბეკეტი ძალიან აქტუალურია ამ ინსტიტუტის დასახასიათებლად), რომელსაც არც იცნობენ თანამშრომლები, მასთან ურთიერთობა ვირტუალურადაც კი შეუძლებელია, 1-2 ნდობით აღჭურვილი პირის გარდა.

ეს არაჯანსაღი ატმოსფეროც არის მოხსენიებული ჟურნალის ერთ-ერთ მწვა­ვე წერილში, რომელშიც ავტორი (ბასტი მგალობლიშვილი) კინოს, როგორც პროპაგანდირების და ამის საპირისპიროდ, წინააღმდეგობის, საპროტესტო მოძრაობის მაპროვოცირებელ საშუალებას ისტორიულად აანალიზებს.  

მთლიანად ბოლო ნომრის თემა, ხელოვნებისა და პოლიტიკის ურთიერთობა, ის საკითხია, რომლის საწინააღმდეგო აზრის დამკვიდრებასაც ცდილობს „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან. უკრაინა-რუსეთის ომმა ხელოვნების (სპორტის, ბიზნესის და ა.შ. თუ ნებისმიერი მოქალაქის) პოლიტიკისგან გამიჯვნის მცდელობის ფარისევლობა განსაკუთრებით გააშიშვლა. აპოლიტიკური ხელოვანის (რომლებსაც საარჩევნო კამპანიისას წარმატებით გამოიყენებენ) კულტივირებამ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ომის პირობებში საბოლოოდ მიგვიყვანა „აპოლიტიკური“/„ნეიტრალური“ სახელმწიფოს იდეამდე, მაშინ როდესაც  მთელი მსოფლიო ახალი წესრიგის მოლოდინსა და მისი ფორმირების პროცესშია ჩართული.

ამიტომ აბდაუბდა, გაურკვეველი პასუხებისა და გაწელილი დროის მიუხედავად (ანდა სწორედ ამის გამო), უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჟურნალი აიკრძალა, ძველი და, როგორც ირკვევა, არც თუ მივიწყებული პრაქტიკით, ის „თაროზე შემოდეს“. როგორც კინოცენტრის დირექტორის მოადგილე მაკო ჭილაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო კომენტარში თქვა, ამ საკითხს „ვადა გაუვიდა, ამოვარდა, ხდება ხოლმე ასეთი რაღაცეები“. სხვათა შორის, ამ „ვადაგასული“ ჟურნალის მომზადებაზე დახარჯული თანხა (რედაქციისა და ავტორების ჰონორარები) თითქმის ოთხჯერ აღემატება მის დასაბეჭდად განკუთვნილს. როგორც ჩანს, კულტურის სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვა უფრო გონივრულია, ვიდრე მისთვის არასასურველი აზრების ტირაჟირება.

„არ არსებობს ისეთი რამ, როგორიც არის უპასუხისმგებლო კრიტიკა, ისევე როგორც ხელოვნება მნიშვნელობების გარეშე. აქ კითხვა უფრო ასე ისმება, თუ რამდენად გულწრფელად ვაცხადებთ ჩვენი პასუხისმგებლობების შესახებ. და მე არ მგონია, რომ უნდა გავჩუმდეთ“ - ჟურნალის ბოლოს გამოტანილი ეს ციტატა ლინდსი ანდერსონის საპროგრამო სტატიიდან Stand up! Stand up! (1956), რომელიც ინგლისური კინოს „გაბრაზებული თაობის“ მანიფესტად იქცა, სიმბოლური აღმოჩნდა. მართლაცდა, „ეს რა დროა, როცა ხეებზე საუბარი ლამის დანაშაულია, რადგან ის იმდენ უსამართლობაზე გაჩუმებას მოიცავს“.

ჟურნალი ახალი ივერია.

ნანახია: (242)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას