კაცობრიობა ეპიდემიების წინაშე!
ჯერ იყო და - შავი ჭირი
შექსპირის მერკუციომ ეს ავადმყოფობა აქცია ტოტალური დაღუპვის სინონიმად. მაგრამ თვით ავადმყოფობა ლაპარაკობს თავის თავზე - სწორედ შავ ჭირს იხსენებენ ხოლმე, როდესაც მსოფლიოს პანდემიებზე ლაპარაკობენ, რომელთაც კი მოუტანიათ ათასობით და მილიონობით სიკვდილი ერთი ხელის მოსმით!
კაცობრიობის ისტორიაში შავი ჭირის ეპიდემია გავრცელებული იყო რამდენჯერმე.
როგორც ცნობილია, VI საუკუნეში ეგვიპტიდან მოტანილმა შავმა ჭირმა100 მილიონზე მეტი სიცოცხლე შეიწირა - აღმოსავლეთ რომის იმპერიის მცხოვრებთა ნახევარზე მეტი. ავადმყოფობა გავრცელდა არამარტო აზიაში - გადავიდა საბერძნეთზე:თანამედროვე იტალიის, საფრანგეთის და გერმანიის ტერიტორიებზე. შავმა ჭირმა არ დაინდო თვით იმპერატორი იუსტინიანე, ვისი მოღვაწეობის ჟამსაც დატრიალდა ეს სნეულება და ამიტომ ამ ეპიდემიას „იუსტინიანეს შავ ჭირსაც“ კი ეძახდნენ.
შავი ჭირის ყველაზე ცნობილი ისტორია კი, რა თქმა უნდა, „შავი სიკვდილია“, რომელმაც ნახევარი ევროპა გაანადგურა XIV საუკუნეში. ვერცერთი ევროპული ქვეყანა ვერ გადაურჩა სნებას. სიბინძურე, სიღარიბე, მოსახლეობის სიმჭიდროვე ხელს უწყობდა შავი ჭირის ბაცილას, ემოგზაურა დაუბრკოლებლად ღარიბულ კვარტალებსა და მდიდრულ სრა-სასახლეებში. ჰიგიენის დაცვას მაშინ არას დაგიდევდნენ და ესეც აიოლებდა ინფექციის გადატანას. კიდევ კარგი, რომ ექიმები ხვდებოდნენ ავადმყოფის იზოლირების აუცილებლობას და მოიგონეს კარანტინი. ვენეციაში ჩასული მოგზაურები 40 დღე გაუსვლელად თავსდებოდნენ სპეციალურ სახლებში და სწორედ აქედან წარმოდგა ტერმინი „კარანტინი“, რაც იტალიურად „ორმოცს“ ნიშნავს. ამ მეთოდით როგორღაც აკავებდნენ ინფექციის გავრცელებას.
მესამე დიდი გართულება იყო უკვე აზიის ტერიტორიაზე - „ჩინური შავი ჭირი“ გავრცელდა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აზიაში - ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში. როგორც მაშინდელი მემატიანეები გვაუწყებენ, ავადმყოფობას ჰქონდა საპორტო ხასიათი - სნეულება თან დაჰყვებოდა ხომალდის ვირთხებს, აავადებდა საპორტო ქალაქების მცხოვრებთ და არ ვრცელდებოდა მატერიკის სიღრმეში. თუმცა შედეგები მეტად სამწუხარო იყო: მხოლოდ ინდოეთში დაიღუპა 12 მილიონი ადამიანი.
რუსეთის ისტორიიდან ცნობილია ფაქტი, როდესაც XIV საუკუნეში სმოლენსკში არ დარჩა არცერთი ცოცხალი ადამიანი, ხოლო ხუთმა გადარჩენილმა სასწაულებრივად დატოვა მკვდარი ქალაქი. „1349 წელს ინფექცია სკანდინავიიდან შემოვიდა ფსკოვსა და ნოვგოროდში. ადამიანი სისხლს აღებინებდა და მესამე დღეს იღუპებოდა. ერთ დღეში ნადგურდებოდა მთელი ოჯახები“.
პეტრე პირველს ჰქონდა შავი ჭირის შეჩერების მცდელობა - თვით იმ პირთა სიკვდილით დასჯამდე, ვის მიმართაც ეჭვი ეპარებოდათ დაავადების გავრცელებაში.
და, თუმცა დღეისათვის ჰიგიენის ნორმების დაცვით, ვაქცინებითა და წამლებით შემცირებულია ამ ავადმყოფობით მოგვრილი სიკვდილიანობა, აქა-იქ: ჩინეთში, მონღოლოეთში, პერუში თითქმის ყოველწლიურად გვხვდება ასეთი შემთხვევები.
დამარცხებული მტერი
ყვავილით დაავადება, საბედნიეროდ, დღეისთვის აღმოფხვრილია საბედისწეროთა სიიდან. ეს იყო ავადმყოფობა, რომელსაც გამონაყარითა და ჩირქოვანი ბუშტუკებით შეეძლო მიეყვანა ადამიანი სიბრმავემდე და სიკვდილამდე. დადგენილია, რომ ის წარმოიშვა ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის სოფლის მცხოვრებთა შორის ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ნაყვავილარი სახე აქვს ფარაონ რამზეს V- ს, რომელიც მიიცვალა 1157 წელს ქრისტეს დაბადებამდე. მაშინ იყო სწორედ ეს დაავადება აღწერილი ჩინეთსა და ინდოეთში.
დაახლოებით 108 წელს მსხვილმასშტაბიანმა ეპიდემიამ 7 მილიონამდე სიცოცხლე გაანადგურა და დააჩქარა რომის იმპერიის აღსასრული.
დასავლეთ ევროპაში ყვავილი მოვიდა შუა საუკუნეებში, მოგვიანებით, კოლონისტებთან ერთად მოხვდა ამერიკაში, რისგანაც აცტეკების და ინკების მეტი აბორიგენი დაიხოცა, ვიდრე ესპანელი კონკისტადორებისგან.
ასწლეულების განმავლობაში ანადგურებდა ყვავილი ევროპას, აზიას და აფრიკას; ევროპაში მეთვრამეტე საუკუნის ბოლომდე ყოველწლიურად მისგან კვდებოდა 400 000-მდე კაცი და მათ შორის აღმოჩნდა 5 მეფე!
სამაგიეროდ ბავშვობაში ყვავილს გადაურჩა სტალინი, თუმცა სამუდამოდ დაუტოვა ნაყვავილარი სახე და ამღვრეული გუნება. ეს მონსტრი ტანჯავდა კაცობრიობას საუკუნეების განმავლობაში და მისგან დაიღუპა 500 მილიონი ადამიანი.
1967 წელს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა ლაშქრობა ყვავილზე და 12 წელიწადში ეს ლაშქრობა წარმატებით დასრულდა, რაც დაჯდა 100 მილიონი დოლარი.
ცვალებადი ინფექცია
ჩვეულებრივი სეზონური გრიპისაგან ყოველწლიურად 650 ათასამდე ადამიანი კვდება, მაგრამ სხვაა - პანდემიური გრიპი; მას ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა, სწრაფი გავრცელება და ჭარბი სიკვდილიანობა, კვდებიან არა ათასები, არამედ - მილიონები.
ერთი ასეთი საშინელი ეპიდემია იყო ასი წლის წინანდელი „ესპანური გრიპი“, ე.წ. „ისპანკა“. მასში არაფერი იყო ესპანური, გარდა იმისა, რომ პირველი ინფორმაციები წამოვიდა პირენეის ნახევარკუნძულიდან. დაწყებული 1918 წლიდან 500 მილიონი ადამიანის დაინფიცირება მოხდა - თითქმის დედამიწის მესამედის, თანაც - განსაკუთრებით 20 -40 წლის ასაკში ემტერებოდა ეს ინფექცია ახალგაზრდებს.
პანდემიებს ხელი შეუწყო პირველმა მსოფლიო ომმა: მთელი
არმიების გადანაცვლებამ ქვეყნებსა და კონტინენტებზე, სასანგრე ცხოვრების მძიმე პირობებმა...
აზიურმა გრიპმა 1957-68 წლებში მილიონ სიცოცხლეზე მეტი შეიწირა, მაგრამ შეაჩერა ვაქცინამ; ათი წლის შემდეგ „ჰონკონგის გრიპის“ ახალმა ვირუსმა ფართო გავრცელება ჰპოვა გახშირებული ავიაფრენების მიზეზით - აქაც დიდი იყო სიკვდილიანობა - თითქმის 4 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ - რომელი ერთი ჩამოვთვალოთ:
„რუსული გრიპი“, „ფრინველის გრიპი“, „ღორის გრიპი“...
კაცობრიობისთვის ახალი გამოწვევა იყო „აივ“ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ინფექცია. მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით 1981 წლიდან (როცა ის აღწერილი იყო) „შიდს“-ისაგან დაიღუპა 25 მილიონი ადამიანი. 33 მილიონი ადამიანი ცხოვრობს „აივ“ -ით დასნებოვნებული - ეს არის ნამდვილი პანდემია, რადგან დაავადებათა რიცხვი არ კლებულობს, ბევრი მკვლევარი ირწმუნება, რომ „აივ“-ისგან მთლიანად დამაზღვეველი წამლის მოგონება გამორიცხულია. დღეისათვის „აივ“-ის „შიდს“-ში გადასვლის პროცენტი მკვეთრად შემცირებულია, მაგრამ, რადგან მკურნალობა ძვირი ჯდება, დაავადება მძვინვარებს აფრიკის ღარიბულ ქვეყნებში, სადაც ინფექციის მატარებელი მოსახლეობის რიცხვი 5 %-ია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებით, დღეისათვის ყველაზე სახიფათო ეპიდემია იყო ებოლას ცხელება, რომლის წინააღმდეგ არც რაიმე წამალი არსებობს, არც ვაქცინა.
2014 წელს მოხდა ვირუსის აფეთქება გვინეაში, ნიგერიაში და სხვა აფრიკულ ქვეყნებში. ორი წლის მანძილზე ვირუსმა მოკლა 11 ათასი კაცი.
როგორც ფიქრობენ, ადამიანები დაასნებოვნეს ვირთაგვებმა და ღამურებმა. გასულ წელს იყო ებოლას კიდევ ერთი აფეთქება - დაიღუპა 2 ათასამდე ადამიანი.
საბედნიეროდ, აფრიკის მიღმა ეს ვირუსი ჯერჯერობით არ არის დადასტურებული.
ყველაზე სახიფათო მტერია ის, რომელსაც არ ვიცნობთ!
2018 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ წარმოადგინა ათი ინფექციური დააადების სია, რომელთაგან ჯერ არ არსებობს ეფექტური თავდაცვის საშუალება. გარდა ებოლას ცხელებისა, დასახელებული იყო რამდენიმე სიცოცხლისათვის სახიფათო ინფექცია. მათი სახელწოდებები თავისთავადაც იწვევენ შიშს: „ცხელება და სიკვდილი“, „ჰემორაგია და სიკვდილი“, „ტვინის ანთება და სიკვდილი“... იყო მათ შორის დაავადება, რომელსაც ერქვა „ავადმყოფობა იქსი“. მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ ეს იყო ფარული ბიოლოგიური იარაღი.
2020 წლის იანვარში კორონავირუსს მიაწერეს „ავადმყოფობა იქსის“ სახელი. დრო გვიჩვენებს ამ ვარაუდის მართებულობას!
სასწრაფო დახმარების სამხედრო ჰოსპიტალი ესპანური გრიპის ეპიდემიის დროს. კემპ-ფანსტონი, კანზასი, აშშ. 1918 წ, 1 იანვარი
ტიტულზე - პიტერ ბრეიგელი უფროსი „სიკვდილის ტრიუმფი“
ნანახია: (2071)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას