logo.png

ზეცისა კაცნი და ქვეყნის პატრიოტები

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ხშირად უთქვამთ, რომ ქრისტეს ქადაგება და სწავლება ადამიანის მოფიქრებულს და ნააზრევს ჰგავსო, რათა ადამიანებმა დედამიწაზე მშვიდად და ბედნიერად იცხოვრონო. რეალურად, მაცხოვარი ამსოფლად მშვიდ და უზრუნველ ცხოვრებას სულაც არ დაგვპირებია. თუკი ქრისტეს სწავლება ადამიანის ნააზრევი და მისი ფანტაზიის ნაყოფია, მაშინ ხორციელ ყოფაში დევნას, წუხილს, შეურაცხყოფას, მსხვერპლად შეწირვას რატომ გვიქადაგებდა? „უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა“ (იოანე 15,18-19). საინტერესოა, ვინ გაჰყვებოდა „კაცის მიერ შეთხზულ“ ამ მოწოდებას, ნუთუ მიწიერი აზროვნების ადამიანი, რომელიც სოფლად ეძიებს კეთილდღეობას და ხორციელ ტკბობას, რომელშიც ნეტარებს დაცემული კაცის (ადამიანის) გონება? საინტერესოა, რატომ დაუპირისპირდებოდა თავის მიწიერ კეთილდღეობას, ან რა ძალით შეძლებდა ამ ყველაფრის აღსრულებას?! „რამეთუ მიგცემდენ თქუენ შესაკრებელთა და კრებულთა შორის გტანჯვიდენ თქუენ, და წინაშე მეფეთა და მთავართა წარსდგეთ ჩემთჳს საწამებელად მათა და ყოველთა წარმართთა. ხოლო პირველად ჯერ-არს ქადაგებად სახარებაჲ ესე“ (მარკ 13,9-10).

ეს ღვთის განკაცებით მოტანილი ახალი ცხოვრებაა, საღვთო, ზეციური მოქალაქეობაა, რომელსაც სულიწმიდის მადლით მორწმუნენი, უფლის განმცდელნი მიჰყვებიან, მარადიული ცხოვრების, ნეტარყოფის მსურველები ყოველგვარ მიწიერ წუხილს სძლევენ და აღარაფრად მიაჩნიათ მიწიერი კეთილდღება დაუსაბამო ნეტარყოფასთან მიმართებით, ამიტომ მიწიერი ტანჯვა მათთვის სასურველი ხდება, რათა უმეტესი მადლი მოიხვეჭონ, მეტარდე მიეახლონ უფალს. სწორედ ეს არის ქრისტეს ქადაგება და ქრისტიანთა ცხოვრება. ეკლესია ადამიანს ინდივიდიდან პიროვნებად გარდაქმნის, ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ორი უმთვრესი მცნების აღმსრულებლად გამოზრდის. რაც უფრო დიდია სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, მით უფრო დიდია ღვაწლიც და მადლიც, როგორც სასულიერო, ისე საერო პირთა შორის. ისინი როგორც ღვთის განგების აღმასრულებლები, უფლის ერისთვის თავს სდებენ, ასაზრდოებენ და იცავენ მას, სულიერი მცნებანის აღსრულებით ზეცისა კაცები და მიწის ანგელოზები არიან, ამავდროულად ქვეყნის და ერის პატრიოტებიც! ქრისტეს ეკლესია და სულიწმიდის მადლი ადამიანს თავდადებულ გმირად, პატრიოტად უნდა აყალიბებდეს. თუ ასე ვერ ვითარდება ადამიანი, მაშინ ის ფლანგავს ღვთის ნიჭსა და უძვირფასეს დროს.

მართალია, სასულიერო და საერო პირთა სამოღვაწეო ასპარეზი სხვადასხვაა, თუმცა ორივე მათგანი უფლის სამსახურში დაუწველი ცეცხლით უნდა იყოს მოცული, რომ ღვთის განგება აღასრულოს. მით უმეტეს, როდესაც ავტოკეფალიური ეკლესია თვითმყოფად სახელმწიფოში მოქმედებს, მისი მთავარი მოწოდება ეკლესიის, სახელმწიფოებრიობისა და სახელმწიფოს გაძლიერება უნდა იყოს. წმინდა ვახტანგ გორგასლის მოწოდება – „მტკიცედ იდექით სარწმუნოებაზე და ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს, რათა მოიპოვოთ დიდება წარუვალი“ – სარწმუნოებისთვის თავგანწირვასაც ნიშნავს და მოყვასისთვისაც, რომელიც თანაბრად გულისხმობს ქვეყნისა და ეკლესიისთვის თავდადებასაც. საკუთარი ქვეყნის სარწმუნოების შესანარჩუნებლად, ხალხის ცხონების შესაძლებლობისთვის შეგნებით იბრძოდნენ და ცხოვრებდნენ ქართველები. ასეთი ღვაწლის აღმსრულებლებს ეკლესია წმინდანთა დასში თავდადებულებად მოიხსენიებს.

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) ასეთ პრიორიტეტებს უსახავდა თავის ხალხს: „ენა, მამული, სარწმუნოება“. ქრისტეს მსახური თავისი ერს წარმართობიდან ფერიცვალებით ქრისტეს ერად, ღვთის შვილებად გარდაქმნიდა, თავისი ცხოვრებით, ქრისტეს სიტყვის ქადაგებით, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნით, ასკეტური ღვაწლით თავს დებდა ღვთისა და მოყვასისთვის, ერს საღვთო ნათლით განანათლებდა, მშობლიურ ენას ამდიდრებდა და ხალხის მსოფლმხედველობას აღრმავებდა, სულიერად ზრდიდა, სრულყოფასა და მაცხოვრის მსგავსებაში ეხმარებოდა. უპირველესად კი საკუთარი ცხოვრების წესით ქადაგება... მტრის შემოსევისას საოცარ სიმამაცეს და თავდადებას იჩენდა, როგორც, მაგალითად, თევდორე მღვდლის შემთხვევავში მოხდა. ასეთ დროს სამწყსოც სულიერად შემდგარ საზოგადოებად ყალიბდებოდა და ხდებოდა ერი უძლეველი. სულის ცხონებისათვის ბრძოლა, ამავდროულად, ქვეყნისთვის ბრძოლასაც ნიშნავს, ეს თანადროული პროცესია! სწორედ ასე ხდება ღვთის ორ მთავარი მცნების აღსრულება – ღვთისა და მოყვასის სიყვარულის, რომელიც ადამიანს მიწიერ ანგელოზად და ზეციურ მოქალაქედ გარდაქმნის. მოყვასისთვის თავდადებული წმინდა გრიგოლ ფერაძის სიტყვებით, „თუ ვისმეს თქვენგანს სადმე წმინდანის ცხოვრება უნახავს და სათაურისთვის ყურადღება მიუქცევია, დაინახავდა „ცხოვრება და მოქალაქეობა“ ამა თუ იმ წმიდანის; ესაა სათაური ყოველ წმიდანის ცხოვრების. სიტყვა „ცხოვრება“ უთითებს მხოლოდ გარეგან მხარეებს ამ წმიდანის ცხოვრებისას, დაბადება, დრო, ქვეყანა, მშობლები, პირობები და სხვა ამგვარი; სიტყვა „მოქალაქეობა“ კი ჰგულისხმობს ამავე წმიდანის სულიერ ცხოვრებას, მის ბრძოლას თავის თავთან, თავის წრესთან და სიბნელესთან... მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება, საკუთარი თავის დაწვა სხვისთვის გასანათლებლად“. თუ კი ამ გზით არ ვივლით, მაშინ ისევ იმ მდგომარეობაში დავრჩებით, საბჭოთა წარსულში, როცა მარხვის, სინანულის, ზიარების საიდუმლო არ არსებობდა ჩვენს ცხოვრებაში, როცა ცხონებას არ ვეძიებდით და უბრალოდ გვერქვა ქრისტიანები... მაშინ კრძალავდნენ მაინც ტაძრებში სიარულსო, ახლა კი არავინ გვდევნის, მაგრამ არ გვინდა არაფრის დაცვა ქრისტეს სწავლებიდან, მაშინ ცხონებას როგორ მივიღებთ?!ზოგიერთისთვის საბჭოთა იდეოლოგი ანტიქრისტე ლენინი ჩანაცვლდა მამონათი – სიმდიდრის, ფუფუნებისმოყვარულობით და ამით შემოიფარგლა, მხოლოდ საკუთარი თავი და კეთილდღეობა გააკერპა, ქვეყანა კი არა, საკუთარი სული და მის ცხონებაზე ზრუნვაც არ აინტერესებს. ავიწყდება, რომ სულიერი გახრწნით იწყება სულიერი კვდომა, რომელსაც ფიზიკური სხეულის მოკვდინება და დაშლა მოჰყვება, ხალხის გათითოკაცებისა და დაშლის, სამარადჟამოდ სულის წარწყმედის მაუწყებელი. ქართველები ზეციური მოქალაქეობის მსურველნი რომ ვიყავით, ისიც ცხადყოფს, რომ ქართველი, იმავდროულად, ნიშნავდა ცხოვრებით ქრისტიანს, ქრისტიანთა კრებულს, ქრისტიან საზოგადოებს, ქრისტეს ეკლესიას, რომელსაც „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან“ უკუნისამდე.

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

ნანახია: (624)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას