logo.png

როგორ აღვუდგეთ წინ კორონავირუსს

(ფსიქოლოგის რჩევები)

 

მას შემდეგ, რაც რუსეთში, ასე თუ ისე, აღიარეს კორონავირუსის საფრთხე, ქვეყანაში გამოჩნდა საზოგადოებაში ამ ვირუსისადმი აღძრული შიშის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობა.

ფსიქოლოგ ეკატერინა სივანოვას რჩევები, შესაძლოა, არამარტო მისი თანამემამულეებისთვის იყოს სასარგებლო.

 

„ჩვენ აღმოვჩნდით ჩათრეულნი ომში - ვირუსულსა და სანავთობე ომში.

 

ჩვენ არ გვბომბავენ. საკვებს და ძილს არ გვაკლებენ, მაგრამ უეცრად და მნიშვნელოვნად იცვალა ნირი იმ ცხოვრების წესმა, რომელსაც მიჩვეულნი ვიყავით, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, საიდან მოდის პანიკა?

 

პანიკა მოდის იქიდან, რომ თაობიდან თაობას გადაეცემა ხსოვნა საბჭოთა პერიოდის შიმშილობების შესახებ, განკულაკების შესახებ და საპატიმრო სასჯელის შესახებ შაქრის ნატეხის გამო, რომელიც ჯიბეში აღმოუჩინეს ფაბრიკიდან გამოსულ მუშას.

 

და თუ დღეს მე მაქვს ფქვილის, შაქრის, მაკარონის და შედედებული რძის  მუდმივი მარაგი, ესეც კარგი ცხოვრებით არ არის ნაკარნახევი -  მომდინარეობს 90-იანი წლებიდან, როდესაც ჩემი ოჯახი მუდმივად განიცდიდა შიმშილს.

 

ის, რაც ჩვენში დღეს ხდება კორონავირუსთან, ნავთობთან და „რუბლთან“ დაკავშირებით, თითქოს ნორმალურია, ამ ნიადაგზე  ადამიანი აგროვებდეს პროდუქტების მარაგს.

 

და თუ თქვენ,ძვირფასო,მკითხველო, ასე უფრო მშვიდად იქნებით, წადით და დააგროვეთ; მაგრამ საქმე ის როდი გახლავთ, გვაქვს ეს მარაგი თუ არა, არამედ ის, პანიკის დროს როგორ ვზრუნავთ საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზე.

 

პანიკა, საზოგადოდ, დამახასიათებელია ბრბოსთვის, რომელიც აღმოჩნდება რეალური ან წარმოსახვითი საშიშროების წინაშე. ეს არის უნებური შიშის ან საშინელების მოლოდინი, რომელსაც გადასცემენ ერთმანეთს კორონავირუსზე სწრაფად.

 

რისი ეშინია ადამიანს? სიკვდილის, ავადმყოფობის, მარტოობის, გაჭირვების, ომის, სიღარიბის - ამ შიშებს უწოდებენ „რაციონალურს“.

მაგრამ არის „ირაციონალური“ შიშებიც - ე.წ „ფობიები“ - თაგვების, ობობების,  დახურული სივრცის და სხვ.  ერთნი - რეალურნი, მეორენი - არარეალურნი.

 

სწორედ ირაციონალური შიში აიძულებს ადამიანს, გაიქცეს, როცა მირბიან სხვები, იყვიროს, როცა ყვირიან სხვები და შეიძინოს ბლომად პროდუქტები, როცა იძენენ სხვები.

 

შენ იძენ ანტისეპტიკურ გელს და პირბადეებს და მყარად გრძნობ მიწას შენს ფეხქვეშ და უცებ კითხულობ სოციალურ ქსელებში, რომ პირბადეები არ გამოდგებიან თავდასაცავად, ხოლო ხსნა ხელების ხშირ დაბანაში ყოფილა... და თუ პანიკას აქვს ტალღისებრი ხასიათი, მღელვარება გადაიქცევა თქვენს მუდმივ თანამგზავრად და არ დაგანებებთ თავს!

 

მაშ, რა ვიღონოთ, როგორ მოვიქცეთ? მოგაწვდით რამდენიმე რჩევას:

 

  1. იფიქრეთ კარგ თემებზე და გაიხარეთ წვრილმანებით!

 

ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ გადასატანი გვაქვს ერთდროულად რამდენიმე ომი - ვირუსული და ნავთობის, და ის დროა, გადავიდეთ ახალ რელსებზე: არსებობს ელინორ პორტერის შესანიშნავი წიგნი „პოლიანა“, სადაც პატარა გოგონას ცხოვრების კრედო, რომელმაც მძიმე წლები გადაიტანა, ასახულია ავტორის მიერ დევიზად ქცეულ სიტყვებში: „როდესაც ყველაფერში ეძიებ რაღაც კარგს, თანდათან გავიწყდება უსიამოვნებები“.

 

ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი იფიქროთ იმ კარგ ამბებზე, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება და არ დაივიწყოთ ამ კარგი ამბებისათვის უფლისადმი მადლიერება.

 

მაგალითად, ახლა ბევრი ადამიანი გადაჰყავთ შინაურ სამუშაო რეჟიმზე. ვაშა! რა კარგია - მექნება დრო მეტ ხანს ვიყო ოჯახში, არ დავკარგო დრო ტრანსპორტზე და სამუშაო გრაფიკი ჩემთვის მოხერხებულად მოვიწყო.

 

ყურადღება გაამახვილეთ წვრილმანებზე - რომლებიც თითქოს ასეთი ჩვეული რამ არის - მოდის გაზაფხული, ხე ამოიყრის ყლორტებს, მოფრინდებიან ფრინველები, უფრო ხშირად გამოანათებს მზე და ბავშვების გაღვიძებაც არ მჭირდება უთენია, სკოლაში წასასვლელად მათ მოსამზადებლად!

 

  1. ნუ დარჩებით მღელვარებასთან ერთი ერთზე!

 

იფიქრეთ იმაზე, რაც ამჟამად არის თქვენთვის მნივნელოვანი და მასზე მიაჯაჭვეთ მთელი ყურადღება. ეს მნიშვნელოვანი რამ არის თქვენი დასაყრდენი, როდესაც დამოუკიდებლად არ ძალგიძთ, გაუმკლავდეთ მღელვარებას.

 

მე, მაგალითად, ვეყრდნობი ჩემს ოჯახს. როდესაც ვერ გავერკვიე კარანტინის ზომების ხასიათში, მივმართე მათ - გამაგებინეთ, რა ხდება?

 

მეუღლემ და ბავშვებმა ამიხსნეს და შემახედეს სამყაროსთვის ნათელი თვალებით - ფიქრობთ, რომ მოვლენებში გამარკვიეს? არა - ჩვენ ჩევულებისამებრ დავიწყეთ მხიარული ბაასი და ანეკდოტების მოყოლა არსებულ რეალობებზე.

 

ხოლო თუ მღელვარების საკითხის ბანზე აგდება არ გამოგდით, მაშინ შეგიძლიათ პასუხებისთვის მიმართოთ სპეციალური ცოდნით აღჭურვილ ადამიანებს - ექიმებსა თუ ფინანსისტებს, ვისი აზრისაც თქვენ გწამთ.

 

მთავარია -  არ დარჩეთ პირისპირ საკუთარ მღელვარებასთან!

 

 

  1. არ მოუსმინოთ და არ უყუროთ იმას, რაც თქვენში აღძრავს ფორიაქს!

 

თუ თქვენ ეკონტაქტებით ადამიანს, რომელთან ურთიერთობის შემდეგაც აღარ იცით, სად გაიქცეთ, შეეშვით ასეთ ურთიერთობებს - ამ ადამიანის გვერდით დგომით თქვენ ერთმანეთს დაასნებოვნებთ პანიკით.

 

ამჟამად საჭიროა ნიღბები არამარტო ფიზიკური,  არამედ - ემოციური!

გახსოვდეთ - ხელების ჰიგიენას ჩვენ გვასწავლიან ბავშვობიდან, ხოლო ემოციების ჰიგიენას - არასოდეს!

 

ამასვე განეკუთვნება ინფორმაციები ტელე-რადიო-ინტერნეტიდან - ეს წყაროები ყოველთვის არ გამოდგებიან მეგობრებად - მოახდინეთ მათი თქვენზე ზემოქმედების დოზირება. თუ კითხვები გიჩნდებათ, სჯობს ღირსეულ ფსიქოთერაპევტს მიაკითხოთ!

 

  1. აკეთეთ ის, რაც დაგამშვიდებთ!

 

მღელვარების შესასუსტებლად შეიმუშავეთ იმ შესასრულებელი და სააზროვნო მოქმედების და აზროვნების ალგორიტმი, რაც დასახული გაქვთ.

 

  1. ჩახედეთ თვალებში შიშს და გახსენით თქვენი პოტენციალი

 

პირისპირ დარჩით თქვენს შიშთან და, როდესაც დაიწყებთ „საშინელ აზრებზე“ ფიქრს, ნუ დატოვებთ მას შუა გზაზე, არამედ ბოლომდე მიიყვანეთ ფიქრი.

 

მაგალითად, ყოველი ახალი პორცია „რუბლის“ დაცემის შესახებ გულისცემას გიხშირებთ და საფეთქელთან იწვევს არასასურველ პულსაციას: „შვილები დამემშევა, რა მეშველება!“ ბოლომდე მიიყვანეთ ეს ისტორია და ცხადლივ დაინახეთ თქვენი მშიერი ბავშვები!

 

როგორც კი თქვენ ფიქრს დაასრულებთ, ის მეტად აღარ დაგიტრიალდებათ თავში და მოგეცემათ საშუალება, იფიქროთ იმაზე, რა უნდა გააკეთოთ ახლა, რათა აიცილოთ ასეთი საფრთხე თავიდან -

მაგალითად, მოამზადოთ ანკესები, რომლითაც იჭერთ თევზს, ან ჩაიდინოთ რაიმე ისეთი საქციელი, რაც თქვენს შვილებს საკვებს უჩენს ხოლმე.

 

როდესაც არავინ არ იცის არაფერი მიმდინარე მოვლენების შესახებ, საშუალება გიჩნდებათ, დაინახოთ მხოლოდ თქვენ წინაშე გაჩენილი პერსპექტივები.

 

იმიტომ, რომ ყოველი ადამიანი უნიკალურია და მასში ჩადებულია წარმოუდგენელი პოტენციალი. სწორედ ახლაა მომენტი თქვენთვის ამ პოტენციალის გასახსნელად.

 

დასასრულ კი მინდა გავიხსენო რომელიღაც კლასიკოსის ნათქვამი, რომ ამ ცხოვრებისაგან ჯერ არავის დაუღწევია თავი ცოცხალს. იქნებ მოვიდა დრო, მთელი არსებით მივეცეთ ცხოვრებას სწორედ ახლა, როცა გარშემო ცხენებიც არ დაჭენაობენ და ქოხებიც იწვიან?

 

შეჩერდით, ახედეთ ცას. მოუსმინეთ ფანჯრის რაფაზე აწკაპუნებულ გაზაფხულის წვიმის წვეთების ხმას, ჩააკვირდით საკუთარ გამოსახულებას სარკეში და მიესალმეთ: „გაუმარჯოს!“

 

ნანახია: (1886)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას