logo.png

დაკარგულის ძიებაში - აფხაზეთი და ქართველი საბჭოთა ინტელიგენცია

ავტორი : ქეთი ქურდოვანიძე 

როცა რაღაც ძალიან ძვირფასს კარგავ, ვეღარ ისვენებ - დღენიადაგ ღელავ, განიცდი, დაეძებ, ელი... და სულ გაქვს იმედი, რომ იპოვი და დაიბრუნებ. შემდეგ ემოცია თანდათან ჩლუნგდება, ფერმკრთალდება კონტურები, პასიურ მეხსიერებად იქცევა და მხოლოდ ცალკეულ დეტალებს შემოინახავს ხოლმე ცოცხლად. თუმცა ერთი უცნაური რამ მაინც ახლავს ამ მოვლენასთან დაკავშირებულ ემოციურ გრადაციას - ის, რაც დაკარგე, კიდევ უფრო ძვირფასი ხდება. ასეთ დროს, მოვლენას, ნივთსა თუ საგანს მისი არსებობა კი არ სძენს მნიშვნელობას, არამედ მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. ჰამლეტისეული კითხვაც ამას გულისხმობს: რა ადებს ფასს ადამიანის არსებობას - ყოფნა თუ არყოფნა? ან თუნდაც ვაჟას „შენი ჭირიმე, სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა!“.

ასე დაედო განსაკუთრებული ფასი აფხაზეთსაც, რომელიც ჩვენს ბავშვობაში გართობის, სილაღის, ბედნიერების, სილამაზით ტკბობისა და მშვიდად დასვენების ადგილად აღიქმებოდა „ძირძველი თბილისელებისთვის“ - ადგილად იმ „დიდ სახლში“, სადაც ყველაფერია შენი სიმყუდროვისთვის, კომფორტისა და მოსვენებისთვის, რომელიც სულ გეგულება და ვერასოდეს წარმოიდგენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს აქ ყველაფერი აირევა, გავერანდება და გაუცხოვდება.

ასე დაგვემართა ჩვენც, „ძირძველ თბილისელებს“, ყოველ ზაფხულს სოციალური უპირატესობის განცდით რომ მივაკითხავდით ბიჭვინთის სანაპიროებს, ზოგი ლიტფონდის, ზოგი „დომ ტვორჩესტვასა“ (ხელოვანთა სახლი) და ზოგიც - კორპუსების დასასვენებელ სახლებს და სიამაყით გამოვიჭიმებოდით პრივილეგიის დამადასტურებელი ორკვირიანი, ხანაც 24-დღიანი,  საგზურებით ზღვის მხარეს გადამდგარ „ლუქსებში“.

იწყებოდა მერე ჩემოდნების ამოლაგება, გადამყიდველებთან ცეცხლის ფასად ნაყიდი ტანსაცმლის დემონსტრირება, რიგი კორპუსის მანიკიურშასთან, ბილიარდის თამაში და პრეფერანსის პულკები, საღამოობით კი ქეიფი და ყავაზე მკითხაობა რუსი ვალიას ბარში, რომელმაც ჩვენგან გაიგო, რომ რუსუ­ლში ყავა მამრობითი სქესის სიტყვაა, რუსულ მენიუში შეტანილი შოკოლადი კი „ო“-თი იწერება და არა „ი“-თი, სრულიად უაზრო და შინაარსს მოკლებული  „სვეტსკი“ საუბრები - ვინ ვისი საყვარელია, ვისი შვილი ვისას სჯობს და ვინ რომელ კაპიტალისტურ ქვეყანაშია ნამყოფი (თორემ, აბა, სოცია­ლისტურში ხომ ყველა დადიოდა?).

ასე იქმნებოდა ქართული საბჭოთა კულ­ტურა ბიჭვინთის „შემოქმედებით სახლში“ და ამ კულტურას ასაზრდოებდა, ამდიდ­რებდა და წითელ პეწს მატებდა რუს ხელოვანთა შეუზღუდავი წვდომა ასეთი ტიპის დასასვენებელ სახლებზე. ვის არ ნახავდით აქ: კასტალევსკისა და სმაკტუნოვსკის, გრიცენკოსა და ეტუშს, წელიჩკინასა და მურავიოვას, გურჩენკოსა და გოგოლევას, თავიანთი შვილებით, შვილიშვილებით, ქმრებით, საყვარლებითა და მეგობრებით. რუსებთან ურთიერთობა და იდენტი­ფიკაცია კიდევ უფრო ზრდიდა ქართველ „კულტურის მუშაკთა“ თვითშეფასებასა და აღმატებულობის განცდას, განსაკუთრებით მაშინ, თუ რომელიმე რუსი „კულტურის მუშაკი“ შეგაქებდა, მოგიწონებდა კარგად შესრულებულ რუსულ რომანსს ან ცხიმში ჩაბუჟბუჟებულ „ოდჟახურის“ (რამეთუ იმ დროს ქართული ელიტა ჯერ კიდევ არ იყო ფრანგული და იტალიური კერძების სინატიფეს ნაზიარები). აი, აქ სულ სხვა სიხარული დაისადგურებდა ხოლმე ამაყი ქართველი ხელოვანების თვალებში. მერე იწყებოდა ამაზე გაუთავებელი სჯა-ბაასი, თავის მოწონება, ყელყელაობა. ამას მოჰყვებოდა წინა ზაფხულის ამბების გახსენება და შემდეგ უსაგნო წუხილი, რომ წელს იაკოვლევმა ვერ მოახერხა ბიჭვინთაში ჩამოსვლა. ამ წუხილს კი აგვირგვინებდა რომელიმე ქართველი თეატრალის ძალიან შინაურული და წუხილნარევი მონათხრობი ამა თუ იმ რუსი მსახიობის პროსტატის ანთებაზე ან ოჯახურ პერიპეტიებზე. ისმენდნენ ამას უფრო დაბალი კლასის ხელოვანები და მერე, თბილისში დაბრუნებულნი, პირველ პირში უყვებოდნენ მათზე კიდევ უფრო დაბალი კლასის მსმენელს. ჰოდა, ვითარდებოდა ასე ხელოვნებაცა და ხალხიც.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  ქართველ ხელოვანებს არასდროს ტოვებდა სხვათა დაცინვა-გაქილიკებისა და განქიქების სისხლხორცეულად გამჯდარი ჩვევა. ამას ალბათ მათი „კრიტიკული აზროვნების“ უნარს უნდა ვუმადლოდეთ, თორემ სხვა რა ძალამ შეიძლება ათქმევინოს ქართველ საბჭოთა ინტელიგენტს პუშკინისა და ლერმონტოვის შთამომავლებზე აუგი? დასხდებოდნენ ვესტიბიულში - ზოგი შორენა კოლონკელიძის როლის შემსრულებელი, მიწიერად კი მინისტრის ცოლი, ზოგი ბეჩუნი პერტიას როლის შემსრულებელი, მიწიერად კი „წიგნი ფიცისას“ შემოქმედის ცოლი, ზოგიც კი ოიდიპოსის შემსრულებლის ცოლი, მიწიერად კი ფოთის საპატიო მოქალაქე და იწყებოდა ვრცელი ტირადები სმოკტუნოვსკის უმსგავსო შვილზე, გოგოლევას ნაოჭებიან სახეზე, გურჩენკოს ახალგაზრდა საყვარელსა თუ წელიჩკინას მოკლე კაბებზე.

რით იყო ღირსშესანიშნავი ეს საუბრები? მხოლოდ და მხოლოდ ლინგვისტური თვალსაზრისით, რადგან სწორედ ამ ტიპის დისკუსია იმართებოდა ქართულ ენაზე (სტუმრებს რომ არ გაეგოთ და არ სწყენოდათ), სხვა დროს კომუნიკაციის ენად რუსული გამოიყენებოდა, ამიტომაც მოისმენდით აქ საარაკო რუსულს. კარგი მორუსულეებიც იყვნენ, მაგრამ იმდენად ცოტა, რომ, მგონი, გარჯადაც კი არ ღირდა ესოდენი ძალისხმევა, ერთმანეთისთვის გაეგებინებინათ, როგორ ჭვრეტენ სამყაროს და რას მოითხოვენ წუთისოფლისგან. ჰო, მართლა, მერე იმასაც დასცინოდნენ, ვინც რუსულად ლაპარაკის დროს შეცდომებს უშვებდა და იყო ერთი ტალსტოი-დასტაევსკის ძახილი.

რუსები ქართველებისგან შორს იჭერდნენ თავს. მათ ნომრებში რომ კარგად გამოთვრებოდნენ, ემშვიდობებოდნენ მადლიერ მასპინძელს და საგანგებოდ გაკეთებული „უკლადკებით“ (ვარცხნილობა) „ტანცპლაშადკას“ (საცეკვაო მოედანს) მიაშურებდნენ. გაწბილებული მასპინძლები კი რესტორნებში იკლავდნენ მათთან განშორების სევდას. შემდეგ ყველა უკან ბრუნდებოდა და აი, აქ იწყებოდა ჩხუბი და დავიდარაბა. „ტვორჩესტვას“ კარიბჭე 12 საათზე იკეტებოდა და ამ დროის შემდეგ იქ შინაგანაწესით აღარავინ დაიშვებოდა. ეს წესი არ ვრცელდებოდა რუსებზე - ეს დაუწერელი კანონი იყო. სამაგიეროდ, ქართველები ისჯებოდნენ მკაცრად: ორჯერ დაგვიანება „სამოთხიდან“ გაძევებას ნიშნავდა მგლის ბილეთით. თუმცა ქართველების დიდი ნაწილი ამის მოგვარებასაც ახერხებდა გუგული ნიკალაევნასთან -„ტვორჩესტვას“ დირექტორთან. მისი მსახვრალი ხელი კი სასეირნოდ გასულ ახალგაზრდა და ხელმოკლე წყვილებს მოხვდებოდა ხოლმე. არ უყვარდა გუგული ნიკალაევნას უყურადღებობა და უსაჩუქრობა. დიახ, ასე იყო.

და მაინც, დილა ჩვეულებრივ თენდებოდა, პლაჟი თანდათან ივსებოდა ნაბახუსევი, ნაჭორავები, „ნაგულავები“ დამსვენებლებით და ამ არყისა და გათანგულობის ოხშივარს მთლიანად ფარავდა კამკამა ზღვა და კაშკაშა მზე - თვალწარმტაცი აფხაზეთი, არც თავისი მშვენებით გაამპარტავნებული და არც თვისი სიწმინდით გადიდგულებული. ეს მოცემულობა სულ არსებობდა და იმ საპირწონეს ქმნიდა, რომელიც მოთმინებას გმატებს, აიტანო ქართველ ხელოვანთა ზემოთ აღწერილი შემოქმედებითი წიაღსვლები.

ამ საბჭოურ სიმყუდროვეს, აქ რომ დავანებულიყო ხელოვანთა საამებლად, ხან­და­ხან არღვევდა ხოლმე ისეთი ამბები, მაგალითად, როგორიცაა თვითმფრინავის ბი­ჭების ისტორია. მორალური დილემებისთვის არც ჩვენი საზოგადოება იყო მზად და არც ცალ­კეული ხელოვანი, ამიტომ მათ თავ­ზე დამოკლეს მახვილივით ჩამოეკიდა უდა­ნა­­შაულო მღვდლისა და რამდენიმე მეამბოხე ახალგაზრდის დახვრეტის გადაწ­ყვეტილება. მორალურ დილემას ვამბობ, თორემ ეს მორალი საერთოდ არ იმუშავებდა, ცნობილი ადამიანების შვილების ნაცვლად, ამ თვითმფრინავში ვინმე წალენჯიხელი ან ზესტაფონელი გოგო-ბიჭები რომ მსხდა­რიყო. ეჰ, არ გაუმართლა ჩვენს ხელოვანებს - არ იქნებოდა ლამაზი, კოლეგებისა და მეგობრების შვილების შეწყალებაზე უარის თქმა, არადა ამ ხელმოწერაში დიდი ფასის გადახდა მოუწევდათ. მოკლედ, წინ - წყალი და უკან - მეწყერი. და მაინც, ზოგმა მოაწერა, ზოგმაც საკუთარი ხელმოწერა უკან წაიღო და მერე თავი გაიმართლა, მაინც დახვრეტდნენო. ჰო, ასეთებიც იყვნენ.

განაჩენი 1984 წლის 23 აგვისტოს გამოიტანეს, გაგანია ბიჭვინთის სეზონზე. სასამართლო პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია გამოცხადდა. ყველა „ხელოვანთა სახლის“ ვესტიბიულში შეიკრიბა. რუსებიც იქ იყვნენ და „ვრემიას“ (რუსული საინფორმაციო გადაცემა) უყურებდნენ, მოსკოვზე ჰქონდათ გადართული, და სულ არ ედარდებოდათ იქ მოფუსფუსე ხალხის მღელვარება. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ტელევიზორი ქართულ არხზე გადაგვერთო (მაშინ ხომ სულ სამი არხის არჩევანი იყო). რუსებმა გათიშეს ტელევიზორი და ახლა ჩამქრალ ეკრანს მიუსხდნენ და მიაშტერდნენ, რომ მათი ადგილები არავის დაეკავებინა. ისხდნენ უტყვად და ამ მდუმარებით ამბობდნენ, რომ იქაურობა მათია. ჩვენ მაინც ჩავრთეთ ტელევიზორი. განაჩენი გამოცხადდა. ატყდა ზლუქუნი, ხმამაღალი შეძახილები, თუმცა არაფერი ისეთი, რაც მიანიშნებდა, რომ ხუთი ადამიანი სიკვდილით უნდა დაესაჯათ. მერე ხალხი ნელ-ნელა გაიკრიბა - ზოგმა ბარს მიაშურა, ზოგმა რესტორანს - ზუსტად ისე, როგორც ილიას მოთხრობაშია - „სარჩობელაზედ“.  დილით არავის არაფერი ახსოვდა, აღარც ვიშვიში, აღარც ზლუქუნი. იყო ერთი სიმღერა და ვარხივარალე.

გავა წლები და ასე უხმოდ, უცრემლოდ, უსულგულოდ გამოიტირებენ ქართველები გაგრის სტადიონზე დახვრეტილ ბიჭებს, დაკარგულ აფხაზეთსა და „თეთრ სანატორიას“, სანუგეშოდ კი იტყვიან, რომ ეს ორკვირიანი საგზურები მაინც აღარ არსებობს, არც ის საბჭოთა კომფორტი, ჰოდა მალდივებზე დავისვენებ, უფრო ასწორებსო.

მეხსიერება ინახავს იმას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მეხსიერება გვაკავშირებს იმასთან, რაც გვიყვარდა და გვწამდა, იმას კი, რა გვიყვარდა, რა გვწამდა, რა გვეძვირფასებოდა, განგრძობადი დრო მატებს სიცხადეს. ჰოდა, რა გამოირკვა, რა იყო ჩვენთვის აფხაზეთი - მზე, ზღვა და  რუსებით სავსე „თეთრი სანატორია“ თუ  გალაკტიონის ამოძახილი: „მომაგებე მშობლიური მიწა, შენი ძველი მეგობარი მიცან“?

აი, ამას უნდა გავცეთ პასუხი.

ჟურნალი ახალი ივერია.

ნანახია: (218)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას