J0529-4351-ის სახელით ცნობილი კვაზარი, რომელიც ასტრონომებმა 4 დეკადის წინ შეგროვებულ მონაცემებში აღმოაჩინეს, ჩვენთვის ცნობილი ყველაზე კაშკაშა კოსმოსური ობიექტია. ესაა აქტიური გალაქტიკური ბირთვი, რომელშიც რეკორდული სისწრაფით მზარდი ზემასიური შავი ხვრელია მოქცეული.
ის ყოველდღიურად 1 მზის მასის ეკვივალენტურ მატერიას შთანთქავს, რაც ასევე გასაოცარი მაჩვენებელია. ეს ობიექტი ჩვენგან იმდენად შორსაა, რომ მასთან ასოცირებული სინათლის აქამდე მოღწევას 12 მილიარდი წელი სჭირდება. გამოდის, რომ ამ კვაზარს ისეთს ვხედავთ, როგორიც დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 2 მილიარდ წელზე ნაკლებ დროში იყო.
მეცნიერთა გამოთვლებით, ზემოხსენებულ შავ ხვრელს 17-19 მილიარდი მზის მასა აქვს. თითო წელიწადში ის 370 მზის მასით "იკვებება", რაც კვაზარის განსაკუთრებულ სიკაშკაშეს განაპირობებს. ის რომ ჩვენი ვარსკვლავის გვერდით იყოს, მასზე 500 ტრილიონჯერ ელვარე იქნებოდა.
კვაზარები გალაქტიკების შუაგულში არსებული რეგიონებია, რომლებშიც ზემასიური შავი ხვრელები გვხვდება. ეს უკანასკნელი გარემოცულია აირისა და მტვრის აკრეციული დისკოთი, რომელიც მძლავრი გრავიტაციის გავლენით თბება და ძალიან კაშკაშა ხდება. მატერია, რომელიც შავ ხვრელში არ ჩაედინება, პოლუსებისკენ მიემართება და კოსმოსში კაშკაშა ნაკადების სახით, თითქმის სინათლის სიჩქარით, იტყორცნება.
J0529-4351-ის რეკორდული სინათლე მისი უზარმაზარი აკრეციული დისკოს დამსახურებაა, რომლის დიამეტრიც, მეცნიერთა ვარაუდით, 7 სინათლის წელია. ეს ნიშნავს, რომ მის გადასაკვეთად დედამიწასა და მზეს შორის არსებული მანძილის დაახლოებით 45 000-ჯერ დაფარვა მოგვიწევდა.
მაინც რატომ დასჭირდა ამ კვაზარის აღმოჩენას ამდენი წელი? ის პროექტის Schmidt Southern Sky Survey ფარგლებში 1980 წელსაა დაფიქსირებული, მაგრამ ასეთ მონაცემებს მეცნიერები კომპიუტერული მოდელების მიხედვით აანალიზებენ ხოლმე. ეს მოდელები ჩვენთვის ცნობილ კოსმოსურ ობიექტებზე და მათ მახასიათებლებზეა გაწვრთნილი, რათა მათი მსგავსი ახალი კანდიდატები გამოავლინოს.
იქიდან გამომდინარე, რომ J0529-4351 სხვა კვაზარებისგან სიკაშკაშით გამორჩეულია, მოდელმა ის ამ კატეგორიაში არ გაატარა და დედამიწასთან ახლომდებარე ვარსკვლავში აერია. აღნიშნულ უზუსტობას სპეციალისტებმა 2023 წელს მიაგნეს და J0529-4351-ის კვაზარად იდენტიფიცირება შეძლეს. უახლეს კვლევაში კი ის ყველაზე კაშკაშა ობიექტად დასახელდა, რის შესახებაც ინფორმაცია ძალიან დიდი ტელესკოპის რენტგენული სპექტროგრაფით მოიპოვეს.
ავტორების თქმით, ეს კვაზარი ედინგტონის ზღვართან ახლოსაა. ესაა მაქსიმალური სიკაშკაშე, რაც შესაძლოა, ობიექტს გარეთ მიმართული რადიაციისა და შიგნით მიმართული გრავიტაციის ბალანსისას ჰქონდეს. ამ და სხვა საკითხების შესახებ მეტის გასაგებად, ავტორთა აზრით, დამატებითი კვლევებია საჭირო.
წყარო: Space.com
ნანახია: (243)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას