მძიმე შეცდომა, რომელსაც ხშირად უშვებენ მონაზვნობის (ბერობის) მსურველნი:
ეკლესიაში მამაკაცებისთვის არსებობს: ა) მღვდლად კურთხევა და ბ) ბერად (მონაზვნად) აღკვეცა. ეს ორი სრულიად სხვადასხვა რამაა, რასაც ხშირად ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ თვით მორწმუნენიც კი. მღვდლობა დავალებაა, საქმეა, მსახურებაა, სახარების ქადაგებაა, წირვა-ლოცვის შესრულებაა და ა.შ.
როგორ ხდება ადამიანი მღვდელი? მას მღვდელმთავრის მიერ ხელების დადებით გადაეცემა ძალა და უფლება იმსახუროს და აკეთოს მღვდლის საქმე. მღვდლობა საქმეა, ხოლო ბერობა არის ადამიანის მიერ თავადვე არჩეული ცხოვრების წესი. ბერობა არ მიეკუთვნება ეკლესიის 7 საიდუმლოს. ბერობა არ არის სასულიერო ხარისხი. ბერს არ აკურთხებს მღდელმთავარი და არ ანიჭებს ბერობის ძალას ან უფლებას. ბერული ცხოვრების წესს თავად ირჩევს ადამიანი, შორდება წუთისოფლის ორომტრიალს, იწყებს ცხოვრებას მონასტერში და დიდი ხნის გამოსაცდელი ვადის შემდეგ, როცა დარწმუნდება არჩევანის სისწორეში, ხდება მისი ბერად აღკვეცა. შესაბამისად ბერი არ არის იგივე, რაც მღვდელი. მღვდელი ცხოვრობს ხალხში, ჰყავს ცოლ-შვილი, მსახურობს ქალაქში თუ სოფელში, ტრიალებს საზოგადოებაში, ურთიერთობს მრევლთან და მისი დავალებიდან გამომდინარე ყველა სხვა ადამიანთანაც. ბერი (მონაზონი) კი განშორებულია ხალხს და ცხოვრობის მისი აღკვეცისას დადებული 3 აღთქმის მიხედვით. ესენია: 1) დარჩეს უქორწინებლად, 2) არ გააჩნდეს ქონება და 3) არ განშორდეს მონასტერს. თუ ბერობის მსურველს ეს 3 რამ შინაგანად არ შეუძლია, ბერად აღკვეცა ვერ მისცემს მას ამის ძალას ანუ ბერად აღკვეცა ვერ გახდის ადამიანს ბერად თუ ის შინაგანად უკვე არ არის ბერი. ვისაც ვერ გაურჩევია თუ რა განსხვავებაა მღვდლობასა და ბერობას შორის, სამწუხაროდ ჰგონია, რომ ბერად აღკვეცისას მას მიეცემა ბერობის ძალა ისე, როგორც მღვდელს ეძლევა მღვდლობის უფლება მღვდლად კურთხევის დროს. ამ ორს შორის განსხვავების ცოდნა უაღრესად საჭიროა, რათა ხიბლის გამო არავინ აიღოს ბერობის ტვირთი ისე, რომ გააზრებული არ ჰქონდეს, თუ რა გზას ადგება ამ გადაწყვეტილებით.
წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.
ნანახია: (2152)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას