logo.png

2050 წლისთვის ამაზონის ჯუნგლებს ნაწილობრივი ან სრული განადგურება ემუქრება

ახალი კვლევის თანახმად, ამაზონის ჯუნგლები შესაძლოა, დიდხანს ვეღარ შევინარჩუნოთ, რაც გლობალური დათბობით, გაუტყეურებითა და სხვა მიზეზებითაა გამოწვეული. კერძოდ, მას 2050 წლისთვის ნაწილობრივი ან სრული განადგურება ემუქრება.

მეცნიერებმა კომპიუტერული მოდელები და ადრეული დაკვირვებები გამოიყენეს, რათა ის 5 ფაქტორი გამოევლინათ, რომლებიც მსოფლიოს უდიდეს ჯუნგლებს საფრთხეს უქმნის. ესენია: გლობალური დათბობა, წვიმების წლიური მაჩვენებელი, მსგავსი ნალექის სეზონური სიხშირე, მშრალი სეზონების ხანგრძლივობა და გაუტყეურება.

იდენტიფიცირების შემდეგ სპეციალისტებმა თითოეული მათგანი გააანალიზეს და ის ზღვარი დაადგინეს, რომლის გადაკვეთაც ამ მწვანე საფარს ადგილობრივი, რეგიონული ან სრული მასშტაბით გაანადგურებდა. ასევე, როგორ წარმოქმნიდა მათი კომბინაცია კრიტიკულ წერტილს, რომლის დროსაც თუნდაც მცირე სტრესორი ეკოსისტემას მნიშვნელოვნად შეცვლიდა.

ფოტო: Getty

აღმოჩნდა, რომ სწორედ ასეთი კომბინაციაა ყველაზე დიდი რისკის შემცველი. ავტორთა გამოთვლებით, 2050 წლისთვის ამაზონის ჯუნგლების 10-47% სხვადასხვა ფაქტორის ისეთი ზემოქმედების ქვეშ იქნება, რაც ეკოსისტემის მოულოდნელ გადასხვაფერებას გამოიწვევს და, პოტენციურად, რეგიონულ დონეზე კლიმატის ცვლილებასაც გაამწვავებს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ამაზონის ჯუნგლების ცენტრალურ ნაწილში სხვადასხვა რისკ-ფაქტორის ზემოქმედება განსაკუთრებულად შეიმჩნევა. მათი კომბინაციის გავლენა კი შესაძლოა, ისეთ არეალებზე აისახოს, რომლებიც აქამდე მედეგად მიიჩნეოდა. ასეთია, მაგალითად, ცენტრალური და დასავლეთ ამაზონის ტენიანი ტყეები.

უნდა ითქვას, რომ ეს ჯუნგლები ატმოსფეროდან დიდი ოდენობით ნახშირბადს შთანთქავს, ამიტომ გლობალურ კლიმატზე სერიოზული გავლენა აქვს. შესაბამისად, თუ ის შთანთქმულზე მეტი ნახშირბადის გამოყოფას დაიწყებს, სიტუაცია მთელ მსოფლიოში გამწვავდება.

ყველაფრის მიუხედავად, ავტორები იმედოვნებენ და ელიან, რომ ამაზონის ჯუნგლების მედეგობა უფრო და უფრო გაიზრდება. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

წყარო: IFLScience

ნანახია: (212)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას