logo.png

                ყოვლადწმიდა  ღვთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრება

 

წმიდა ლუკა მახარებელმა, რომელიც თავიდანვე  ახლოს იცნობდა მართალი იოსების ოჯახს  და ქალწულ მარიამს, მისივ  მონათხრობიდან  ჩაიწერა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი  მოვლენა ღვთის დედის  ცხოვრების ადრეული წლებიდან. გარდა იმისა, რომ წმიდა ლუკა ცნობილია როგორც ხელობით მკურნალი, იგი მხატვრობაშიც  საკმაოდ დახელოვნებული იყო  და ღვთისმშობლის  სიცოცხლეშივე შექმნა  მისი ხატი, რომლისგანაც  შემდგომი დროის  ხატთმწერებმა  მრავალი ასლი გადაიღეს.

 

ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობა.

როცა მოახლოვდა დრო ამქვეყნად ქვეყნის მაცხოვრის შობისა, გალილეის  ქალაქ ნაზარეთში  ცხოვრობდა წმიდა დავით მეფის - მეფსალმუნისა და წინასწარმეტყველის  შთამომავალი იოაკიმე თავის მეუღლესთან - ანასთან ერთად. ცოლ-ქმარი ისე მოხუცდა, რომ მათ შვილი არ შესძენიათ. ამის გამო დიდად წუხდნენ და მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, შვილი მოგვმადლეო. მართალია, უკვე  ხანდაზმულნი  იყვნენ და თითქოს შეუძლებელიც იყო  შვილი ჰყოლოდათ, მაინც, იოაკიმე და ანა  იმდენად აღსავსენი იყვნენ რწმენით, რომ არ კარგავდნენ შვილის შეძენის  იმედს. ამისთვის  მათ  აღთქმაც მისცეს ღმერთს,  თუკი შვილი შეგვეძინება, შენ მოგიძღვნით, რათა მთელი ცხოვრების  მანძილზე შენ  გემსახუროსო. ასე მხურვალედ იმიტომ ევედრებოდნენ უფალს, რომ ძველი იუდეველებისთვის შვილის  არყოლა, ბერწობა ღმერთისაგან მოვლინებულ სასჯელად მიიჩნეოდა ცოდვებისათვის.  ხოლო განსაკუთრებით მტკივნეულად თავის უშვილობას  მართალი იოაკიმე განიცდიდა,  რადგან საღმრთო  წერილის  წინასწარმეტყველებით სწორედ მის გვარში,  ანუ დავითის  ტომიდან უნდა  შობილიყო მესია - ქრისტე. და აი, ღვთისმოშიში ცოლ-ქმრის რწმენისა და  მოთმინებისათვის ღმერთმა  წყალობით მოხედა მათ და უდიდესი სიხარული მოანიჭა: იოაკიმესა და ანას ასული შეეძინათ, რომელსაც სახელად მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად  „ქალბატონს,  დედოფალს“  ნიშნავს; გარდა ამისა, ეს სახელი  „იმედის,სასოების“  აღმნიშვნელიცაა.

 

 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება.

როცა ქალწულ მარიამს  სამი წელი შეუსრულდა, კეთილმსახურმა მშობლებმა იგი იერუსალიმს წაიყვანეს,  რათა იქ ტაძარში ღმერთისთვის  მიეძღვნათ თავიანთი აღთქმისაებრ. ასე რომ,  ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იერუსალიმის ტაძართან აღიზრდებოდა - სხვა  თავისნაირ ასულებთან ერთად შეისწავლიდა საღმრთო წერილს, ხელსაქმეს,  მარადის  ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. აქ, ტაძრის ეზოში მდებარე სამყოფელში ცხოვრობდა იგი  თერთმეტი წლის განმავლობაში და ღრმად მორწმუნე კეთილმსახურ ქალიშვილად აღიზარდა, ყოველივეში ღმრთისა და  მის მსახურთა მორჩილი,  თავმდაბალი და  დიდად შრომისმოყვარე.  მას სურდა, მთელი თავისი  ცხოვრების მანძილზე ღმერთისთვის ემსახურა და ამიტომ აღთქმაც დადო, რომ არ გათხოვდებოდა და მარადის ქალწულად დარჩებოდა.

 

ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის დაწინდვა მართალი იოსების მიერ.

ღრმად მოხუც იოაკიმესა და ანას დიდხანს არ უცოცხლიათ და ქალწული მარიამიც ობლად დარჩა. როცა ის თოთხმეტი წლისა შეიქმნა, საღმრთო სჯულის მიხედვით, უკვე აღარ შეეძლო იერუსალიმის ტაძარში დარჩენა - აუცილებელი იყო, რომ ვინმეს ცოლად გაჰყოლოდა. პირველმღვდელმთავარმა იცოდა მის მიერ დადებული აღთქმა - მარადის ქალწულად დარჩენილიყო და მხოლოდ ღმერთისთვის ემსახურა; ამიტომ მან ფორმალურად დაწინდა იგი მართალ იოსებზე, ქვრივ, ოთხმოცი წლის მოხუცზე, რომელიც ქალწული მარიამის მფარველი უნდა ყოფილიყო. დაწინდვისას იოსებმა აღთქმა დადო, რომ ყოველთვის იზრუნებდა მარიამზე და უმანკოდ დაიცავდა მას. იოსებიც ნაზარეთის მკვიდრი და ასევე დავითის შთამომავალი იყო (ებრაელთა ძველი ჩვეულებისამებრ, ცოლ-ქმრობა შესაძლებელი იყო  მხოლოდ  ერთი ტომის შთამომავლებს შორის). ხელობით იგი დურგალი იყო და ხელმოკლედ ცხოვრობდა. პირველი ცოლისაგან ჰყავდა ოთხი ძე - იუდა (იგივე თადეოზი), იოსია, სიმონი და იაკობი, რომელნიც სახარებაში წოდებულნი არიან იესოს ძმებად. ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი იოსების სახლში ასევე წმიდად  და განმხოლოებულად ცხოვრობდა, როგორც იერუსალიმის ტაძართან.

 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარება. 

მეექვსე თვეს მას შემდეგ, რაც მათავარანგელოზი გაბრიელი მღვდელ ზაქარიას გამოეცხადა და ამცნო -  შენი ცოლი ძეს - უფლის წინამორბედსა და ნათლისმცემელს იოანეს გიშობსო, იგივე ანგელოზი ღმერთმა ნაზარეთს წარგზავნა ქალწულ მარიამთან, რათა ეხარებინა - შენგან ქვეყნის მხსნელი იშვებაო. მთავარანგელოზმაც ზემოთ მოყვანილი სიტყვებით  მიმართა ქალწულ მარიამს, - გიხაროდეს, მიმადლებულო, უფალი შენთანაა და კურთხეული ხარ  შენ დედათა შორისო. მარიამი შეცბუნდა და ფიქრობდა - ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ანგელოზისაგან ასეთი მოკითხვაო.  ანგელოზი კი ეუბნებოდა: „ნუ გეშინინ მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა ესერა  შენ მუცლად იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ  და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თვისისაი, და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა  მისისაი არა იყოს დასასრულ“ (ლუკა 1,30-33).  მარიამი გაოცებული  ეკითხებოდა ანგელოზს: „ვითარ-მე  იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?“ გაბრიელ მთავარანგელოზმა აუწყა,  რომ ეს ყოვლადძლიერი  ღმერთის ძალით მოხდებოდა: „სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაი გფარვიდეს შენ; ამისთვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდის და ძე მაღლის. და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თვისსა, და ესე მეექვსე თვე არს მისი, რომელსა  იგი ერქვა ბერწ. რამეთუ არა შეუძლებელ  არს წინაშე ღრმთისა ყოველი სიტყვაი“. მაშინ მარიამმა მორჩილად მიუგო ღვთის  ანგელოზს: „აჰა  მხევალი უფლისაი. მეყავნ  მე სიტყვისაებრ  შენისა“ (ლუკა 1,34-38), და მას შემდეგ, რაც ქალწულმა სრული მორჩილება გამოუმჟღავნა უფალს, მთავარანგელოზი გაბრიელი განეშორა მას.

 

ქალწულ მარიამის მიერ ელისაბედის მონახულება.

ამის შემდეგ მარიამი სწრაფად გაემართა  თავის ნათესავთან ელისაბედთან, იუდეის მთებში, შევიდა ზაქარია მღვდლის სახლში და მოიკითხა ელისაბედი,  რომელიც ამ დროს სულიწმიდით აღივსო და შეიტყო უფლისაგან, რომ ქალწული მარიამი ღირსქმნილა ღვთის დედა გახდეს. ამიტომ მანაც ხმამაღლა მიმართა მარიამს: „კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი  მუცლისა შენისა. და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა  ჩემისაი ჩემდა? რამეთუ აჰა ესერა ვითარცა  იყო ხმაი მოკითხვისა  შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა“... (ლუკა 1,42-44).

პასუხად ქალწულმა მარიამმა ღმერთი განადიდა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა; რამეთუ  აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან,  და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაი მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა“ (ლუკა 1,46-50). ამის შემდეგ სამი თვე დაჰყო მარიამმა ელისაბედთან, შემდეგ კი ნაზარეთს დაბრუნდა, თავის სახლში.

ღმერთმა მართალ იოსებსაც აუწყა მაცხოვრის მოახლოებული შობის შესახებ ქალწულ მარიამისაგან: ანგელოზმა განუცხადა მოხუც იოსებს,  რომ მარიამს სულიწმიდის  ზემოქმედებით ეყოლებოდა ძე, როგორც ეს უფალმა  გამცნოთ წინასწარმეტყველ ესაიას პირითო. და ამასთან უბრძანა იოსებს, ყრმისთვის  სახელად  იესუ დაერქმიათ,  რადგან მან  უნდა იხსნას  ადამიანები  მათი ცოდვებისგანო (ებრაული სიტყვა „იეშუა“ „მხსნელს,  მაცხოვარს“ ნიშნავს).

 

შემდგომი ცხოვრებისეული მოვლენები

სახარების შემდეგი თხრობა  ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მოიხსენიებს მისი ძის - ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ქვეყნიურ ცხოვრებასთან და საზოგადო მსახურებასთან  დაკავშირებით: ბეთლემს -  მის  ხორიელად შობასთან, მერე-წინადაცვეთასთან, მოგვებისმიერ თაყვანისცემასთან,  მე-40 დღეს შობიდან  ტაძარში მიყვანებასთან და მსხვერპლის შეწირვასთან, ეგვიპტეში გაქცევასთან, ნაზარეთში დაბრუნებასთან, პასექის დღესასწაულზე იეროსალიმის ტაძარში მისვლასთან დაკავშირებით, როცა იესოს 12 წელი შეუსრულდა და სხვა. ეს მოვლენები ყოველი ქრისტიანისთვის კარგადაა ცნობილი და ჩვენც აღარ შევუდგებით მათ გადმოცემას. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ, მართალია, სახარებისეული თხრობები ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე საკმაოდ ძუნწია, მაგრამ ისინი მაინც ნათელ წარმოდგენას გვაძლევენ  ღვთის დედის  ზნეობრივ სიწმიდესა და სულიერ სიმაღლეზე: მისი თავმდაბლობის, მორჩილების, უდიდესი რწმენის, მოთმინების, მხნეობის, ღრთის ნებისადმი სრული დამორჩილების, თავისი ღვთაებრივი  სიყვარულისა და თავდადებული ერთგულების შესახებ. ამით ვხედავთ, თუ რატომ  ღირსიქმნა იგი იმისა, რომ, ანგელოზის სიტყვისაებრ, მადლი მოეპოვებინა  წინაშე ღმრთისა.

პირველი სასწაულიც, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ გალილეის ქალაქ კანაში აღასრულა, ქორწილზე, ქალწულ მარიამის ნათელ სახეს გვიხატავს, როგორც ყოველთა შეჭირვებულთა მეოხმყოფელს  თავისი ძის წინაშე: როცა მექორწილეებს ღვინო შემოაკლდათ, ეს შენიშნა ღვთის დედამ და სთხოვა  თავის ძეს, დახმარებოდა მასპინძლებს. და თუმცა იესომ უთხრა  თავის დედას - „რაი არის ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ  არს ჟამი ჩემი“-ო (იოანე  2,4), მარიამი მაინც დარწმუნებული იყო, რომ ძე მისი უყურადღებოდ არ დატოვებდა დედის თხოვნას და ამიტომაც უთხრა მსახურებს: „რაიცა  გრქუას თქვენ, ჰყავთ!“ (მუხლი 5). თანალმობით აღსავსე ამ მიმართვაში მსახურებისადმი ნათლად ჩანს  ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მზრუნველობა მასზედ, რომ მის მიერ დაწყებული საქმე კეთილად დასრულდეს! და მართლაც, მისი მეოხმყოფელობა  არ დარჩენილა  უნაყოფოდ  და უფალმა იესო ქრისტემ  აქ თავისი პირველი სასწაული აღასრულა - წყალი ღვინოდ გადააქცია და ამით ძნელი მდგომარეობიდან გამოიყვანა ხელმოკლე ადამიანების ოჯახი. აღსანიშნავია,რომ სწორედ ამის შემდეგ „ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა“ (იოანე 2,11) .

სახარებისეულ მომდევნო თხრობაში ღვთის დედა გამოხატულია, როგორც მარადის თავის ძეზე მზრუნველი და მისთვის დამაშვრალი. ბოლოს კი ჩვენ  ვხედავთ ღვთის დედას ჯვართან, მოტირალს, მოწმეს თავისი ღვთაებრივი ძის ტანჯვა-წამებისა, შეურაცხყოფისა, მისი უკანასკნელი სიტყვებისა ჯვარზე სიკვდილის წინ, როცა უფალმა თავის საყვარელ მოწაფეს - იოანეს დააკისრა ღვთისმშობელზე ზრუნვა, როგორც საკუთარ დედაზე. ასე აღსრულდა სვიმეონ მიმრქმელის წინასწარმეტყველება, რომელმაც უთხრა ქალწულ მარიამს  იერუსალიმის ტაძარში: „და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი“-ო (ლუკა 2,35). ამ მძიმე ჟამსაც  მარადის ქალწული სრულ მორჩილებას უმჟღავნებს ღვთის ნებას - მის ბაგეთ საყვედურისა თუ სასოწარკვეთის სიტყვაც კი არ დასცდენია.

კვალად, წმინდა მოციქულების საქმეთა წიგნშიც მოკლედ არის მოხსენიებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, როცა მასზე და მოციქულებზე მეერგასე  დღეს უფლის აღდგომიდან სულიწმინდა გარდამოხდა ცეცხლოვანი ენების სახით და საღმრთო ძალით აღავსო უფლის მოწაფენი, რათა მათ მთელს ქვენიერებაზე ექადაგათ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამის შემდეგ, საეკლესიო გადმოცემით, ღვთისმშობელმა კიდევ ოციოდ წელი იცხოვრა ამქვეყნად. წმინდა იონე ღვთის მეტყველმა, უფლის საყვარელმა მოწაფემ და მოციქულმა, თავის სახლში მიიღო იგი უფლის ანდერძისამებრ და უდიდესი სიყვარულით ზრუნავდა მასზე, ვითარცა ღვიძლი ძე. როცა ქრისტიანული სარწმუნოება მოციქულთა ძალისხმევით სხვა ქვეყნებშც გავრცელდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან შორეული ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ მორწმუნენი, რათა საკუთარი თვალით ენახათ მარადის ქალწული, თაყვანი ეცათ  და  მოესმინათ მისთვის. ღვთის დედა ქრისტეს ყველა მოწაფისთვის საერთო დედად შეიქნა და ყველა ქრისტიანისთვის მაგალითი იყო ღვთის სათნო-მყოფელი ცხოვრებისა.

 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინება.

როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ელეონის მთაზე (იერუსალიმის მახლობლად) ლოცულობდა, მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა სამოთხის ზეთისხილის რტოთი და უთხრა, რომ სამი დღის შემდეგ დასრულდებოდა მისი ქვეყნიური ცხოვრება და უფალი თავისთან წაიყვანდა. ღმერთმა ისე განაგო, რომ მთელს ქვეყნიერებაზე ღვთის სიტყვის საქადაგებლად გაბნეული მოციქულები - ყველანი იერუსალიმში შეიკრიბნენ, ღვთის დედასთან, რათა გამოსთხოვებოდნენ მას და უკანასკნელად ენახათ ქვეყნიურ ცხოვრებაში. მიძინების ჟამს ის სამყოფელი, სადაც ქალწული მარიამი ელოდა აღსრულებას, არაჩვეულებრივი ნათლით გაბრწყინდა, თვით უფალი, გარშემორტყმული ანგელოზებით  გამოეცხადა თავის დედას და თვითონვე მიიღო მისი წმინდა სული. მოციქულებმა ღვთისმშობლის სხეული ელეონის მთის ძირას, გესთიმანიის ბაღში დაკრძალეს, როგორც ეს თვით მარადის ქალწულს სურდა სიცოცხლეში, სწორედ იმ მღვიმეში, რომელშიც მისი მშობლები - მართალი იოაკიმე და ანა, აგრეთვე მართალი იოსებ დამწინდველი იყვნენ დაკრძალული. დაკრძალვის დროს მრავალი სასწაული აღსრულდა:ღვთისმშობლის სარეცელთან შეხებით ბრმანი თვალს აღიხელდნენ, ეშმაკნი განიდევნებოდნენ და ყოველი სნეულებაც იკურნებოდა. დაკრძალვიდან სამი დღის შემდეგ იერუსალიმს წმინდა თომა მციქული ჩამოვიდა; მისი დაგვიანებაც ღმერთის განგებულებით იყო. რადგან თომა დიდად განიცდიდა, რომ ვერ გამოემშვიდობა ღვთის დედას და უკანასკნელად ვერ იხილა მისი წმინდა სხეული, რათა მთელის გულით და სულით თაყვანი ეცა  მისთვის, ამის გამო მოციქულებმა გადაწყვიტეს, გაეხსნათ დაბეჭდილი მღვიმე და ენახვებინათ თომასთვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სხეული. მაგრა,  როცა მღვიმეში შევიდნენ, იქ მხოლოდ სუდარა ნახეს. გაოცებული მოციქულები შინ დაბრუნდენენ და საღამოთი ლოცვისას, ანგელოზთა გალობა შემოესმათ. მათ ზევით აიხედეს და ქალწული მარიამი დაინახეს, გარშემორტყმული ღვთის ანგელოზებით და ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინებული. მაშინ ზეციურმა დედოფალმა უთხრა მოციქულებს: -გიხაროდენ! მე თქვენ თანა ვარ  ყოველთა დღეთა შინა! თავის ამ აღთქმას - მარადის იყოს შემწე და მეოხმყოფელი ყოველთა ქრისტიანთა,  ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დღესაც ასრულებს. მისი ამ უზომო სიყვარულისა და ქმედითი შეწევნისათვის მორწმუნენი, ქრისტეს მთელი ეკლესია პატივს სცემს მას და ეთაყვანება, როგორც ზეციურ დედოფალს. მისი შეწევნისა და განუწყვეტელი მეოხმყოფელობისთვის ქრისტიანები მოწიწებითა და სიყვარულით ვუწოდებთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს „ქრისტიანთა მოდგმის გულმოდგინე დამცველს“, „ყოველთა მწუხარეთა სიხარულს“, „შემწეს სულისა ჩვენისა“, „შეურყეველს ზღუდეს ჩვენი ცხოვრებისა“, „სასოს და მეოხს ყოველთა ქრისტეანეთა“ და მრავალ სხვას.

უძველესი დროიდანვე ესაია წინასწარმეტყველისა და მართალი ელისაბედის მსგავსად, ქრისტიანების  მიერ მარადის ქალწული მარიამი იწოდებოდა უფლის დედად და ღვთისმშობელად. ეს სახელწოდება მომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ მარიამმა ხორციელად შვა ის, ვინც მარადის იყო და არის ჭეშმარიტი ღმერთი.  ყოვლადწმიდა  ღვთისმშობელი დიადი მაგალითიც არის ყველასთვის,  ვინც ღვთის სათნო-ყოფას ესწრაფვის. იგი იყო პირველი, ვინც მთლიანად მიუძღვნა თავი  ღმერთს; მან გვიჩვენა, რომ ნებაყოფლობითი ქალწულობა ქორწინებით ცხოვრებას აღმატება. მისი მიბაძვით,  პირველი საუკუნეებიდანვე მრავალი ქრისტიანი ცხოვრობდა ქალწულებრივად, ლოცვით, მარხვით და ღმერთის დიდებულებაზე ფიქრით. ასე აღმოცენდა და დამკვიდრდა ბერ-მონაზვნური ცხოვრება, რომელიც უმჯობესი ხვედრია ადამიანისთვის  ამქვენიურ ცხოვრებაში, და ამგვარად დღესაც ცხოვრობენ ყველაზე ღირსეული ქრისტიანები. 

 

 

ნანახია: (2732)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას