logo.png

ვალენტინა ტერეშკოვა, მარადიული პუტინი და პატიმარი ქალები

 

როგორც რუსული საიტი https://www.vedomosti.ru/ იტყობინება, პირველმა კოსმონავტმა ქალმა, „ედინაია როსიას“ დეპუტატმა ვალენტინა ტერეშკოვამ შეიტანა „დუმაში“ წინადადება, მიეცეს პუტინს უფლება, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, კვლავაც იყოს არჩეული თავის მაღალ პოსტზე.

ამისათვის ტერეშკოვა  დეპუტატებს სთავაზობს - ან მოიხსნას  ორვადიანი შეზღუდვა პრეზიდენტისათვის, ან მოხდეს საპრეზიდენტო ვადების განულება, საკონსტიტუცი ცვლილებათა შედეგად. ყოველივე ამის მოთავედ ტერეშკოვამ საერთო სახალხო მოთხოვნა დაასახელა.

მათთვის, ვისაც საბჭოთა პერიოდში უცხოვრია, აქ ყოველივე ცხადზე უცხადესია - თუ რატომ სჭირდებათ პუტინისთვის მარადიული უვადობის დაწესება, თუ რა ახალი საგარეო ექსპანსიისათვის ემზადება რუსეთი,  ან რატომ მაინცდამაინც კოსმონავტ ქალს შეატანინეს ეს წინადადება... ამის განმარტებას არ დავიწყებთ. 

მაგრამ, გარდა რესპექტაბილურობისა, ყოფილა კიდევ გარკვეული პიროვნული ნიუანსი, თუ რატომ შეიძლებოდა სწორედ ტერეშკოვასთვის დაევალებინათ მსგავსი საპასუხისმგებლო წინადადების წარმოთქმა და იმაზე მოგახსენებთ.

ცნობილ საეკლესიო დისიდენტს, დიაკონ ანდრეი კურაევს მოჰყავს 2017 წელს აღსრულებული ქალბატონის, რწმენისათვის ერთი უკანასკნელი პატიმარყოფილის, ირინა რატუშინსკიას მოგონება ტერეშკოვასთან დაკავშირებით, ვისაც მთელი პატიმარი ქალები ერთსულოვნად იხსენიებდნენ ზიზღით.

თურმე, აი, რა ჩაუდენია ქალბატონ კოსმონავტს, რომელიც საბჭოთა ქალების კომიტეტის თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებდა.

ადრე ყველა პატიმარს, როგორც სტალინის, ისე - ხრუშჩოვის დროს საკუთარი ტანსაცმელი სცმია. ხრუშჩოვს სამკერდე ნიშანიც კი გაუუქმებია. ხოლო ქალები, თმიანნი და  თავგადაუპარსავნი, ხრუშჩოვის დროს საერთოდაც ადამიანებს დამსგავსებიან. ზონაში მანუფაქტურაც კი იყიდებოდა - იკერავდნენ თავისთვის, რასაც მოინდომებდნენ. ეს იყო მანამ, ვიდრე ტერეშკოვას არ მოუნახულებია ხარკოვის ზონა.

ხელმძღვანელობას მის წინაშე გაუმწკრივებია პატიმარი ქალები და აქ ვალენტინას შეუცხადებია:

-ეს რა ხდება, ზოგიერთს ჩემზე კარგადაც კი აცვია!

ხომ წარმოგიდგენიათ, ვისი შეშურდა!

მაგრამ საბჭოთა ადმინისტრაცია რის საბჭოთა იქნებოდა, მაშინვე ზომები რომ არ მიეღო!

ყველა პატიმარს ჩამოართვეს ყველაფერი საკუთარი და შემოიღეს ტანსაცმლის საყოველთაო ერთიანი ფორმა, ხოლო, თუ რა ტანსაცმლის გამოგონება შეეძლო საბჭოთა სახელმწიფოს პატიმრებისთვის, ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდება! შემოიღეს სამკერდე ნიშნები - უსამკერდენიშნობა ითვლებოდა დარღვევად.  გაიცა თავსაფრების აუცილებლად ტარების ბრძანება - თავსაფრის გარეშე გამოჩენა ითვლებოდა დარღვევად: დილით, საღამოს, მწყობრში, სამუშაოზე - ყველგან! მხოლოდ ღამით შეეძლოთ მოხსნა. შემოიღეს მძიმე ბრახუნა ფეხსაცმელები ზამთარ-ზაფხულ. თბილი ტანსაცმელი აიკრძალა, წინდებისა და „ტელოგრეიკების“ გარდა. როგორია ზამთარში, შემოწმებაზე  მოკლე თხელი „დადგენილი მოდელის“ ქვედა ბოლოთი დგომა - ძაღლივით რომ იყინები... კაცებს კიდევ რა უჭირთ - შარვალი და კალსონები აცვიათ!

სამაგიეროდ,  ვალენტინა ტერეშკოვამ ესთეტიკური გრძნობები დაიკმაყოფილა! აწი ის მაინც ეცოდინებოდა, მასზე უკეთ რომ არცერთ ზონაში არ აცვიათ!

ახლა კი უკვე ისიც იცის - ხალხის სახელით სწორედ მისი წინადადებით ენიჭება პუტინს მარადიული პრეზიდენტობა!

 

"დავითისგზის" მიმომხილველი

ნანახია: (369)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას