logo.png

ზაქე მეზვერის მოქცევა – საკვირაო სახარების განმარტება

ლუკა, XIX, 1-10

„და შევიდა და გაიარა იერიქო. და აჰა, ვიღაც კაცი, სახელად ზაქე, და იგი იყო მეზვერეთმთავარი და იყო მდიდარი და ცდილობდა ეხილა, რომელი იყო იესო, და არ შეეძლო დანახვა ხალხისგან, რადგან დაბალი იყო. და გაიქცა წინ და ავიდა ლეღვის ხეზე, რათა დაენახა იგი“.

მეზვერეები ყველა სახის გადასახადების ამკრეფნი იყვნენ; ადგილებს, სადაც გადასახადის აკრეფისათვის საჭირო შენობა იდგა, საზვერე ეწოდებოდა. მეზვერეებს სახელმწიფოსგან შესყიდული ჰქონდათ განსაზღვრული გადასახდის აკრეფის უფლება, თანამედროვე ტერმინოლოგიით, მეზვერეები იჯარით იღებდნენ სახელმწიფოსგან გადასახადების აკრეფის უფლებას. ასეთი სისტემა ჰქონდა რომის იმპერიას დაპრობილ ქვეყნებში. ამიტომ მდიდარი, მედროვე ადამიანები ხელმისაწვდომ ფასად იძენდნენ ამ უფლებას და თვითონვე კრეფდნენ როგორც სულადობრივ გადასახადების, ასევე საგზაო და სხვა სახის ბაჟებს. მათ ჰქონდათ სახელმწიფოსგან დადგენილი ნიხრები, თუმცა ამას არ იცავდნენ, უმეტესობა თავისი შეხედულების მიხედვით მოქმედებდა. მათ შორის იყვნენ სამართლიანები და უსამართლონი, თავისივე თვისტომთა შემავიწროვებელნი, მჩაგვრელნი, რომელნიც ზოგჯერ დაწესებულზე ორჯერ მეტს სძალავდნენ ხალხს. ამისთვის ხალხს არ უყვარდათ გადასახადის ამკრეფნი. თვით სახელწოდებაც ,,მეზვერე” ცოდვის სინონიმად იქცა. ზაქე სხვათაგან არ გამოირჩეოდა არც გულჩვილობით, არც სამართლიანობითა და პატიოსნებით როგორც მეზვერე. პირიქით, რაკი მეზვერეთა უფროსობის ადგილს ინარჩუნებდა, ესე იგი, ყოველთვის გულმოდგინედ კრებდა გადასხადებს და დანარჩენებსაც აღემატებოდა ამ საქმეებში. სიმდიდრე აცდუნებდა მას და საბოლოოდ, დაღუპვით ემუქრებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ზაქეს თავისი მდგომარეობა აწუხებდა, რადგან განიცდიდა თავის ნამოქმედარს ღვთის წინაშე. უწყება ქრისტეს მოსვლის შესახებ მხოლოდ ზაქეს სმენას კი არ შეეხო, არამედ გულსაც. მან ძალზე ინდომა ენახა ,,მეგობარი მეზვერეთა და ცოდვილთა”, ანუ თავისი მსგავსი, ყველასაგან მოძაგებული ადამიანების მეგობარი, რათა მაცხოვრის სიმშვიდითა და მოწყალებით გაბრწყინებულ ღვთაებრივ პირი-სახეში მგლოვიარე სულისათვის შვება ეპოვა. მაცხოვარს მრავალი ადამიანი მოჰყვებოდა, ზაქე კი ტანით დაბალი ადამიანი იყო, როგორც ამას წმინდა წერილი გვაუწყებს. ამიტომ მას შესაძლებლობა არ ჰქონდა მაცხოვრის დანახვის და მასთან მისვლისა. მაგრამ როგორი მგზნებარე სული ჰქონდა ამ ტანმორჩილ ცოდვილ კაცს! როგორც კი გაიგონა, იესო მოდისო და მიხვდა, ხალხის სიმრავლის გამო ვერც მიუახლოვდებოდა მას, წინ გაიქცა და ხეზე აძვრა ბავშვივით, რათა უფალი ეხილა. ასე აენთო მისი გული და სრულად მიეცა ცოდვათა მონანიების სურვილს. ზაქე ამ მოქმედებით თავის უბრალოებასა და თავმდაბლობას წარმოაჩენს: ბავშვივით გარბის წინ და ლეღვის ხეზე ასვლას ჩქარობს მაცხოვრის ხილვის წყურვილით. იესოს ნახვის სურვილმა ყველა წვრილმანი ანგარიში დასძლია მასში. მდიდარი ძალაუფლებისმოყვარე კაცისთვის ხეზე ასვლა აღარ არის დამამცირებელი, იმის გამო, რომ იხილოს მეუფე ცათა და ქვეყანისა. სწორედ ამიტომ ზაქეს გულმოდგინეობა ღირს იქნა უფლის უდიდესი წყალობისა.

,,და როგორც კი მივიდა იმ ადგილზე, ახედა იესომ და უთხრა მას: ზაქე, იჩქარე და ჩამოდი, რადგან დღეს შენ სახლში უნდა დავრჩე. და იჩქარა და ჩამოვიდა და მიიღო იგი სიხარულით. და დაინახა ყველამ და დრტვინვიდნენ და ამბობდნენ: ცოდვილ კაცთან შევიდა გასაჩერებლად”,

უფალი თავისი ყოვლისშემძლეობით ხედავდა ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა, იცოდა, ყველაზე მეტად ვის წყუროდა მისი ნახვა. მაგრამ ზაქეს არ შეეძლო ეს თავისი მორჩილი ტანის და დიდძალი ხალხის გამო; და ვინ იყო ის, ვინც უგულებელყო ხალხის მითქმა-მოთქმა თუ დაცინვა, წინ გაიქცა და ბავშვივით ხეზე აძვრა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაენახა ქვეყნის მაცხოვარი. ამიტომაც ეუბნება უფალი ზაქეს:

,,ზაქე იჩქარე და ჩამოდი, რადგან დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე”.

მაცხოვარს მეზვერე ზაქეს სახლში სურს შევიდეს იმიტომ, რომ ეს კაცი გულისმიერი განწყობით უკვე მზად არის იესო ქრისტეს მისაღებად. იესო ქრისტე ზაქესთან მიდის იმიტომ, რომ ზაქეც სულით იესოსკენ ისწრაფოდა. ზაქე ფიქრადაც ვერ გაივლებდა, რომ ასეთ წყალობას ეღირსებოდა, მას მხოლოდ შორიახლოდან სურდა იესოს დანახვა. მაგრამ უფალი თავმდაბალ და მორჩილ ადამიანებს ანიჭებს თავის მადლს. როგორი გულმოდგინებითაც ეძებდა უფლის დანახვის შესაძლებლობას, იმგვარივე გულმოდგინებით ემორჩილება იგი ამჯერად უფლის სიტყვას. მცირე ხნით ადრე ზაქეს სურდა მხოლოდ შეეხედა დიდი სასწაულმოქმედისთვის და ფიქრსაც ვერ ბედავდა მასთან გასაუბრების შესახებ, ახლა კი მას არა თუ ხილვა შეეძლო მაცხოვრისა, არამედ საკუთარ სახლში მიღება, მასთან სერობა, უფლისათვის საკუთარ სულის ტკივილზე გულითადი საუბარი. წარმოიდგინეთ, რა სიხარულით იქნებოდა აღვსილი ამ ყველასგან მოძაგებული და უარყოფილი მეზვერის გული! და აი, იგი უმალ ჩამოდის ხიდან და უდიდესი სიხარულით შეჰყავს მაცხოვარი თავის სახლში. ამის გამო ხალხმა უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან მეზვერეები არაწმიდა და ცოდვილ ადამიანებად მიიჩნეოდნენ.

,, ადგა ზაქე და უთხრა უფალს: აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს გლახაკებს მივცემ და ვისაც რამეში ცილი დავწამე, მივაგებ ოთხმაგს. და უთხრა მას იესომ: დღეს მოხდა გამოხსნა ამ სახლისა, რადგან ესეც აბრაამის ძე არის, რადგან მოვიდა ძე კაცისა მოსაძიებლად და გამოსახსნელად წარწყმედილისა”.

ძმანო, ახლა ვიფიქროთ, რამ აცხონა ზაქე, რამ მოიზიდა ასეთი მოწყალება მაცხოვრისა, რომ ზაქეს ესტუმრა და მის სახლში შევიდა. თუმცა ზაქე იყო ცოდვილი, მაგრამ მას ყოველთვის ჰქონდა განცდა საკუთარი უღირსებისა და ცოდვისა. ვიდრე ადამიანს არ დაუკარგავს განცდა ცოდვისა და ახსოვს თავისი უღირსება, ადვილად მოექცევა და მიიღებს ღვთის მოწყალებას. მაცხოვარი ფარისეველი სიმონის სახლშიც შევიდა, მაგრამ მან ვერ მიიღო მაცხოვრისგან ცოდვათა მიტევება, რადგან ამპარტავნობის გამო ვერ განიცდიდა საკუთარ ცოდვებს. ყოველი კაცი უნდა ცდილობდეს, რომ სინდისი არ უმალავდეს საკუთარ ცოდვას. უცოდველი არავინაა, ცოდვის გარეშე ადამიანი ვერ ცხოვრობს, მაგრამ ყველა უნდა ცდილობდეს საკუთარი ცოდვებისგან გათავისუფლებას, არ იტყუებდეს თავს და არ ამართლებდეს საკუთარ ბიწიერებას, მსუბუქად არ უყურებდეს საკუთარ ცოდვებს. დიდი ბედნიერებაა, როდესაც ადამიანი პირდაპირ ეტყვის საკუთარ თავს, რომ ის ცოდვილია, რომ ღვთის წინაშე დამნაშავეა. ვინც ასე იქცევა, ის გამოდის ცოდვისაგან, მაგრამ, საუბედუროდ, ცოდვილი ადამიანები ამას ძნელად აკეთებენ. ცოდვა არის მძიმე და წარმწყმედელი, რომელიც აბნელებს ადამიანის გულსა და გონებას. იმის მაგივრად, რომ თავისი ცოდვა დაინახოს და შეინანოს, სინანულის არმქონე ადამიანი ცდილობს თავი გაიმართლოს, საკუთარი მოქმედება სხვას დააბრალოს: სხვები ჩემზე უარესები არიან, ისინი ასე იქცევიან, ამიტომ მეც ასე ვაკეთებ. წუთისოფელში ვცხოვრობთ, განა შეიძლება ადამიანმა არ შესცოდოსო? ადამიანი ადვილად პატიობს საკუთარ თავს, შეცდომას ხან სიჭაბუკეს მიაწერს, ხან სხვის შეგონებას. ზაქემ კი პირდაპირ აღიარა მაცხოვრის წინაშე საკუთარი ცოდვა და მონანიება ისურვა. ,, აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს გლახაკებს მივცემ და ვისაც რამეში ცილი დავწამე, მივაგებ ოთხმაგს”. და მყისიერად მოისმინა ღვთისგან შენდობის და პატიების განჩინება.

,, დღეს მოხდა გამოხსნა ამ სახლისა, რადგან ესეც აბრაამის ძე არის’’ - ამ სიტყვების შინაარსი ასეთია: ისიც აბრაამის შთამომავალია, რომელსაც მის შთამომავლობასთან ერთად, ღმერთმა ცხოვნება აღუთქვა; და ზაქემაც აბრაამის მსგავსად, თავმდაბლობითა და გულმოდგინებით მიმიღო თავის სახლში როგორც აბრაამმა მიმასპინძლა ორ ანგელოზთან ერთად მამბრეს მუხასთან”. ნეტარია ის კაცი, რომელიც მსუბუქად არ უყურებს საკუთარ ცდვებს, არ სძინავს ცოდვებში და არ არის ჩაფლული მასში. არამედ ყოველ წუთს ცდილობს, გამოსწორდეს და უკეთესი გახდეს, ყოველთვის საკუთარ თავზე მაღლა დადგეს. ამისთვის მარადის უნდა ვევედროთ უფალ ღმერთს: მოგვანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა, რათა შევძლოთ და შევიმეცნოთ საკუთარი თავი ცოდვილებად, მაშინ უფალი იესო ქრისტე თავად მოვა ჩვენთან ჩვენს გაფიქრებაზე, რათა გვაცხოვნოს ჩვენ, ისევე როგორც მაცხოვარი მივიდა ცოდვილ და მონანულ ზაქესთან მისი და მთელი მისი სახლეულის საცხონებლად. ამინ.

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი

ნანახია: (298)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას