მიგრირებადი ცხოველების 44%-ის პოპულაცია მცირდება და 1 200 სახეობა გადაშენების პირასაა.
გაეროს ახალი ანგარიშის თანახმად, მიგრირებადი სახეობების თითქმის ნახევარი საფრთხის წინაშეა.
ჩვენ ვიცით, რომ ზღვის კუები, ვეშაპები, ზვიგენები და გადამფრენი არსებები სეზონურად გარემოს იცვლიან. ეს სახეობები ჰაბიტატს კარგავენ და უკანონო ნადირობისა თუ თევზაობის მსხვერპლი ხდებიან. მნიშვნელოვანი ფაქტორია გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილებაც.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მიგრირებადი სახეობების 44%-ის პოპულაცია მცირდება და დაახლოებით მეხუთედი, 1 200 სახეობა, გადაშენების პირასაა.
"საუბარია სახეობებზე, რომლებიც მუდმივად გადაადგილდებიან. ისინი ამას აკეთებენ საკვების მოსაპოვებლად და გასამრავლებლად. მათ ასევე სჭირდებათ ადგილი, სადაც დროებით უსაფრთხოდ გაჩერდებიან", — თქვა კელი მალშმა, მოხსენების წამყვანმა ავტორმა.
ჰაბიტატის დაკარგვამ და გადაადგილებისას გაჩენილმა საფრთხეებმა შეიძლება გამოიწვიოს პოპულაციის შემცირება.
"ამ სახეობებისთვის მიგრაცია აუცილებელია. თუ მიგრაციის პროცესი რთულდება, ეს საფრთხეს მთლიან სახეობასაც უქმნის", — თქვა დიუკის უნივერსიტეტის ეკოლოგმა სტიუარტ პიმმა.
ანგარიში ეყრდნობა არსებულ მონაცემებს, მათ შორის, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხას, რომელიც აკვირდება, არის თუ არა გადაშენების პირას კონკრეტული სახეობა.
მკვლევრების თქმით, ამ სახეობების გადარჩენა მხოლოდ ერთ ქვეყანას არ შეუძლია, საჭიროა გლობალური ძალისხმევა.
გარემოს დაცვითი ექსპერტები შესაბამისი რეგულაციების შემოღების აუცილებლობაზე ხაზს უსვამენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მიგრირებადი სახეობების დიდი ნაწილი გადაშენდება, რაც საბოლოოდ პლანეტის სიცოცხლეზეც უარყოფითად აისახება.
წყარო: phys.org
ნანახია: (189)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას