logo.png

 

30 წლის წინ, სამძიმარზე ბაქოში

რადიო „თავისუფლების“ საიტზე (radiotavisupl.eba.ge) დაიბეჭდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ათასობით მოქალაქე მიუღია მონაწილეობა ღონისძიებაში, რომლითაც აღნიშნავთ საბჭოთა ჯარების მიერ დამოუკიდებლობის მოძრაობის სისხლიანი ჩახშობის მცდელობის 30- წლისთავი.

დღევანდელი ახალგაზრდებისთვის შეიძლება არც იყოს ცნობილი, რომ 1990 წლის 20 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ აზერბაიჯანში ჯარები გაგზავნა, რათა ჩაეხშო დამოუკიდებლობის მოძრაობის მცდელობა, დაემხოთ საბჭოთა აზერბაიჯანის მთავრობა. ამ მოვლენებს მრავალი ათეული (შეიძლება ასეულიც) ადამიანი ემსხვერპლა.

 

მაგრამ ალბათ კიდევ უფრო ნაკლები ადამიანისთვის იქნება ცნობილი, რომ 30 წლის წინ, მარტის დასაწყისში, დაღუპულთა „ორმოცზე“ საქართველოდან გაემგზავრა 7 კაცისაგან შემდგარი ჯგუფი - შეიძლება ეს იყო საერთოდაც ეროვნულ -განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველი დელეგაცია, რომელიც სადმე გამგზავრებულა სამძიმრის გამოსახატავად.

 

თავდაპირველად  კიდევ რამდენიმე პოლიტიკური პარტია აპირებდა წამოსვლას, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა,  რომ ზვიად გამსახურდიას კურთხევით, მხოლოდ ახლად ჩამოყალიბებული მონარქისტული პარტიის  წევრები გავემგზავრეთ.

 

ჩვენს დელეგაციას დახვდნენ და მთელი დღის განმავლობაში არ მოსცილებიან აზერბაიჯანის სახალხო ფრონტისა და ორგანიზაცია „ბირლიქის“  („ერთობა“) აქტივისტები. იმ დღეს, 2 მარტს, უამრავი ხალხი იყო შეკრებილი „მე-11 არმიის“ მოედანზე, სადაც ყველაზე დიდი სისხლისღვრა იყო მომხდარი და ბაქოელები მას “სისხლიან მოედანს“ ეძახდნენ.  მაგრან ყველა გზა მაინც  იმჟამინდელ კიროვის პარკისაკენ მიდიოდა, სადაც გენოციდის მსხვერპლთა საძმო საფლავების თავთით 200-მდე ადამიანის შავჩარჩოიანი სურათები ჩაემწკრივებინათ, რომელთა შორისაც მუსულმანებს გარდა იყვნენ ქრისტიანებიცა და იუდევლური აღმსარებლობისანიც და ამიტომ, მოლას გვერდით ედგნენ მღვდელი და რაბინი.

 

მიკროფონში, მთელი პარკის გასაგონად ისმოდა მოლას გაბმული ტირილი და ისეთ საბრალო ჰანგზე მოსთქვამდა იგი, რომ მის ტირილს მთელი პარკი ხმას აძლევდა, არადა იმდენი ხალხი იყო პარკში, ნემსიც ვერსად ჩავარდებოდა.

 

ჩვენი დელეგაცია ამ სივიწროვეში მიიკვლევდა გზას: წინ მიწისკენ დახრილი შავბაფთიანი ეროვნული დროშა მიგვიძღოდა და გვირგვინი, რომელსაც ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე ეწერა: „თავისუფლებისათვის დაღუპულთ - ქართველი ხალხისაგან“. ჩვენს დანახვაზე ერთბაშად გადაივლიდა ხოლმე ჩურჩული: „გურჯისტან“, „გურჯისტან“ - მერე ხალხი შუაზე იპობოდა, რათა გავეტარებინეთ და მამაკაცები, მადლობის ნიშნად, თავებს გვიკრავდნენ, ხოლო ქალები კიდევ უფრო უმატებდნენ ტირილს.

 

გვირგვინი მივიტანეთ დაღუპულთა საძმო განსასვენებელთან, მუხლი მოვიყარეთ საფლავებთან და ჩვენებური, ქრისტიანული წესით მივაგეთ პატივი უსამართლოდ დაღუპულთა ხსოვნას; თანაგრძნობის სიტყვითაც გვსურდა მიგვემართა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სასულიერო პირებს კომენდანტისგან გაფრთხილება ჰქონდათ მიღებული, სამგლოვიარო პროცედურას მიტინგის სახე არ მიეღო და ამიტომ ყოველგვარი სიტყვით გამოსვლა აკრძალული იყო.

 

თუმცა, ჩვენი დელეგაციის წერმა, გაზეთ „ძლევაის“ რედაქტორმა, აწ განსვენებულმა მიხეილ მაყაშვილმა მაინც მისცა ინტერვიუ კინოდოკუმენტალისტებს, სადაც  მან აღნიშნა:

 

„ბატონებო, მოგეხსენებათ, „დერჟავა“ ზეეროვნული და ზესახელმწიფოებრივი ცნებაა. არცთუ შორეულ წარსულში, როდესაც აზერბაიჯანი და საქართველო ირანის გამგებლობის ქვეშ იყვნენ - ეს მუსულმანური ქვეყანა ერთნაირად მტრობდა როგორც ქრისტიანულ საქართველოს, ისე - ერთმორწმუნე აზერბაიჯანს; დღეს, როცა ჩვენი ორივე რესპუბლიკა ქრისტიანული აღმსარებლობის მქონე ერის იმპერიაში არის გაერთიანებული - ისევ ერთ უღელში ვართ  - თქვენც, მუსლიმი აზერბაიჯანელები და ჩვენც - ქრისტიანი ქართველები და ერთ ად ვიგემეთ - ჩვენ 9 აპრილი და თქვენ - 20 იანვარი! ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური დამოკიდებულება გვავალებს - ერთად ვიყოთ თავისუფლებისკენ სავალ გზაზე და ერთად შევუტიოთ წითელ ურჩხულს!

 

ასეთი იყო ჩვენი და ჩვენი მასპინძლების საერთო აზრი და ეს საკითხი აქტუალურია დღესაც -  თუკი ბალტიისპირელებს შეუძლიათ ერთსულოვანი ქმედება ყოფილი იმპერიის ავი ზრახვების წინააღმდეგ, კავკასიელებსაც უნდა შეგვწევდეს ერთმანეთის გვერდით დგომა ისე, როგორც ჩვენ ვედექით გვერდით ჩვენს სამხრეთის მეზობლებს 30 წლის წინ მარტის დამდეგს სამძიმარზე!

 

სურათზე: საძმო საფლავები ყოფილ კიროვის პარკში

 

ალექსანდრე თაქთაქიშვილი

ბაქო-თბილისი

1990 წ. მარტი - 2020 წ. მარტი

 

ნანახია: (1688)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას