ავტორი : გია ჯაფარიძე
დიპლომატია, ერთი შეხედვით, რუტინული საქმიანობაა, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოცემული დავალებების ფარგლებში ხდება. ის ბიუროკრატიულ-ეტიკეტურ ჩარჩოებში ცხოვრებაა და ეს ცხოვრება თავისუფლებისთვის დიდ სივრცეს არ ტოვებს. საქართველოს თუ არ ჩავთვლით, დანარჩენ მსოფლიოში დიპლომატიურ სამსახურში მარტო პოლიტიკით და საერთაშორისო საკითხებით დაინტერესებული ადამიანები მიდიან.
მაგრამ რუტინულმა საქმიანობამაც კი შეიძლება განსაკუთრებული გრძნობები, ფიქრები, გამოცდილება და მოგონებები დატოვოს. ჩემი დაახლოებით ათწლიანი შეხება დიპლომატიურ სამსახურთან სწორედ ასეთი იყო - ეს იყო მოკლე მოგზაურობა ისტორიაში, დროში, საკუთარ თავში, წარსულში, სიტყვებში, იმ ამბებში, სადაც სიმართლისა და გამონაგონის ზღვრის დადგენა რთულია და არც გინდა.
ეს იყო მოგზაურობა ძველ პროფესიაში - ფილოლოგიაში, სიტყვის სიყვარულში, რომელსაც ხანდახან თან ახლდა მომენტის ისტორიულობის შეგრძნება და მასზე მიბმული განუსაზღვრელი ემოცია. როდისმე ამის დაწერას შევეცდები, მანამდე კი - ვყვები.
ამ მოგზაურობის ერთი, სხვებისგან გამორჩეული, ეპიზოდი, ათონზე, იმავე წმინდა მთაზე, ჩემს პირველ სტუმრობას ეხება. არ ვიცი ზუსტად, რამ მიმიყვანა იქ - ბედისწერამ, რომლის თავისთავადობა არ მჯერა, ფილოლოგიამ - ძველმა პროფესიამ, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა „განკაცებულ სიტყვაზე“, თუ იმჟამინდელმა პროფესიამ, დიპლომატიამ, რომლის ფარგლებშიც ძალიან დელიკატური დავალება იყო შესასრულებელი.
ამ მოგზაურობამ უხილავი ძაფებით დამაკავშირა არა მარტო იმ ადამიანებთან, რომლებთან ერთადაც წმინდა მთას ვსტუმრობდი და ვინც წმინდა მთის ორ მონასტერში - ივერიელთა და ქსიროპოტამოსის მონასტრებში - ვნახე, არამედ იმ ადამიანებთანაც, რომლებიც აქ საუკუნეების წინ ცხოვრობდნენ, იღვწოდნენ, წერდნენ, თარგმნიდნენ, საქართველოს მომავალს ჭედდნენ. ამ მოგზაურობამ აღადგინა კავშირი წინაპრებთან, კავშირი საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის.
ბევრს სმენია და ბევრს წაუკითხავს კიდეც ქართული კულტურის უნიკალურ ცენტრზე, შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურული სკოლის უდიდეს წარმომადგენლებზე, მაგრამ ცოტას თუ გაუაზრებია, რომ წმინდა მთაზე სხვადასხვა მონასტერში გაბნეული ქართველი ბერები, თავად ათონის ივერიელთა მონასტერი, იქ მოღვაწე ბრწყინვალე ფილოლოგები, თეოლოგები და მთარგმნელები თავიანთი საქმიანობით ძერწავდნენ ჩვენს კულტურულ იდენტობას და მონაწილეობდნენ შუა საუკუნეების ქართული აბსოლუტური მონარქიის საფუძვლის ჩაყრაში.
ცოტას თუ გაუაზრებია საქართველოს პოლიტიკური ისტორია კრიტიკულად, მითოპოეტიკის გარეშე, მეცნიერულად და აკადემიურად, ნარცისისტული ჰეროიზმისგან დაცლილად, მშრალად, ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ისტორიული გარდატეხების გათვალისწინებით. არადა ასეთი გააზრება კიდევ უფრო ზრდის ათონის წმინდა მთის ქართველი ფილოლოგოსების როლს საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში. თორნიკიოსის აბჯარი, რომელიც ივერიელთა მონასტერშია დაცული, თითქოს გადმოგვცემს აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) იმპერიასთან ჩვენი ურთიერთობების ტრაგიკულ ისტორიას. ათონის მთა არის ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობების ცოცხალი მატიანე. ექვთიმე ათონელის თარგმნილი ოთხთავი მიანიშნებს ჩვენს ევროპულ იდენტობას და ღირებულებით არჩევანს, მიგვაკუთვნებს დასავლური ცივილიზაციის სივრცეს.
X-XI საუკუნეების მიჯნაზე გეოპოლიტიკური მოცემულობა ისე იცვლება, რომ სამხრეთ კავკასიაში მძლავრი აბსოლუტური მონარქიის შექმნა, რომელიც ქართული ეთნიკური ნიშნის ქვეშ იქნებოდა გაერთიანებული, შესაძლებელი ხდება. დავით აღმაშენებელი ამ პროცესის გვირგვინი და მთავარი შემოქმედია, მაგრამ ამ ეტაპამდე მისვლა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის, ქართული პარტიის მოღვაწეობამ ბიზანტიის საიმპერატორო კარზე და აღმოსავლეთ რომის ბერძნულ-მართლმადიდებლური იმპერიის სხვადასხვა კუთხეში გაბნეულმა ქართული კულტურულ-რელიგიური ცენტრების არსებობამ.
ათონზე საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან, სანდრო ჭუმბურიძესთან, და მის შვილთან, მაშინ სკოლის მოსწავლე, თეგასთან, ერთად ვიყავი. მოგზაურობა ათენიდან დაიწყო, მანქანით ხალკიდიკის (ქალკედონის) ნახევარკუნძულის პატარა ქალაქ ურანოპოლისამდე მივედით. ურანოს (ουρανός) ბერძნულად ცას/ზეცას ნიშნავს, პოლის (πόλις/πόλη) კი - ქალაქს. ცისქალაქი - ათონის კარიბჭეა, მონასტრებისკენ მხოლოდ გემები მიდიან, აქვე, პილიგრიმთა მომსახურების ცენტრში (Γραφέιο Προσκινητών), ავიღეთ შეზღუდული ვადით ათონზე ყოფნის უფლების საბუთი. ეს არის ერთგვარი ვიზა, რომელიც წმინდა მთის სამონასტრო თემში შესვლასა და გარკვეული დღეების განმავლობაში იქ დარჩენაზე ნებართვაა.
ჩვეულებრივი მომლოცველისთვის ეს წმინდა მთაზე შესვლის ნებართვაა, მაგრამ ქართული კულტურის პილიგრიმისთვის ეს არის ჩვენი ისტორიის „ვიზა“, წინაპრებთან მიახლოებისა და ხელის შეხების უფლება.
რამდენიმედღიანი ვიზიტიდან მოსაყოლი ამბები და ემოცია ბევრია: ივერიელთა მონასტერი საკმაოდ დიდი კომპლექსია, კარიბჭიდან მარცხნივ, პატარა ეკლესიაში, მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში ცნობილი ხატი - „პორტაიტისა“ (Παναγία Πορταϊτισσα), „კარიბჭის ღვთისმშობლის“ ხატი ასვენია. საქართველოში ეს ხატი ქართული ჰგონიათ, ამ დროს ის ბიზანტიურია და ათონზე მოღვაწე ქართველების სახელს ლამაზი ისტორიით უკავშირდება.
ეკლესიურ მორწმუნეს პორტაიტისა ადვილად მონუსხავს თავისი ისტორიით და სილამაზით, ამას ხატზე ასხმული ის ძვირფასი ქვები, ოქრო, ვერცხლი და სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთი ადასტურებს, რომლებიც მომლოცველებს ხატთან დაუტოვებიათ, სავარაუდოდ, რელიგიურ ექსტაზში მყოფებს.
ამ პატარა ეკლესიის კარი ძირითადად დახურულია, მისი გასაღები ერთ ბერს აბარია, რომელიც კარს დღეში რამდენჯერმე მცირე ხნით აღებს.
ყოველთვის დახურულია მონასტრის წიგნთსაცავის კარიც და მისი გასაღებიც ერთ კონკრეტულ ბერს აბარია, თუმცა, კარს ის განსაკუთრებულ შემთხვევაში აღებს - ეს განსაკუთრებული შემთხვევა წინამძღვრის კურთხევაა. წიგნთსაცავი საქართველოს ისტორიის ნაწილს ინახავს, იქ დაცული ხელნაწერების უმეტესობა ქართულია, ზოგი მათგანი ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების, ასევე ათონზე მოღვაწე სხვა ქართველი ბერების მიერ შესრულებული. მანუსკრიპტებს სპეციალური პირობები სჭირდება შესანახად, ივერიელთა მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერები, ქართველი მეფეების სიგელ-გურჯები, დროშები, ნივთები ასეთ სპეციალურ პირობებში ინახება. როგორც ივერიელთა მონასტრის, ისე მთლიანად ათონის სამონასტრო კომპლექსის მოვლა-პატრონობაზე ევროპის კავშირი ზრუნავს, ყველგან შემხვედრია ბანერი, რომელზეც მითითებულია, ევროპის კავშირის რომელი ფონდიდან რა თანხით ფინანსდება ამა თუ იმ მონასტრის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები, ვინ არის შემსრულებელი და რა ვადებში მთავრდება ის. ასე ზრუნავს ევროპის კავშირი ბიზანტიურ კულტურულ მემკვიდრეობაზე.
წარმოუდგენელია იმ მოლოდინის და განწყობილების აღწერა, რომელიც ძველ ფილოლოგს წიგნთსაცავის სტუმრობამდე აქვს. ის, რაც ბავშვობიდან მესმოდა, წამიკითხავს, შემდეგ კი უკვე სტუდენტობისას მისწავლია, რაზეც უამრავი საათი უსაუბრიათ ჩემს პროფესორებს, რისი ნახვაც განუხორციელებელ ოცნებასავით ჩანდა თბილისში, უნდა აღსრულებულიყო. აჩქარებული გულისცემა მაშინებდა, ყოველი შემდეგი დარტყმა, მეგონა, ბოლო იქნებოდა და მოლოდინი მომკლავდა. მიზანთან ახლოს მყოფ ადამიანს ცუდი ეჭვები უძლიერდება და იმასაც ვფიქრობდი, ვაითუ მონასტრის წინამძღვარმა კურთხევა არ მოგვცეს. სანდროც ღელავდა, ერთმანეთს გამოვუტყდით, რომ მსგავსი პესიმისტური ფიქრები ორივეს გვქონდა.
იღუმენთან შეხვედრის პირველივე წამებიდან ჩვენი ეჭვები გაიფანტა. ის იყო უაღრესად განსწავლული, ისტორიაში, ღვთისმეტყველებაში, ფილოსოფიასა და პოლიტიკაში ღრმად ჩახედული ახალგაზრდა ბერძენი კაცი, რომელიც საოცარ კეთილგანწყობას ამჟღავნებდა თავისი სტუმრების, საქართველოს, ქართული ეკლესიისა და ქართული კულტურის მიმართ. შეხვედრისას რამდენჯერმე გამიელვა აზრმა, ნეტავ საქართველოს მოსახლეობის სულ მცირე პროცენტს ესმოდეს ისე ქართული სახელმწიფოებრიობა და საქართველოს ისტორია, როგორც ამ კაცს ათონის მთაზე. იღუმენის სახე, დაწმენდილი ამქვეყნიური შფოთისა და ვნებებისგან, საოცარ სიმშვიდეს ასხივებდა.
კურთხევა მივიღეთ, ქსენონში გატარებული უძილო ღამის, დილის ღვთისმსახურების (რომელიც ოთხ საათზე იწყება) და ტრაპეზის შემდეგ, დათქმულ დროს, ბიბლიოთეკის კართან ვიდექით სამივე. ბიბლიოთეკარი ბერის მოსვლამდე დრო საუკუნედ მეჩვენა, ეს დროის მანძილი წარსულთან მაშორებდა და თან მაახლოებდა. კარი რომ გაიღო, პირველი ექვთიმე მთაწმინდელის ნათარგმნი ოთხთავი გამოჩნდა, დარბაზის ბოლოს ქართული დროშები და თორნიკეს საომარი აღჭურვილობა. იმ წამის გახსენებისას ყოველთვის ჟრუანტელი მივლის, გონებით სხვა განზომილებაში გადავდივარ, მთელ ტანზე მბურძგლავს, ენით აღუწერელი ემოცია მიტაცებს, ჩემ წინ გაცოცხლდა საქართველოს ისტორია, გაცოცხლდნენ ადამიანები, თითქოს ვხედავდი კიდეც, როგორ მოძრაობდნენ და რას საქმიანობდნენ, იმას ვხედავდი, რასაც წლების განმავლობაში მასწავლიდნენ, რასაც უფრო მანამდე ვკითხულობდი, რაც ჩემთვის მხოლოდ მითად არსებობდა, რისი ნახვაც აუხდენელ ოცნებად წარმომედგინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსებში. ხელით შევეხე ისტორიას, წარსულმა ხორცი შეისხა.
ხშირად დაუსვამთ კითხვა - ივერიელთა მონასტერს დავიბრუნებთ? საეკლესიო კანონმდებლობით ივერიელთა მონასტერი არ შედის ქართული ეკლესიის იურისდიქციაში, გეოგრაფიულად ის მდებარეობს საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და სარგებლობს ავტონომიური სამონასტრო თემის სტატუსით. საერთოდ რას ნიშნავს, დავიბრუნებთ? ვინ წაგვართვა? დროთა განმავლობაში მონასტერი ქართველებმა დათმეს, ჯერ კიდევ ბიზანტიის იმპერიის პერიოდში მონასტერს სხვა „ერთმორწმუნეები“ დაეპატრონნენ. შემდეგ იყო რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების დაპყრობა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, ბოლშევიზმი და საბჭოთა ოკუპაცია, ჩვენ ვერ შევძელით ქართული მონასტრის მხარდაჭერა, „ერთმორწმუნე“ რუსეთის იმპერიამ - არ ისურვა, სხვა ერთმორწმუნეებმა - შეძლეს. ქართველი ბერები ათონზე მეოცე საუკუნეშიც იყვნენ. წმინდა მთაზე ქართული კვალი არასდროს გამქრალა, ივერიელთა მონასტერში, სხვა მონასტრებშიც, ეკლესიის თუ სატრაპეზო დარბაზის კედლებიდან ექვთიმეს, დიდი ათონელი სასულიერო მოღვაწის და ფილოლოგის ფრესკები იყურება.
მონასტერს „დავიბრუნებთ“, როცა იქ იღვაწებს იოანეს, ექვთიმეს, გიორგი მთაწმინდელის და თორნიკე ერისთავის განათლების, მორალის და აზროვნების ადამიანთა ჯგუფი; როცა საქართველოს სახელმწიფოს ექნება იმის პოლიტიკური ნება და ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებულ ისტორიულ და კულტურულ ცენტრებს თავად მოუაროს; როცა საქართველო დაუბრუნდება ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებს, რომლებიც ეკლესიაში სიარულითა და ფარისევლური მორწმუნეობით არ განიზომება; როცა გავაცნობიერებთ, რომ სიტყვა „ერთმორწმუნე“ მოსკოვის იმპერიის მიერ ქართველების ვერაგულად გასაცურებლად შექმნილი ხელოვნური ტერმინია, რომელსაც ორი საუკუნე იმპერია წარმატებით იყენებდა ჩვენს გასაბრუებლად და რბილი ძალის იარაღად ჰიბრიდულ ომში და რომლის ანალოგსაც ვერ ვხვდებით სხვა ენებსა და სხვა აღმსარებლობის ხალხებში; როცა ჩვენ გავაცნობიერებთ თავისუფლების, სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს არსებობაში ათონის მნიშვნელობას და წვლილს; როცა ჩვენ დავბრუნდებით ევროპის წიაღში, მაშინ, როცა გავისიგრძეგანებთ ევროპის ღირებულებებს, ისტორიას, პოლიტიკას, როცა გავიაზრებთ, რომ ამ ღირებულებების და ისტორიის შემქმნელი და ნაწილი ჩვენც ვართ.
ჟურნალი ახალი ივერია
ნანახია: (306)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას