ეკლესია, წმ.ბასილი დიდის თანახმად, არის მიწიერი და ზეციური, ხოლო მათ შორის კავშირი უარსებითესია, რადგან ის იესო ქრისტეს ერთ პიროვენბაზეა დამყარებული, რომელიც, როგორც თავი ამ სხეულისა, შემოიკრებს ყოველივეს: ზეციურსა და მიწიერს.
ეკლესია თავისი ბუნებითა და ხასიათით არის მსოფლიო ოჯახი. მისი კათოლიკეობა განპირობებულია იესო ქრისტეს საყოველთაო საქმით, რომელსაც სამყაროსა და ადამიანის გამოხსნა ჰქვია.
ნიკეა-კონსტანტინეპოლის მრწამსის თანახმად, ეკლესია არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო. ეკლესიის ეს ოთხი განსაკუთრებული თვისება მიუთითებს მის ღმერთკაცობრივ ხასიათზე.
ეკლესია არის ერთი, რადგან ერთია მისი თავი - ღმერთკაცი იესო ქრისტე. საეკლესიო სხეულის ერთობა, ერთის მხრივ, არის მითითება წმ.სამების ერთობისა და, მეორეს მხრივ, ის მიუთითებს იესო ქრისტეს ერთ პიროვნებაზე, რომელმაც თავისი განკაცებით განახორციელა საღვთო ნებელობა და გაბნეული ადამიანები კვლავ შემოიკრიბა.
ეს ერთობა, უპირველეს ყოვლისა, არის სულიერი ერთობა, რომელიც სულიწმინდის ,,უღელქვეშ" დაიცვება. ეს არის სიყვარულის კავშირი, რომელიც იესო ქრისტეს ერთ სხეულში არსებობს. ეს ერთობა იწყება ნათლისღებაში მონაწილეობით და ხორციელდება სულიწმინდის მოქმედების ქვეშ.
სულთმოფენობიდან მოყოლებული ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე არის და იქნება ეკლესია.
ეკლესიის ერთობის გამომხატველია ევქარისტიული შეკრება. ევქარისტიული ვახშამი გახლავთ მორწმუნეთა თანხმობა, რომ გახდებიან ერთნი ქრისტესთან სისხლისმიერი ნათესაობით. ეკლესიის ერთობა არ არსებობს ევქარისტიული კავშირის გარეშე. ეკლესიის არსებობის პირველივე საუკუნიდან, ევქარისტიის მოკლება ეკლესიის სხეულიდან მოკვეთას ნიშნავდა. სწორედ ამიტომაც არის ევქარისტიის ლოცვა მრავლობით რიცხვში, რაც ნიშნავს იმას, რომ მორწმუნეთა კრებული თავისი ევქარისტიული ლოცვით ამოწმებს მონაწილეობას სიცოცხლის პურში და ახალი აღთქმის სასმისში.
მაშ ასე, ევქარისტია არის ღვთის მომავალი სასუფევლის (მეორედ მოსვლის შემდეგ რომ დადგება) წინაგემოსხილვა. საყოველთაო ეკლესიის ევქარისტიული ლოცვა სწორედ ესქატასკენ მიმართავს მორწმუნეთა გონებასა და გულს.
ეკლესია არის წმინდა, ვინაიდან მისი თავი, განკაცებული, მხოლოდშობილი ძე და სიტყვა მამისა, გახლავთ არა მარტივად წმინდა, არამედ თავადაა სიწმინდის წყარო, რომლისგანაც მიმდინარეობს ,,ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდამო" (იაკ.1.17), მისგან მომდინარეობს ყოველგვარი სიკარგე, სამართლიანობა და სიწმინდე. საღვთო თავის გარეშე სიწმინდე არის მიუღწევადი, ვინაიდან ქრისტიანული სიწმინდე არ არის ეთიკური კატეგორიის, არამედ ეგზისტენციალური კავშირი, ურთიერთობა სამება ღმერთთან.
ეკლესია არის კათოლიკე (საყოველთაო), ვინაიდან ქრისტეს მიერ განხორციელებული საქმე გამოხსნისა ეხება უკლებლივ ყველა ადამიანს. ,,რომელსა ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაი" (1.ტიმ.2.4.).
ეკლესიის ისტორიული და გეოგრაფიული გავცელება ამ საყოველთაოობის მხოლოდ ერთი, გარეგნული ნაწილია. წმ.ეგნატიოსი ამბობს: ,,სადაც არის იესო ქრისტე, იქვეა კათოლიკე ეკლესია". ეკლესიის საყოველთაოობა, უპირველესად, სულიერი გაგებისაა.
და ბოლოს, ეკლესია არის სამოციქულო, ვინაიდან ეკლესიის საქმის ფუნდამენტი გახლავთ სამოციქულო ქადაგება, რომელიც, თავის მხრივ, მოციქულებს მიეცათ ქრისტესგან. ეს ტერმინი მიუთითებს ეკლესიის ცოცხალ კავშირს მოციქულებთან.
ეკლესია იყო, არის და იქნება სამოციქულო, ვინაიდან შეუცვლელად იცავს სამოციქულო სწავლებას.
სიტყვა ,,სამოციქულო" ასევე გულისხმობს ნებისმიერ ეპოქასა და გეოგრაფიულ ადგილზე ხელდასხმას. სწორედ ამ სამოციქულო მემკვიდრეობით დაიცვება და მოწმდება ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობა.
ამდენად, ტერმინს ,,სამოციქულო" ორნაირი გაგება აქვს. ერთის მხრივ ,ის მიუთითებს ეპისკოპოსთა ხელდასხმის მეშვეობით საეკლესიო ცხოვრების განგრძობითობაზე და, მეორეს მხრივ, მიუთითებს უცვალებლობას რწმენის.
წმ. ბასილი დიდის თანახმად, ეკლესიის რწმენა არის სამოციქულო სწავლება, რომელიც ქრისტემ მისცა მოციქულებს. ეს სწავლება გადმოიცემა მემკვიდრეობითად ეკლესიის ისტორიული არსებობის მანძილზე.
ეკლესიის წევრთა პასუხისმგებლობა გახლავთ ამ სწავლების შენარჩუნება.
წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველისათვის იესო ქრისტე, როგორც თავი ეკლესიის, არის ცენტრალური ფიგურა. წმ.გრიგოლი მოიხმობს ეკლესიის პავლესეულ გაგებას და ამბობს, რომ ეკლესია არის განსაკუთრებული ერთობა, თანამუშაკობა და ჰარმონიული თანაარსებობა თავისი წევრების. ,,ეგრეთცა ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თითოეული ურთიერთას ასოებ ვართ" (რომ.12.5). ეკლესიის თითოეულ წევრს აქვს თავისი განსაკუთრებული ადგილი და კონკრეტული საქმე, როგორც სხეულის თითოეულ ნაწილს აქვს თავისი კერძო ვალდებულება.
კაბადოკიელი მამის თანახმად, ადამიანი რომ გახდეს ქრისტეს სხეულის წევრი, ამისთვის საჭიროა თავისუფალი მიმღებლობა ნათლისღების. მხოლოდ ნათლობის განმანთავისუფლებელი ძალით ხდება ეკლესიის ,,ეზოში შესვლა". წმ.გრიგოლისათვის ნათლობით იწყება ნათელღებულის ახალი, პიროვნული ისტორია, განთავისუფლება მონობისაგან (რომელშიც ცუდმა არჩევანმა შეიყვანა ის) და იწყება განახლებული ცხოვრება. ნათლისღებით ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, რომ სულიწმინდის მმართველობის ქვეშ გახდეს ქრისტეში მყოფი.
წმ.გრიგოლ ნოსელისათვის, ნათლისღება პირდაპირ კავშირშია ქრისტეს გამომსყიდველობით საქმესთან. პავლე მოციქულის თანახმად, ნათლისღება არის მიბაძვა ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის. წმ.გრიგოლ ნოსელი აცხადებს, რომ სამყაროს გამოხნა არ მომხდარა მხოლოდ ქრისტეს სწავლებით, არამედ მისი საქმით.
თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.
ნანახია: (601)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას