logo.png

ევქარისტიის შესახებ

მართლმადიდებლურ ტრადიციაში საიდუმლო არ არის ეკლესიოლოგიის განცალკევებული დარგი, არამედ ის მისი დასაწყისი და მაცოცხლებელი ძალაა…

მართლმადიდებლური გაგებით, საიდუმლო არ არის მაგიური ან ზებუნებრივი ქმედება, არამედ ეს არის სამება ღმერთის წარმოჩენა და მოქმედება ქმნილებასა და ისტორიაში...საიდუმლოა ურთიერთობა უქმნელი ღმერთის ქმნილ სამყაროსთან, ეს არის ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება ეკლესიის, როგორც ქრისტეს სხეულის, საიდუმლოს.

მე-13 საუკუნიდან სქოლასტიკური თეოლოგია ეკლესიის საიდუმლოებებს 7 დამოუკიდებელ მსახურებად განიხილავდა. ძველი ეკლესია არ იცნობს კონკრეტულ ციფრს, არასდროს საიდუმლოთა რაოდენობა კონკრეტული რაოდენობით არ განუსაზღვრავს. მე- 14 საუკუნემდე ეკლესიის საიდუმლოებები უმთავრესად არის ნათლისღება, მირონცხება და წმ. ევქარისტია , რომელსაც ერთიან ლიტურგიულ მსახურებად განიხილავდა. ცნობილია, რომ საიდუმლოთა შორის ითვლებოდა ,ასევე ,მიცვალებულთა მოხსენიება და მონაზვნად აღკვეცა (დიონისე არეოპაგელი, თეოდორე სტუდიელი). ეკლესიის სხეული არ მოიცავს მხოლოდ 7 საიდუმლოს, მრავალი მსახურება, რომელიც ეკლესიაში ხორციელდება, განმწმენდელი და მისტირიულია.

ევქარისტიის საიდუმლო არის ფუნდამენტი ეკლესიაში. დიონისე არეოპაგელი ამბობს, რომ წმინდა ევქარისტია არის ეკლესიის უმწვერვალესი საიდუმლო, რომელიც ღვთისგან განშორებულ ადამიანს კვლავ აკავშირებს მასთან. არცერთი მსახურება და არცერთი საიდუმლო არ სრულდება ევქარისტიის გარეშე.

ძველ ეკლესიაში არცერთი საიდუმლო არ სრულდებოდა ევქარისტიის მიღმა. ყველა მომდინარეობს და ჩართულია ევქარისტიაში და სწორედ ევქარისტიის მეშვეობით ასახავს ესქატას. ევქარისტიისა და ეკლესიის გაიგივება არ არის სიმბოლური, არამედ რეალურია. ეს არ ნიშნავს სხვა საიდუმლოს გაუფასურებას. ევქარისტია მოიცავს და შემოიკრებს ყველა საიდუმლოს ისევე, როგორც ზუსტად შემოიკრობება და აისახება ყოველივე ქრისტეში.

რეალურად მხოლოდ ევქარისტია შეიცავს და აჩვენებს ეკლესიოლოგიის უმთავრეს თეოლოგიურ პირობებს. საღმრთო ლიტურღია განასახიერებს ეკლესიას არა ამჟამინდელ მდგომარეობაში, არამედ ღვთის სასუფევლის ესქატოლოგიურ პერსპექტივაში.. სიკეთე,რომელსაც მოიცავს ევქარისტიის მსახურება, არის განღმრთობა, ქმნილისა და უქმნელის კავშირი, ცოდვათა მიტევება, ერთობა სულიწმინდასთან და სასუფევლის მემკვიდრეობა.

თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

ნანახია: (220)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას